სიახლეები

შტურმი და ნულები

გაუზიარე
ვიტ ჯორჯიამ მეტალურგს გადათამაშება დაუთმო

რუსთავი. 13 მაისი. 17 საათი. ფოლადი. 500 მაყურებელი.

მეტალურგი - ვიტ ჯორჯია 0:0

მეტალურგი: ნადირაძე, მინდორაშვილი, ნარიმანიძე, ნოზაძე, ჩიკვაიძე (პაქსაშვილი 68), ზვიადაძე, სარიშვილი, ბარამიძე (ოქროპირიძე 79), ბერუაშვილი, მიქაუტაძე, ბარაბაძე (ციცქიშვილი 46)

სათადარიგონი: ბეგიაშვილი; გ. კილასონია, გაბაშვილი, კ. ხიზანეიშვილი

მწვრთნელი: ვარლამ კილასონია

ვიტ ჯორჯია: შეროზია, გეთიაშვილი, კალანდია, მაისურაძე, საბაძე, გახარია, დემეტრაშვილი (დადიანი 83), კახაბრიშვილი, დავლაშელიძე (კურდღელაშვილი 78),დანელია, ლობჟანიძე

სათადარიგონი: ხვისტანი, ლებანიძე, ბუნტური, ისერგიშვილი, ვ. მერაბიშვილი

მწვრთნელი: თენგიზ კობიაშვილი

გაფრთხილება: ნოზაძე (44), დავლაშელიძე (71), გახარია (72)

მსაჯი: გიორგი ვადაჭკორია

სეზონის უმნიშვნელოვანესი შეხვედრა ვიტ ჯორჯიას სწორედ რუსთავში მოუწია. მოგების შემთხვევაში თენგიზ კობიაშვილის გუნდი უმაღლესში დარჩენის შანსს იუმჯობესებდა, მაგრამ... მაგრამ მეორე ტაიმში, მთელი 45 წუთის მანძილზე უდიდესი უპირატესობის მიუხედავად სტუმრებმა მასპინძელთა კარი ვერაფერი აიღეს და დიდი ალბათობით, მომავალი სეზონიდან ამ გუნდს პირველად არსებობის ისტორიაში, პირველ ლიგაში ვნახავთ.

მეტალურგს აქამდე ვიტ ჯორჯიაზე ორით მეტი ქულა ჰქონდა მოგროვებული და თუ უმაღლესი ლიგიდან ზესტაფონის მოკვეთას გავითვალისწინებთ, აუტსაიდერთა შორის პირველლიგელ მეტოქესთან გადათამაშებაში მოხვედრის მეტი შანსი ჰქონდა. მეტალურგი გუშინდელი ტურის წინ ქულებით ბოლნისის სიონსაც უსწრებდა, მაგრამ ბოლნისელებისგან ბათუმის ძლევის შემდეგ, მეტალურგისთვის ვიტ ჯორჯიასთან მატჩს ოქროს ფასი დაედო. 

შთაბეჭდილება რჩებოდა, რომ მეტოქეები ერთმანეთს შეცდომებში ეჯიბრებოდნენ. ელემენტარულ სიტუაციებში ფეხბურთელები ისე სცოდავდნენ, მარტივი მისახვედრი იყო, რომ მოედანზე ერთმანეთის პირისპირ უმაღლესი ლიგის ორი უსუსტესი გუნდი იდგა.  

შესვენებამდე მოედანზე დიდად საინტერესო არაფერი ხდებოდა. ვიტ ჯორჯია თითქოს მეტოქეს ზვერავდაო, მაგრამ მეტოქის კართან აღსანიშნავი არაფერი შეუქმნია. შეტევებით თავი მაინცდამაინც არც მასპინძლებს გამოუდვიათ, ისინი ფრთხილობდნენ და მათი გასაგებიც იყო, მათთვის ვიტ ჯორჯიასთან ქულაც წარმატება იქნებოდა. სწორედ ამიტომაც, ვარლამ კილასონიას გუნდმა აქცენტი დაცვაზე გააკეთა და საბოლოო შედეგს თუ გავითვალისწინებთ, სწორიც გააკეთა. ფრთხილი თამაშის მიუხედავად, პირველ ტაიმში უპირატესობა სწორედ მასპინძლებისა იყო და ბერუაშვილსა და ზვიადაძეს ოდნავ რომ გამართლებოდათ, გუნდს დააწინაურებდნენ კიდეც... ორივე ამ ფეხბურთელს კი სტუმართა მეკარე შეროზიამ აჯობა და არაფრით გაატანინა.  

შესვენების შემდეგ კი დაიწყო, მაგრამ რა დაიწყო. ვიტ ჯორჯიამ მეტალურგი საკუთარ საჯარიმო მოედანს მიაჯაჭვა და მთელი 45 წუთი ასე ამყოფა. თამაში ცალ კარში მიმდინარეობდა, სტუმრებს უამრავი საგოლე შანსი შეექმნათ, მაგრამ ერთბაშად ყველა გუშინდელ წვიმის წყალს გააყოლეს... 

თავად განსაჯეთ, ვიტ ჯორჯიამ მეტოქის კართან 12 კუთხური ჩააწოდა. ბურთი ნადირაძის კარს ხან მარჯვნიდან ჩაუფრენდა, ხან მარცხნიდან, თუმცა ბურთს კარის ხაზი ვერავინ გადააკვეთინა.. ლობჯანიძე, საბაძე და დემეტრაშვილი ძალიან ახლოს იყვნენ მიზანთან, მაგრამ არაფერი გამოუვიდათ. რუსთაველთა კართან ძნელად წარმოსადგენი შტურმი იყო, თუმცა რაც გამოვიდა, ოქმიდანაც ჩანს. უამრავ და ნაღდ საგოლე მომენტს რომ ვერ გამოიყენებ, ესე იგი არც მოგებას იმსახურებ... ვიტ ჯორჯიამ თუ უმაღლესი ლიგა დატოვა, მხოლოდ თავს დააბრალოს... 

ლუკა თალაკვაძე