სიახლეები

ცხადაძე საუკეთესო ბომბარდირია

გაუზიარე

ბაჩანა ცხადაძე ინტერის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია. აზერბაიჯანის ჩემპიონატის ბოლო ტურში ინტერმა დედაქალაქურ დერბიში ნეფთჩის 4:0 მოუგო და ქართველმა ფორვარდმა საკუთარ აქტივში ორი გოლი ჩაიწერა. ახლა ცხადაძის ანგარიშზე 114 შეხვედრაში 31 გოლია და ის მეორე ადგილზე მყოფ ვალტერ გულიემონს (28 გოლი) უკვე სამი ბურთით უსწრებს და თუ გავითვალისწინებთ, რომ გულიემონი უკვე კარგა ხანია, აღარ თამაშობს ინტერში, ცხადაძე საკმაო ხნის განმავლობაში დარჩება კლუბის ყველა დროის საუკეთესო მეგოლედ.

ინტერი კი, რომლის ღირსებას ბაჩანა ცხადაძის გარდა კიდევ სამი ქართველი - გიორგი ლომაია, ალეკო ამისულაშვილი და ლაშა სალუქვაძე - იცავს, გამალებით იბრძვის ჩემპიონობისთვის. მართალია, კახა ცხადაძეს გუნდი ლიდერ ყარაბაღს ამ ეტაპისთვის 6 ქულით ჩამორჩება, მაგრამ კონკურენტზე ერთი თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული, თანაც, 22 მაისს, ბოლოსწინა ტურში ინტერი სწორედ ხსენებულ ყარაბაღს მასპინძლობს.

პაატა ძნელაძე