სიახლეები

დილა სხვა სიმაღლეზე ადის, გორელები სამი ფრონტისთვის ემზადებიან

გაუზიარე
გორის დილას მთავარი მწვრთნელი უჩა სოსიაშვილი თავის სადებიუტო სეზონს ატარებს უმაღლეს ლიგაში და ძალიან ახლოსაა, რომ დებიუტი ოქროს მედლით აღნიშნოს და დილა არსებობის ისტორიაში პირველად გააჩემპიონოს, თანაც გაითვალისწინეთ რომ უჩა სოსიაშვილი, მხოლოდ 25 წლისაა.

აქამდე სულ აცხადებდით, რომ დილას მიზანი ევროპის ლიგის საგზურის მოპოვება იყო, მაგრამ, ახლა ჩემპიონატის დასრულებამდე სამი ტურით ადრე, ფაქტია, რომ დილა ძალიან ახლოსაა ჩემპიონობასთან.

თავდაპირველად მიზანი ევროზონაში მოხვედრა გახლდათ და ბუნებრივია, ჩემი და ფეხბურთელების კომენტარები ყოველთვის მოზომილი იყო. ახლა, მართალია, ოქროს მედლების მოპოვება რეალურია, მაგრამ ჯერ კიდევ დარჩენილია თამაშები და მოდუნების უფლება ნამდვილად არ გვაქვს. აქვე უნდა ავღნიშნო, რომ საკმაოდ ძლიერი კონკურენტები გვყავდა თბილისისა და ბათუმის დინამოები ფინანსურად უზრუნველყოფილები არიან და შემადგენლობის მხრივაც არანაირი პრობლემა არ აქვთ. ორივე მათგანი ბოლომდე მოგვყვებოდა, უბრალოდ ბოლო ტურში ერთმანეთთან ფრედ ითამაშეს და ამან გარკვეული უპირატესობა მოგვცა. ასევე ძალიან კარგი გუნდია სამტრედია და შემთხვევითი ნამდვილად არ არის, თასის ფინალში რომ გავიდნენ. 

მართალია უახლოეს კონკურენტ ბათუმის დინამოს ხუთი ქულით უსწრებთ, მაგრამ დარჩენილი შეხვედრებში იოლი თამაშები არ გელით.

ახლა სამტრედიასთან გვაქვს ურთულესი გასვლითი თამაში და თუ ვერ მოვიგეთ, შემდეგ უკვე მარტვილის მერანთან და ვიტ ჯორჯიასთან, რომელიც უმაღლეს ლიგაში დასარჩენად იბრძვის, მხოლოდ მოგება დაგვჭირდება, ამიტომ ნამდვილად ვერ ვიტყვი, რომ ადვილი თამაშები დაგვრჩა.

როგორც ჩემთვისაა ცნობილი, ფეხბურთელების უმრავლესობას დილასთან კონტრაქტები სეზონის ბოლომდე აქვს. არადა გაცილებით უკეთესი იქნება გუნდს ჰქონდეს რამდენიმე წლიანი პროგრამა და ასე უფრო სტაბილურობის განცდა გექნებათ როგორც მწვრთნელებს, ასევე ფეხბურთელებს.

უკვე ითქვა, რომ ქალაქის მერიამ აიღო ვალდებულება, რომ სულ მცირე სამი წლის განმავლობაში დააფინანსებს გუნდს და ივნისიდან უკვე გვექნება იმის საშუალება, რომ ფეხბურთულებს სულ მცირე ერთწლიანი კონტრაქტები გავუფორმოთ. აქვე უნდა ვთქვა რომ ადგილობრივი ხელისუფლებიდან დიდ ყურადღებას ვგრძნობთ. პრაქტიკულად ყოველი თამაშის წინ მოდიან და გვამხნევებენ. რა თქმა უნდა, მადლობლები ვართ ჩვენი გულშემატკივრის, რომლებიც არათუ შინ, გასვლით შეხვედრებშიც არ გვაკლებენ ქომაგობას.

ჩვენთან საუბარში ოთარ მარცვალაძემ გამოთქვა დილაში თამაშის სურვილი. ასევე საუბარია ნუკრი რევიშვილზე და გიორგი ნავალოვსკიზე...

ცხადია, ჩვენც დიდი სურვილი გვაქვს ასეთი დონის მოთამაშეების დამატების, რომლებსაც ევროპული გამოცდილება აქვთ და ეს ევროტურნირების წინ ყველაზე მეტად გვჭირდება.

ახალი ფეხბურთელების დამატება კარგია, მაგრამ ამჟამინდელი ძირითადი ბირთვის შენარცუნებაც აუცილებელი იქნება.

ჩემპიონატის დასრულების შემდეგ თითოეულ მათგანს დაველაპარაკებით, როგორც გუნდის მთავარ მწვრთნელს, იმედი მაქვს, რომ ამ კონტიგენტის 95 პროცენტი კვლავ დილაში გააგრძელებენ თამაშს.

არსებული შემადგენლობის შენარჩუნება, ახალი მოთამაშეების დამატება და ევროტურნირებზე თამაში ბიუჯეტის გაზრდას მოითხოვს.

ამ თემაზე საუბრისთვის მე კომპეტენტური არ ვარ, მაგრამ ფაქტია, რომ ბიუჯეტი უნდა გაიზარდოს. მომავალ სეზონში ჩვენ ევროარენაზე თამაშის გარდა საქართველოს ჩემპიონატშიც და თასზეც მხოლოდ გამარჯვება გვსურს, ასე რომ, პრაქტიკულად, სამ ფრონტზე მოგვიწევს ბრძოლა. დილა სულ სხვა სიმაღლეზე ადის, ეს კი არსებული ბიუჯეტით ძალიან ძნელი იქნება. 

ცალკე უნდა გკითხოთ მარჯვენაფლანგელ გიორგი ერისთავზე, რომელიც პირველ სეზონს ატარებს უმაღლეს ლიგაში და აშკარად ერთ-ერთი საუკეთესოა.

ჯერ კიდევ როდესაც სამტრედიის მწვრთნელი ვიყავი, ერისთავი მაშინ მივიყვანე გუნდში, შემდეგ დინამო-2-ში წავედი და ერისთავიც თან წავიყვანე, ახლა კი დილაში მოვიყვანე და მართლა ამართლებს ჩვენ იმედებს. დინამოსთან უმნიშვნელოვანეს შეხვედრაში მივეცით შანსი და ძალზე საჭირო გოლი გაიტანა, შემდეგ კი ძირითადში დაიმკვიდრა ადგილი და საკმაოდ კარგად გამოიყურება. აქვს კარგი სისწრაფე, მუდამ კარზეა დაგეშილი და ტექნიკურია, მიკლედ ნამდვილად შეუძლია მაღალი დონის ფეხბურთის თამაში.

მაინც რას უნდა ველოდოთ დილასგან ევროტურნირებზე?

სამწუხაროდ ისე არ ხდება, რომ ახალი ფეხბურთელების მოსვლა გუნდს უმალ დაეტყოს. საჭიროა გარკვეული დრო შეთამაშებისთვის, ტაქტიკური სიახლეების დანერგვისთვის. ასევე ბევრი რამ იმაზე იქნება დამოკიდებული თუ რომელ მეტოქეს გვარგუნებს კენჭისყრა. თუმცა რაც ჩვენზე იქნება დამოკიდებული, ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის რომ ევროტურნირებს დიდხანს შემოვრჩეთ.

როგორ ფიქრობთ, დილაში არიან ფეხბურთელები, რომლებიც ეროვნულ ნაკრებში თამაშს შეძლებენ.

ვფიქრობ, ნაკრებისთვის სარგებლის მოტანა ფორვარდ, ირაკლი მოდებაძეს შეუძლია. მის ანგარაშზე უკვე 14 გოლია და ბომბარდირთა დავას ერთპიროვნულად ლიდერობს. არადა მიმდინარე სეზონში მას ტრავმის გამო ძალიან ბევრი გაუცდა. ასევე შანსის მიცემა შეიძლება საყრდენ ნახევარმცველ ფალავანდიშვილისთვის, რომელიც ჩვენ ჩემპიონატში აშკარად გამორჩეულია მისი ამპლუის ფეხბურთელებს შორის. ნაკრების კანდიდატი იყო ირაკლი ძარია, რომელსაც ტრავმის გამო დიდი პერიოდი გაუცდა. დარწმუნებული ვარ, სათანადო ფორმის აღდგენის შემდეგ ძარია კვლავ დაუბრუნდება ეროვნულ გუნდს.

პაატა ძნელაძე