სიახლეები

თამაში მშვიდი, გოლი შვიდი [ვიდეო მიმოხილვა]

გაუზიარე

თბილისის დინამომ თასების თასის მოპოვების 34 წლისთავზე ზუგდიდს უმასპინძლა და ეს დღე მეტოქის კარში შვიდი უპასუხო ბურთის გატანით აღნიშნა. მართალია დინამოელებმა გუშინ სეზონის ერთერთი საუკეთესო (თუ საუკეთესო არა) შეხვედრა ჩაატარეს, მაგრამ სიხარულის მიზეზი მაინც არ ჰქონდათ, რადგან მოიგო გორის დილამაც და ნათელი გახდა, რომ დინამო წელს ჩემპიონი ვერ გახდებოდა.

ზუგდიდელებისთვის პირველი ცუდი ამბავი თამაშის დაწყებამდე მოხდა: მატჩისწინა ვარჯიშზე ტრავმა მიიღო ძირითადმა მეკარე მინდია ბობღიაშვილმა და კარში ჩადგომა მანუჩარ ივარდავას მოუწია, მაგრამ არა გვგონია, ეს ცვლილება რაიმენაირად ასახულიყო თამაშის მიმდინარეობაზე.

დინამო თავიდანვე დაეუფლა სრულ უპირატესობას და ნათელი გახდა, რომ მასპინძლები მორიგ სამ ქულას მოიპოვებდნენ. ანგარიში ვახტანგ ჭანტურიშვილმა გახსნა, რომელმაც საჯარიმოს მისადგომებიდან ერთი შეხებით გადაგზავნა ბურთი და 1:0. ორიოდე წუთში კი ლობჟანიძეს ახლოდან დარტყმული ივარდავამ მოიგერია, მაგრამ დამატებაზე ყველას პაპუნაშვილმა დაასწრო და სეზონში მე-12 გოლი გაიტანა. ტაიმის ბოლოს კი ხანგრძლივი შესვენების შემდეგ ძირითადში დაბრუნებულმა გიორგი ჯანელიძემ იდეალური გადაცემით ხელსაყრელ პოზიციაზე გაიყვანა სეხნია ჩირგაძე და 3:0.

მეორე ტაიმში კი დინამოს ყველა მომენტი რომ გამოეყენებინა, ანგარიში ორნიშნა იქნებოდა, მაგრამ არ გვგონია ამ შედეგითაც უკმაყოფილონი დარჩენილიყვნენ. ზუგდიდის თამაში კი კუკავას გამოჩენამ გამოაცოცხლა. ჯერ იყო და მისი თავურის შემდეგ მასპინძლები ძელმა იხსნა, შემდეგ კი შერგელაშვილმა წესების დარღვევით შეაჩერა და ზუგდიდმაც პენალტის დარტყმის უფლება მოიპოვა. გუნდის კაპიტანმა და საუკეთესო ბომბარდირმა შოთა ლომიამ ხარიხას გაარტყა...

შემდეგ კვლავ ჩირგაძემ იხეირა: დინამოელთა ფორვარდმა მეტოქის საჯარიმოში შექმნილი არეულობით ისარგებლა და ანგარიში კიდევ უფრო შთამბეჭდავი გახადა – 4:0. მეხუთე გოლი ჯიღაურის ანგარიშზეა, კერძოდ, კიტეიშვილის ძლიერი დარტყმული ძელს მოხვდა, დამატებაზე კი ჯიღაურმა ივარგა და სტუმართა განადგურება გააგრძელა – 5:0. ცოტა ხანში დინამოელთა მრავალსვლიანი კომბინაცია ჭანტურიშვილის გოლით დასრულდა, რომელმაც მეკარეც მოატყუა და ცარიელ კარში გაიტანა – ესეც ექვსი. 

მატჩის საბოლოო ანგარიში კი ჩირგაძემ დააფიქსირა, რომელმაც ჭანტურიშვილის ბრწყინვალე რეიდის და გადაცემის შემდეგ,Hმესამედ აიღო ზუგდიდელთა კარი.

ამ მოგების შემდეგ, დინამოს აქტივში 54 ქულაა და საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი გუნდი ახლა მეორე ადგილზეა. ყველაზე კარგ შემთხვევაში, დინამო ჩემპიონატს ამ პოზიციაზე დაასრულებს. სეზონის მთავარი შეხვედრა კი 26 მაისს ელით: საქართველოს თასის ფინალი, რომელშიც სამტრედიას დაუპირისპირდებიან. ზუგდიდი კი 30 ქულით მეთორმეტე პოზიციაზეა და დარწმუნებით შეიძლება იმის თქმა,  რომ ბესიკ შეროზიას გუნდი უმაღლეს ლიგაში ადგილს შეინარჩუნებს.

13 მაისი. თბილისი. "დინამო არენა". 1000 მაყურებელი.

დინამო თბილისი - ზუგდიდი 7:0

1:0 ჭანტურიშვილი (15), 2:0 პაპუნაშვილი (17), 3:0, 4:0 ჩირგაძე (40, 66), 5:0 ჯიღაური (77), 6:0 ჭანტურიშვილი (80), 7:0 ჩირგაძე (90)

63-ე წუთზე შოთა ლომიამ (ზუგდიდი) ვერ გაიტანა პენალტი (ხარიხა) 

დინამო: დაუშვილი, კაკაბაძე, გველესიანი, რენე (ბუკორაცი 38), შერგელაშვილი, ცინცაძე (კიტეიშვილი 70), ს. ლობჟანიძე (ჯიღაური 58), ჭანტურიშვილი, პაპუნაშვილი, ჯანელიძე, ჩირგაძე 

სათადარიგოები: ჰრდლიჩკა, ჯაფიაშვილი, მანუელი, ვოლკოვი

მწვრთნელი: კახა გოგიჩაიშვილი

ზუგდიდი: ივარდავა, რიგვავა (კუკავა 46), აკობია, კობერიძე (ქირია 46), მეგრელიშვილი, მაჩაიძე, პაჭკორია, კუტალია (ეხვაია 73), გუგუჩია, ენდელაძე, შ. Lომია

სათადარიგოები: ბობღიაშვილი, ფარჯიკია, ღონღაძე, სამუშია

მწვრთნელი: ბესიკ შეროზია

გაფრთხილება: კობერიძე (40), ბუკორაცი (49), შერგელაშვილი (66), მეგრელიშვილი (83), ეხვაია (85), გველესიანი (90)

მსაჯი: აბდულა ბასლეჰლო

პაატა ძნელაძე