სიახლეები

დილა ჩემპიონია! პატარა გორი დიდია! [ვიდეო მიმოხილვა]

გაუზიარე

13მაისი. სამტრედია. „ეროსი მანჯგალაძე“.  800 მაყურებელი

სამტრედია - დილა  0:1

0:1 კვახაძე(44)

სამტრედია: თევდორაძე, ხიზანიშვილი (გორგიაშვილი,66), კაკუბავა, კვირკველია (კ), თევდორე გრიგალაშვილი, თორნიკე გრიგალაშვილი, შარიქაძე, დათუნაიშვილი, დოლიძე, გეწაძე (გურული,79) გაბედავა (კაპანაძე,55)

სათადარიგოები: მუჯრიშვილი, შალიკაშვილი, ბეჭვაია, ი.კერძევაძე

მწვრთნელი: ზაზა ზამთარაძე

„დილა“: მიგინეიშვილი, ბაგაევი, კვახაძე, ხურცილავა, ჯაფარიძე, რაზმაძე, ფალავანდიშვილი, წიქარიძე (გვალია,72), კვეკვესკირი (თექთურმანიძე,77), ერისთავი, მოდებაძე (სეთურიძე,50)

სათადარიგოები:  სომხიშვილი, ქარქუზაშვილი, ძარია, გორელიშვილი

მწვრთნელი: უჩა სოსიაშვილი

მსაჯები: ლ.სილაგავა, ზ.მენთეშაშვილი, დ.გაბისონია, ი.კვირიკაშვილი

გაფრთხილება: გაბედავა (27), დათუნაიშვილი (43), თორნიკე გრიგალაშვილი (76)

საქართველოს თასის ფინალისტი სამტრედია, ცოტა ხნის წინ ჩემპიონატში თავის გამოჩენის შანსსაც ინარჩუნებდა, მაგრამ ბოლო სამ ტურში 2 ქულასღა დაჯერდა და პრაქტიკულად გამოეთიშა მედლებისათვის ბრძოლას. მეტიც, გუნდმა დიდი ეჭვის ქვეშ დააყენა მე-4 ადგილზე გასვლის ვარიანტიც, რომელიც  გარანტირებულად გაიყვანდა მას ევროპის ლიგაზე. ჰოდა, ეს ვარიანტიც ბოლომდე რომ არ გაქარწყლებულიყო, სამტრედიას ჩემპიონატის ერთპიროვნული ლიდერის - „დილას“ დამარცხება მართებდა, მეტოქისა, რომელსაც ერთი სული ჰქონდა, როდის იზეიმებდა ეროვნულების ისტორიაში მისთვის აქამდე მიუწვდომელ მწვერვალზე ასვლას.

მართლია, ახალგაზრდა მწვრთნელის უა სოსიაშვილის ( გეხსომებათ,  წინა სეზონის პირველ წრეში მაშინ ჯერ კიდევ პირველლიგელ სამტრედიას თავკაცობდა),  მიერ დამოძღვრილ გორელებს ამ ტურამდე სანუკვარი მიზნისგან   თეორიულად  5 ქულა აშორებდათ, მაგრამ მათ  ამავე ტურშიც, იმერეთში შეეძლოთ ეზეიმათ ნანატრი ტიტულის მოპოვება. ეს იმ შემთხვევაში მოხდებოდა, თუკი გორელები მასპინძლებს დაამარცხებდნენ და  ამავდროულად  მათი  უახლოესი კონკურენტი ბათუმის დინამო სიონთან  წაიფორხილებდა. დილას გაჩემპიონებას  ამ შემთხვევაში ვეღარც თბილისური  დინამო უშლიდა ხელს, ვინაიდან  მასთან თანაბარი ქულების დაგროვებისას ძალაში შედიოდა ჩემპიონატის  დებულების პუნქტი, რომელიც ქართლელებს ურთიეთშეხვედრებში (0:0 გორში და 2:2 თბილისში) სტუმრად გატანილი მეტი გოლით ანიჭებდა უპირატესობას.

აქ ბევრს აღარ გავაგრძელებთ და ვიტყვით, ტურში მოვლენები ისე განვითარდა, როგორც ეს დილას აწყობდა. გორელებმა მძიმე ბრძოლაში შეძლეს სამტრედიას დამარცხება და მშობლიური ქალაქიდანაც მათთვის მეტად სასიხარულო, ბათუმელთა მარცხის  ამბავი შეიტყვეს. ეს კი იმის მაუწყებელი იყო, რომ გორის დილამ ვადამდე, ჩემპიონატის დასრულებამდე ორი ტურით ადრე, თავის ისტორიაში პირველად მოიპოვა ქვეყნის უძლიერესი გუნდის ტიტული და ამ წარმატებას ახალგაზრდა, 26 წლის მწვრთნელის ხელში მიაღწია.  

დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ გორელებს სამტრედიაში რომც ვერ მოეგოთ, გაჩემპიონების შანსს ხელიდან მაინც არაფრით გაუშვებდნენ, მაგრამ  სტუმრებმა ყველა ღონე იხმარეს მეტოქის დასამარცხებლად და 3 ქულა ალალად შეირგეს. პირველ ტაიმში დილა საგრძნობ უპირატესობას ფლობდა და ხშირად უტევდა. მე-12 წუთზე სწრაფად გათამაშებული კომბინაციის შედეგად ბურთი  მასპინძელთა კარის ბადეში აღმოჩნდა, თუმცა ლაინსმენმა კართან ახლოს მყოფ ერთ-ერთ გორელს ოფსაიდი დაუფიქსირა და გოლი არ ჩაითვალა. ამ ეპიზოდიდან ორ წუთში ლუკა რაზმაძეს შეეძლო თავისი გუნდის დაწინაურება, მაგრამ მისი ახლოდან სახიფათოდ დარტყმული რევაზ თევდორაძემ კუთხურზე გადააგდო. მე-20 წუთზე ანალოგიური ეპიზოდი შეიქმნა ომარ მიგინეიშვილის კართანაც, ამ თამაშში საყრდენად გამწესებული ზურაბ ხიზანიშვილის გადაცემის შემდეგ გრიგოლ დოლიძე დაემუქრა კარს, თუმცა მასპინძლებიც კუთხურსღა გამორჩნენ.

როგორც ვთქვით, სტუმრები აქტიურობდნენ და მორიგი ორი საგოლე მომენტიც მათ შექმნეს. მარცხენა ფლანგზე კარგად გაისარჯა ნიკა კვეკვესკირი და ძალზე სახიფათოდ გაგზავნა მასპინძელთა კარის გასწვრივ, თუმცა, პარტნიორებს ბურთზე დააგვიანდათ. მალევე თენგიზ წიქარიძემ საჯარიმოს გარედან დაბალ კუთხეში დაურტყა თევდორაძეს, ოღონდ ძელს მცირედით ააცილა. მერე სამტრედიელები  გადავიდნენ იერიშზე და კინაღამ დაწინაურდნენ. რევაზ გეწაძის მიერ მარჯვენა ფრთიდან შესრულებული საჯარიმოს შემდეგ გიორგი გაბედავამ თავით შეუცვალა მიმართულება ბურთს, რომელის ძელს მოხვდა. 37-ე წუთზე ალან ბაგაევის დარტყმისგან მასპინძლები მეკარემ იხსნა. და მაინც, გორელებმა მიაღწიეს თავისას. შესვენებამდე ერთი წუთით ადრე კვეკვესკირმა მარჯვნიდან ჩაჰკიდა სამტრედიელთა საჯარიმოში, ლექსო კვახაძემ თავით დაჰკრა კარისკენ, ბურთი ხარიხას შიგნიდან მოხვდა და ძირს საგოლედ დავარდა.

მეორე ტაიმი პირველისგან განსხვავებული სცენარით წარიმართა. მასპინძლებმა გასათანაბრებლად გაიწიეს. თამაშმა თითქმის მთლიანად დილას ნახევარზე გადაინაცვლა, თუმცა გორელთა დაცვის დაძლევა არცთუ იოლი იყო და სამტრედიელთა შეტევები, როგორც წესი, საჯარიმოს მისადგომებთან მთავრდებოდა, სტუმრები მეტოქეს კარში დარტყმის საშუალებას არ აძლევდნენ. გაგიკვირდებათ და ორი საგოლე მომენტი მხოლოდ არბიტრის მიერ დამატებულ დროში შეიქმნა, თანაც პირველი - თევდორაძის კართან. რაზმაძის გადაცემით ლაშა გვალია გავიდა ხელსაყრელ პოზიციაზე და ზუსტადაც დაარტყა კარში, მაგრამ მეკარემ იყოჩაღა. მერე კი  დილა აღმოჩნდა საფრთხის წინაშე, დავით კვირკველიამ საჯარიმოს წინა ხაზიდან უძლიერესად გაისროლა გორელთა კარისკენ და მიგინეიშვილის თავგანწირული ნახტომი რომ არა, გორელები სამტრედიაში ჩემპიონობას ნამდვილად  ვერ იზეიმებდნენ.

უჩა სოსიაშვილი: ძალიან გახარებულები ვართ, „დილამ“ პირველად მოიპოვა ქვეყნის ჩემპიონობა. მადლობას ვუხდი ჩვენ ხელმძღვანელობას, ყველა ფეხბურთელს, ჩვენ გულშემატკივრებს. ეს ტიტული დიდ პასუხისმგებლობას გვაკისრებს. ჩვენი გუნდი მომავალშიც მაღალი მიზნებისთვის იბრძოლებს.        

იუზა კაციტაძე სამტრედიიდან

ავტორის ფოტო