სიახლეები

მეზობელო კარისაო: ქობულეთელებმა ბათუმელები ახეირეს

გაუზიარე
13 მაისი, ქობულეთი, ჩელე არენა, 300 მაყურებელი

შუქურა (ქობულეთი) - ცხინვალი 0:0

შუქურა: კაკალაძე, ჩალაძე, გ.გურული, ხოჭოლავა, მალანია, ტვილდიანი, თუხარელი, კუხიანიძე, პუკანიჩი, ჩელებაძე,  მეტრეველი (კოპალიანი 78)

სათადარიგო: სტურუა, ტაკიძე, ტუღუში, როდრიგესი, ჩაფიძე

მწვრთნელი: გელა სანაია

ცხინვალი: ნადირაძე, ცაცკრიალაშვილი (შინდაგორიძე 45), მახარობლიძე, იმედაშვილი, კაჭკაჭიშვილი, ბაჩიაშვილი, ივანიშვილი (არაბული 78), ცერცვაძე, თარხნიშვილი, ლექვთაძე (ბერძენაძე 67), კაჭარავა

სათადარიგო: ნანიევი, ჯიშკარიანი, ქოჩლაძე, მარკოზაშვილი. 

მწვრთნელი: კახა კაჭარავა

გაფრთხილება: ლექვთაძე (37) მახარობლიძე (61) კაჭარავა (76)

მსაჯი: არსენ ნონიკაშვილი

მატჩი ჩელე არენაზე წუთიერი დუმილით დაიწყო. ფეხბურთელებმა და მცირერიცხოვანმა გულშემატკივარმა რამდენიმე დღის წინ, ქობულეთში მომხდარი საზარელი ტრაგედიის დროს დაღუპულ ბავშვებს მიაგეს პატივი. 

შეხვედრას სტუმრებისთვის უფრო დიდი დატვირთვა ჰქონდა: კახა კაჭარავას გუნდი ევროთასების საგზურისთვის იბრძვის. მიუხედავად ამისა, უფრო აქტიურად  მასპინძლებმა დაიწყეს, პირველივე წუთზე თორნიკე თუხარელი ორჯერ შეძვრა მეტოქის საჯარიმოში, მაგრამ კარში დარტყმამდე საქმე არ მისულა. ცხინვალის საპასუხო იერიშის დროს ბაჩიაშვილმა მარცხენა ფლანგიდან ჩააწოდა, ივანიშვილის თავური კაკალაძეს პირდაპირ ხელებში მიუვიდა. იგივე ბედი ეწია რამდენიმე წუთში კაჭკაჭიშვილის თავურსაც, როცა სტუმართა ცენტრალური მცველი ივანიშვილის კუთხურიდან ჩამოწოდებულს აგვირგვინებდა. მე-11 წუთზე კუხიანიძემ გაისროლა შორიდან, ბურთს ნადირაძე უპრებლემოდ დაეუფლა. 

პირველი ტაიმის შუაწელში მოედანზე გელა სანაიას შეგირდები დომინირებდნენ,  მათი შეტევები ძირითადად მარჯვენა ფლანგიდან ვითარდებოდა, გამორჩეულად აქტიური იყო შუქურას შვიდი ნომერი თუხარელი, რომელიც სწორედ მარჯვენა ფლანგზე ირჯებოდა. მე -20 წუთზე ჩელებაძე შეიჭრა მეტოქის საჯარიმოში და ორი მცველის მოტყუება განიზრახა, კაჭკაჭიშვილი ჩანაფიქრს მიუხვდა და ხიფათი განმუხტა. რამდენიმე წუთში იმავე ჩელებაძის
სტანდარტული თითქოს გურულს გოლად უნდა ექცია, მაგრამ მისი დარტყმა სუსტი აღმოჩნდა. 25 -ე წუთზე ქობულეთელთა კაპიტანმა დაახლოებით 30 მეტრიდან მოსინჯა ბედი, ცხინვალელთა კარის დარაჯი ნადირაძე მოწოდების სიმაღლეზე აღმოჩნდა და ბურთს ნახტომში დაეუფლა. 

 სტუმართა გოლკიპერმა 36 -ე წუთზე არც თუხარელს გაატანინა. ტაიმის ბოლოს ქობულეთელთა უპირატესობა კიდევ უფრო გამოიკვეთა, იმავე თუხარელის მახვილი კუთხიდან დარტყმული მიზანს ასცდა. მალევე საპირისპირო ფლანგიდან  ლაშა ჩალაძემ გაისროლა და მცირე მანძილით ააცილა. ანგარიშის გახსნის ყველაზე რეალური შანსი ტაიმის ბოლოს შუქურას ერთადერთ ფორვარდ მეტრეველს ჰქონდა, მას ასისტენტობას ჩელებაძე უწევდა, მაგრამ მასპინძელთა 11 ნომრის თავური ნადირაძის კარს ზემოდან გადასცდა. 45 -ე წუთზე თორნიკე თუხარელმა მეტოქის საჯარიმოსთან ახლოს დანიშნული სტანდარტული ცოცხალ კედელში მდგომ ფეხბურთელებს მოარტყა, ბურთი კუთხურზე გადავიდა, კუთურიდან ჩამოწოდების შემდეგ კი ისევ თუხარელი აღმოჩნდა დამაგვირგვინებელ ფაზაში, თორნიკემ მეკარეს დაასწრო და მახვილი კუთხიდან დარტყმაც გაახერხა. ბურთი ცხინვალელთა კარის ბადეს გარედან მოხვდა. 

მატჩის მეორე ტაიმიც ანალოგიური სცენარით წარიმართა, მატჩის განახლებისთანავე კახა კაჭარავამ მოედანზე ლაშა შინდაგორიძე შემოიყვანა, მან ცხინვალელთა შეტევებს მეტი სიმწვავე შესძინა. ამ შეცვლამ თითქოს სტუმართა მეორე შემტევი ნიკა კაჭარავაც გამოაცოცხლა, რომელიც პირველ ტაიმში აშკარად ჩრდილში იყო. შუქურას მცველების სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მიუხედავად ბევრი მცდელობისა, სტუმრებს რეალური საგოლე მომენტი არ შეუქმნიათ. 57-ე წუთზე მეორე სართულზე ორთაბრძოლა მოიგო ზვიად მეტრეველმა, ამ ეპიზოდში ის თუხარელის გადაცემას უცვლიდა მიმართულებას, მაგრამ მიზანს ისევ ააცილა. სამიოდე წუთში გურული-თუხარელის ტანდემმა მარჯვენა ფლანგზე ისევ გაილაღა, ამ უკანსკნელის გასროლას ნადირაძე აუღელვებლად დაეუფლა. 65- ე წუთზე ჩალაძის ფლანგური გადაცემის შემდეგ  ისევ მეტრეველმა გაანიავა საგოლე მომენტი, ის ბურთს კარში თავით გზავნიდა, მაგრამ იღბალმა და სიზუსტემ ერთბაშად უმტყუნეს. 

10 წუთში უკვე იმედაშვილმა გაავარჯიშა კაკალაძე, როცა მორიგ კუთხურს გამოეხმაურა და თავით ცდილობდა გოლის გატანას. მეორე ტაიმის ბოლო 15 წუთი ორმხრივი შეტევებით წარიმართა, გამარჯვებასთან უფრო ახლოს გელა სანაიას გუნდი იყო: მასპინძელთა რიგებში შეცვლაზე შემოსულ კოპალიანს  90 -ე წუთზე შეეძლო მატჩის ბედის გადაწყვეტა, იმავე თუხარელის გარღვევის შემდეგ, კოპალიანი დასარტყამ პოზიციაზე აღმოჩნდა. მანაც არ დაახანა და ნადირაძეს აუღებელი დაურტყა, მაგრამ ცხინვალი მარცხისგან ხარიხამ იხსნა. მალევე  არსენ ნონიკაშვილის საფინალო სასტვენი გაისმა, რამაც ჩელე არენაზე ნულოვანი ფრე დააფიქსირა. მსაჯის მიმართ პრეტენზიები არ „დაიშურა“ ცხინვალელთა მწვრთნელმა კაჭარავამ, რომელიც  უკმაყოფილო დარჩა და მიზეზები ნონიკაშვილს მოედანზევე მოახსენა. 

საბოლოო ჯამში ქობულეთში მეგობრობამ გაიმარჯვა, რამაც ყველაზე მეტად ბოლნისში დამარცხებული ბათუმის დინამო ახეირა.