სიახლეები

ქვილითაია უნგრეთიდან მოდის

გაუზიარე

გიორგი ქვილითაია უნგრული დიორის ერთ-ერთ გამორჩეულ მოთამაშედ მიიჩნეოდა, მაგრამ სამწუხაროდ, ამ კლუბს სერიოზული პრობლემები შეექმნა და ქართველი ფორვარდიც უნგრეთს ჩემპიონატის დასრულების შემდეგ დატოვებს. ყოველივეზე სასუბროდ გიორგის გუშინ დავუკავშირდით.

როგორც ცნობილია, დიორში ფინანსურად რთული სიტუაციაა. ამ მხრივ რამე ახალი ხომ არ არის?

არანაირი სიახლე. კლუბის პრეზიდენტი დააპატიმრეს, რასაც გუნდიდან მთავარი სპონსორის, „აუდის“ წასვლა მოყვა. ბუნებრივია, ასეთ დროს, ვიდრე სიტუაცია არ გაირკვევა, სასიკეთო არაფერი მოხდება, მაგრამ ამის მიუხედავად, ჩვეულებრივად ვვარჯიშობთ და ვემზადებით მომდევნო მატჩისთვის.

ფინანსური დავალიანების გამო გუნდი შეიძლება დასაჯონ...

პრაქტიკულად გადაწყვეტილია, რომ დიორი მომდევნო სეზონს რანგით დაბალ ლიგაში დაიწყებს. ამის გამო გული ყველას გვწყდება, მაგრამ ჩვენ, ფეხბურთელები, ვერაფერს შევცვლით.

ალბათ, არ გექნება სურვილი, დიორს ქვედა ლიგაში გაჰყვე...

ეს საკითხი პრაქტიკულად გარკვეულია. ჩემპიონატის დასრულების შემდეგ ყველა ფეხბურთელი დამოუკიდებელი აგენტი ვხვდებით. აქაური და საერთაშორისო კანონმდებლობით ასეა და ამას ხელს ვერავინ შეუშლის.

გაქვს რაიმე რეალური წინადადება?

საუბრების დონეზე არის რაღაც ვარიანტები, უფრო დაწვრილებით საუბარი კი სეზონის დასრულების შემდეგ შემეძლება.

თავის დროზე გერმანული, ნორვეგიული და შვეიცარიული ვარიანტები გქონდა, მაგრამ დიორი ამჯობინე. არ ნანობ?

წინასწარ ვერასდროს გათვლი ყველაფერს. თქვენს მიერ ჩამოთვლილი ვარიანტებიდან კი ზოგიერთი იმის გამო ჩაიშალა, რომ იმ პერიოდში ტრავმირებული ვიყავი. წარსულზე არასოდეს უნდა ინანო. ახლა მთავარი მომავალია. იმედია, ჯანმრთელად ვიქნება და ახალ გუნდში დამკვიდრებასაც შევძლებ.

ტრავმის გამო ძალიან ბევრი დრო გაგიცდა. ახლა როგორ გრძნობ თავს?

წელს ერთადერთი კარგი რაც მოხთა, ისაა, რომ როგორც იქნა, ტრავმა ბოლომდე მოვირჩინე და ახლა სრული დატვირთვით ვვარჯიშობ და ვთამაშობ კიდეც. ბოლო პერიოდში ძალიან ბევრჯერ დავშავდი და ამან სერიოზულად შემაფერხა. ბოლო ტრავმის გამოც დაახლოებით ორი თვე გამიცდა. რა აღარ ვცადე, მაგრამ სხვადასხვა დიაგნოზს მისვამდნენ. ჯერ მითხრეს, საზარდულის პრობლემააო, მერე კუნთი ეგონათ დაჭიმული... მოკლედ, ძალიან გავწვალდი, მაგრამ ახლა კარგად ვარ და იმედია, ტრავმასთან დაკავშირებული პრობლემები კარგა ხანს აღარ შემაწუხებს.

დიორი ვერც ფინანსურ პრობლემებამდე ყოჩაღობდა, რაზეც ისიც მიუთითებს, რომ გუნდი მხოლოდ მე-9 ადგილზეა...

მართალია, სეზონი აშკარად ჩავარდა. არადა, მეორე წრის სტარტზე ლიდერისგან ჩამორჩენა ისეთი მცირე იყო, რომ კლუბის ხელმძღვანელობა ევროპის ლიგის საგზურს ისახავდა მიზნად, მაგრამ ცხრილში წინ ვერა და ვერ წავიწიეთ, ახლა კი ეს პრობლემებიც წარმოიქმნა. რომელ ევროტურნირებზეა საუბარი...

შენი მეწყვილე გამოცდილი ფორვარდი პრიშკინია, რომლისგანაც ბევრი რამის სწავლა შეიძლება...

საკმაოდ კარგი ფორვარდია და გუნდშიც და მთლიანად უნგრეთშიც პატივს სცემენ. მასთან ერთად თამაში, რა თქმა უნდა, წამადგა და მწვრთნელი ჩვენი დუეტით კმაყოფილი იყო, მაგრამ მაშინ, როდესაც გუნდი შეიკრა და უკეთ უნდა ავთამაშებულიყავით, ეს პრობლემები წარმოიქმნა და ახლა ყველაფერი წყალში ჩაიყარა.

უნგრეთის ჩემპიონატის ზოგად დონეზე რას იტყვი?

ევროპის მოწინავე ჩემპიონატებს ნამდვილად ვერ შევადერებ, მაგრამ მეორე ეშელონის ჩემპიონატებში ნამდვილად გავრევ. აქ ყველა გუნდს მოგვარებული აქვს ინფრასტრუქტურის საკითხები და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. დიორის ბაზა კი არამარტო უნგრეთში, არამედ მთელ აღმოსავლეთ ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესოა.

აბა, რატომ ხდება, რომ უნგრეთის გუნდები ევროტურნირებზე წარმატებას ვერ აღწევენ?

ეს მართლა გასაკვირია, არადა, ისეთი დონე ნამდვილადაა, რომ თუნდაც ევროპის ლიგაში სისტემატურად ითამაშონ, მაგრამ ჩემი აზრით, სწორად ვითარდებიან და ეს შედეგს აუცილებლად მოიტანს.

პაატა ძნელაძე