სიახლეები

გოროზიას სტაბეკი ლიდერია

გაუზიარე

მშვენივრად ასპარეზობენ ნორვეგიული სტაბეკი და მისი ქართველი ლეგიონერი გიორგი გოროზია. ბოლო ტურში სტაბეკმა მორიგი შთამბეჭდავი გამარჯვება მოიპოვა - სანდეფიორდი 4:0 გაანადგურა. მატჩის გმირად სტაბეკის ფორვარდი ადამ დიომენდე იქცა, რომელმაც მეტოქის კარი სამჯერ აიღო. გოროზიამ კი, ამჯერადაც სრულად ჩაატარა შეხვედრა და მოედანზე ერთ-ერთი გამორჩეული იყო, მეოთხე საგოლე კომბინაცია კი სწორედ ქართველმა ნახევარმცველმა წამოიწყო.

8 ტურის შემდეგ სტაბეკის აქტივში 19 ქულაა, გუნდი პირველ-მეორე ადგილებს ინაწილებს რუსენბორგთან. თუ გავითვალისწინებთ, რომ სტაბეკი იმეტესად ახალგაზრდა ფებურთელებითაა დაკომპლექტებული და ძირითადი ბირთვი კლუბში ახალი მისულია, მაიკ ბრედლის გუნდის ასეთი წარმატებული ასპარეზობა ცოტა მოულოდნელიცაა. მომდევნო შეხვედრას სტაბეკი ხვალ, 16 მაისს, მიოლდესთან სტუმრად გამართავს, სტაბეკის კონკურენტი რუსენბორგი კი სანდეფიორდს დაუხვდება.

პაატა ძნელაძე