სიახლეები

ლუის ალბერტოს გოლმა ორი გუნდი გაახარა

გაუზიარე

გორში ბოლნისის სიონსა და ბათუმის დინამოს შორის გამართულ თამაშს  ინტერესი არ აკლდა. გამარჯვება სჭირდებოდა ორივე გუნდს და ამასთან,  ბათუმელების ქულების დაკარგვას ქომაგობდა გორის სტადიონზე შეკრებული მრავალრიცხოვანი მაყურებელი. ისინი სიონისადმი თავისი მხარადაჭერით ფაქტობრივად მშობლიურ კლუბს უჭერდნენ მხარს, რადგან პარალელურ შეხვედრაში დილა უგებდა სამტრედიას და ბათუმის მარცხი (ან ფრე) უჩა სოსიაშვილის შეგირდებს ჩემპიონობას მოუტანდა. 
პირველმა ტაიმმა, უფრო კი საწყისმა ოცმა წუთმა ბოლნისელების მნიშვნელოვანი უპირატესობით ჩაიარა. სიონი აკონტროლებდა ბურთს, მეტ დროს ატარებდა მეტოქის ნახევარზე და ქმნიდა სახიფათო მომენტებსაც. სიონს სწრაფი გოლის გატანა შეეძლო, მე-9 წუთზე ბოლნისელი გიორგი ჭანკოტაძე დაუსხლტა მცველებს, გავიდა მეკარესთან პირისპირ და ურიგოდაც არ დაურტყია, მაგრამ შოთა მამინაშვილმა სასწაულად იხსნა თავისი გუნდი. 
აქვე დავამატებთ, რომ ბათუმელების გოლკიპერმა კიდევ რამდენჯერმე გადაარჩინა თავისიანები. ხუთ წუთში ბოლნისელთაგან უკვე ზვიად ლობჯანიძეს შეეძლო ეხეირა, მალევე დათა სიჭინავას შორეულ დარტყმულს გადაურჩა დინამო. სიჭინავა ერთ-ერთი გამორჩეული იყო სიონის რიგებში, მატჩის ბოლომდე იგი კიდევ არაერთხელ დაემუქრა მამინაშვილის კარს, თუმცა ხან მეკარემ არ მისცა გატანის საშუალება და ხანაც მას მცირედით უმტყუნა მიზანმა. მამინაშვილი ერთხელ ბოლნისელთა კუთხურისას შეცდა, მაგრამ ამით იქვე მყოფმა დავით სვანიძემ ვერ ისარგებლა. 
მეორე ტაიმი პირველთან შედარებით ნაკლებად სანახაობრივი გამოდგა. ტემპი ორივე გუნდმა დააგდო და იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ სიონი და დინამო შეგუებული იყვნენ ფრეს. ცალკეულ ეპიზოდებში მწვავე მომენტები კი იქმნებოდა როგორც მამინაშვილის, ისე მერლანის კართან, მაგრამ ეს საერთო სურათს ნაკლებად ცვლიდა. პორტუგალიელი ლუის ალბერტო შესვენებამდე თითქმის არ ჩანდა მოედნაზე, თუმცა შესვენების შემდეგ გააქტიურდა და ერთხელ ფლანგური თავურისას მცირედი დააკლდა, რომ ანგარიში გაეხსნა.  ხოლო მატჩის მიწურულს უკვე ზუსტადაც გაირჯა და დარტყმული გოლად აქცია - 1:0.
ლუის ალბერტოს გოლმა დიდად გაახარა ბოლნისელები და გორელი მაყურებელი, რომელმაც იმ დროს უკვე იცოდა, რომ დილა იგებდა სამტრედიაში. მატჩის მიწურულს ბათუმელთა რიგებში ახალშემოსულმა აბუსელიძემ კინაღამ ჩაუმწარა სიონს გამარჯვების მოახლოებული სიხარული: რომ არა მირზა მერლანი, ალბათ თამაში ფრედაც დასრულდებოდა. საბოლოოდ სიონმა სასურველი სამი ქულა ჩაიწერა აქტივში, ხოლო პარალელურად, დილას მისცა დღესასწაულის მოწყობის საშუალება. 


13. 05. გორი. “თენგიზ ბურჯანაძე”.  
სიონი – დინამო ბათუმი 1 - 0 
1:0  ლუის ალბერტო (83)
სიონი: მერლანი, ფოფხაძე, სვანიძე, გურეშიძე, გაფრინდაშვილი, ზ. ლობჯანიძე (არაუსო და სილვა 59; ჭიკაიძე 77), გოგობერიშვილი, მიქაბერიძე, ჭანკოტაძე (მოსემღვდლიშვილი 84), სიჭინავა, ლუის ალბერტო
სათადარიგოები: ბათიაშვილი, ჭინჭარაშვილი, ცხადაია, ოთარაშვილი  
მწვრთნელი: ლადო ბურდული
დინამო ბთ: მამინაშვილი, ტეტუნაშვილი, მგელაძე, მახარაძე, სუხიაშვილი,  ქავთარაძე, შონია, გოგიტიძე (ვარშანიძე 46), თევდორაძე (მაკარიანი 65),  ბერიაშვილი, ტატანაშვილი (აბუსელიძე 63)
სათადარიგოები: ალავიძე, ქორიძე, მაკარიანი, დიასამიძე, მუჯირი 
მწვრთნელი: შოთა ჭეიშვილი
გაფრთხილება: შონია (30), სვანიძე (35), მახარაძე (44) 
მსაჯი: ლევან კვარაცხელია 

დაჩი ნაპირელი გორიდან