სიახლეები

ანგარიში ნუ მოგვატყუებს: ჩიხურამ ბევრი შექმნა, ორი გაიტანა

გაუზიარე

13 მაისი. ივანწმინდა. 100 მაყურებელი 

ჩიხურა-გურია 2:1

1:0 კუჭუხიძე (33), 2:0 ოდიკაძე (36 პენ), 2:1 ზოზულია (90) 

67-ე წუთზე ოდიკაძემ (ჩიხურა) ვერ გაიტანა პენალტი (ააცილა)

ჩიხურა: ქვილითაია, თ. ღონღაძე, ბაჯელიძე, ლუბჩაკი, კაშია (ოდიკაძე 26), ჩიკვაიძე, კორიფაძე, დობროვოლსკი, სარდალიშვილი (მუმლაძე 66), დეკანოიძე (ტროიანოვსკი 83), კუჭუხიძე 

სათადარიგოები: ზარქუა, ლ. ჭელიძე, განუგრავა, კაკაშვილი

მწვრთნელი: სოსო ფრუიძე

გურია: თებიძე, ჭეიშვილი, გოგიაშვილი, კილაძე, ბენაშვილი, ზოზულია, კოშკაძე, ინგოროყვა (ღაღანიძე 46), შალამბერიძე, მოსიაშვილი (შეველი 55), ისიანი (მათიაშვილი 90) 

სათადარიგოები: გოგუაძე, წილოსანი, კონოვალოვი, ა. რეხვიაშვილი.

მწვრთნელი: გიგლა იმნაძე 

გაფრთხილება: კილაძე (16), გოგიაშვილი (67), მუმლაძე (85) 

მსაჯი: ბაკურ ნინუა

როგორც თავად ლანჩხუთელები ნამატჩევს ამბობდნენ, ასეთი უსახური თამაში გურიას ამ სეზონში არ უთამაშია. ანგარიშმა არ მოგატყუოთ: საჩხერელებმა მეტოქის კართან უამრავი საგოლე მომენტი შექმნეს, თუმცა მხოლოდ ორი გოლის გატანა მოახერხეს.  საწყის ხუთ წუთში მანსპინძლებს ანგარიშის გახსნის ორი რეალური შანსი ჰქონდათ. დობროვოლსკის საჯარიმოს გარედან დარტყმული ბურთი მცველს შეეხო და ლანჩხუთელები ხარიხამ იხსნა. მერე იმავ დობროვოლსკიმ კარგი გადაცემა გაუკეთა კორიფაძეს, რომელმაც მეკარის მოტყუება სცადა, მაგრამ თებიძემ ხელი შეუშალა. მომენტი გაგრძელდა და დეკანოიძემ კარში დაარტყა, მაგრამ მას მცველები გადაეღობნენ. მე-20-ე წუთზე ღონღაძემ კორიფაძე მოძებნა მარჯვენა ფრთაზე, რომელმაც საჯარიმოში სარდალიშვილის მისამართით გააკეთა გადაცემა, მაგრამ მან ბურთს ფეხი ააცილა და რეალური საგოლე შანსი გაანიავა.

26-ე წუთზე ახლახან ტრავმამოშუშებულმა შოთა კაშიამ კვლავ ტრავმა მიიღო და შესაცვლელი გახდა. 29-ე წუთზე ჭეიშვილი უხეშად შეცდა  და სარდალიშვილი ხელსაყრელ პოზიციაზე აღმოჩნდა, თუმცა მეკარესთან პირისპირ გასულმა ძალზედ უხეიროდ დაარტყა და ბურთი კარს ააცილა. 

სტუმრები მოედანზე თითქოს დასეირნობდნენ და ცხადია, სახეიროსაც ვერაფერს ხდიდნენ. 33-ე წუთზე ლაშა კუჭუხიძემ საჯარიმოს გარედან დაარტყა, ბურთი სველ მოედანზე გასრიალდა და თებიძემ ვეღარაფერი მოახერხა - 1:0. სამ წუთში ჭეიშვილმა ღონღაძე შეაჩერა საჯარიმოში აკრძალული ილეთით და ჩიხურას კაპიტანმა დავით ოდიკაძემ პენალტი უნაკლოდ დაარტყა 2:0.   

41-ე წუთზე ჩიკვაიძემ მარცხენა ფრთიდან საჯარიმოში უმეთვალყურეოდ დარჩენილი ოდიკაძე მოძებნა, რომლის დარტყმულ ბურთს მცველი გადაეღობა. კუჭუხიძე ამატებდა, მაგრამ გატანა ვერც მან შეძლო. 

საჩხერლები მეორე ნახევარშიც დიდ სათამაშო უპირატესობას ფლობდნენ და მომენტს მომენტზე ქმნიდნენ. 52-ე წუთზე ოდიკაძემ დეკანოიძე მოძებნა, რომელმაც გოგიაშვილი ჩამოიცილა და საპენალტე ნიშნულთან დობროვოლსკის გადააწოდა, თუმცა დობროვოლსკიმ ხეირიანად დარტყმა ვერ შესძლო. კორიფაძის კარგი გადაცემის შემდეგ დეკანოიძე ურტყამდა ლანჩხუთელთა კარში, მაგრამ თებიძემ არ გაატანინა. მალევე სარდალიშვილმა გრძელი გადაცემა გააკეთა დეკანოიძის მისამართით, რომელმაც ღაღანიძე ჩამოიცილა, თუმცა კარს ააცილა.

65-ე წუთზე კი კოშკაძემ დობროვოლსკის მოჰპარა ბურთი და მეკარესთან პირისპირ გავიდა, გამოცდილმა კოშკაძემ რატომღაც კარში არ დაარტყა და ქვილითაიას მოტყუება მოინდომა, თუმცა საჩხერელთა მეკარემ ეს დუელი მოიგო და ბურთი კუთხურზე მოიგერია. ორ წუთში კი ჩიხურამ მეორე პენალტის დარტყმის უფლება მოიპოვა და აი, როგორ: ოდიკაძემ მოჭრილი გადაცემა გააკეთა მუმლაძის მისამართით, რომელიც თამაშში წუთის წინ ჩაერთო. ლანჩხუთელ გოგიაშვილს თითქოს წესი არ დაუღვევია, თუმცა ნინუამ პენალტის ნიშნულისკენ მიუთითა. ოდიკაძემ ამჯერად არაზუსტად დაარტყა...

71-ე წუთზე კორიფაძემ ოდიკაძეს გადააწოდა ხელსაყრელ პოზიციაში, მისი დარტყმული თებიძემ მოიგერია, მუმლაძის დამატებული კი კარს ასცდა. 75-ე წუთზე ბაჯელიძის შეცდომის შემდეგ ვილი ისიანი ურტყამდა ჩიხურას კარში და ქვილითაიამ საკმაოდ რთული ბურთი მოიგერია. 

მსაჯის მიერ დამატებულ პირველ წუთზე გურიამ ერთი ბურთის გაქვითვა მოახერხა: კოშკაძის ჩაწოდებულ ბურთს უკრაინელმა ზოზულიამ თავი შეაგება და 2:1. 

ცნობისათვის, მთელი შეხვედრის განმავლობაში გურიას ფეხბურთელებს მითითებებს გია ჩხაიძე აძლევდა და როგორც შევიტყვეთ, დიდი შანსია, ახალ სეზონში სწორედ ჩხაიძემ უთავკაცოს გურულებს.    

მატჩის შემდეგ

სოსო ფრუიძე: მთელი სეზონია, შექმნილი მომენტების რეალიზებას ვერ ვახერხებთ. როგორც იტყვიან, ეს არის ჩვენი გუნდის აქილევსის ქუსლი. გურიას თავის საქმე შესრულებული ჰქონდა და ნაკლებად მოტივირებულები ჩანდნენ.  

გია ჩხაიძე: ყოველ ოთხ დღეშია თამაშები და ეტყობა, ძალები არ გვეყო. სამტრედიასთან მძიმე ბრძოლა გადავიტანეთ. საჩხერეში თამაშის დღეს ჩამოვედით და ალბათ, ამანაც იქონია გავლენა ჩვენი თამაშის ხარისხზე.

ნუკრი ლოლაძე ივანწმინდიდან