სიახლეები

ვინ შეცვლის კახა გოგიჩაიშვილს? კანდიდატი ოთხია, ორი ქართველი, ორი უკრაინელი

გაუზიარე

”ჩვენი თამაშისთვის” ცნობილი გახდა, რომ თბილისის დინამოს ხელმძღვანელობა კლუბის მთავარი მწვრთნელის პოსტზე მოლაპარაკებას ერთდროულად რამდენიმე მწვრთნელთან აწარმოებს. დინამოს ხელმძღვანელობის სიაში სულ ოთხი მწვრთნელია, მათგან ორი ქართველი, გია გეგუჩაძე და გიორგი ჩიხრაძე, ხოლო ორი უკრაინელი სპეციალისტია. უკრაინელების შესახებ მეტ ინფორმაციას არ ვფლობთ, თუმცა ის კი შევიტყვეთ, რომ მათგან ერთი უკრაინის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდის ყოფილი მწვრთნელია, თანაც ახალგაზრდა და პერსპექტიული. 
ინფორმაციის გადასამოწმებლად დინამოს პრესსამსახურს დავუკავშირდით, თუმცა კლუბში ამ თემაზე კომენტარის გაკეთება არ ისურვეს.

გია გეგუჩაძის დინამოში შესაძლო დანიშვნაზე ხმები ბოლო დღეების განმავლობაში გავრცელდა, ზესტაფონიდან წამოსვლის შემდეგ გეგუჩაძე უმუშევარია. მეორე ქართველი მწვრთნელი, გიორგი ჩიხრაძე კი აზერბაიჯანში მუშაობს, თუმცა ისე როგორც ბევრ კლუბს, სიმურგსაც ბოლო პერიოდში ფინანსური პრობლემები გაუჩნდა და შესაძლოა, ჩიხრაძეს თავადაც სურდეს აზერბაიჯანიდან წამოსვლა.

თბილისის დინამოს ბოლოდროინდელი შედეგების გათვალისწინებით, ძნელად სავარაუდო არ იყო, რომ კლუბი ახალი მწვრთნელის ძიებას დაიწყებდა. დინამო ეროვნულ ჩემპიონატში მესამე ადგილზეა და ბოლო ხუთი მატჩიდან მხოლოდ ორი მოიგო. კახი გოგიჩაიშვილის თავკაცობით დინამომ ის კი მოახერხა, რომ თასის ფინალში გასულიყო, სადაც 26 მაისს სამტრედიას დაუპირისპირდება. სავარაუდოდ, გოგიჩაიშვილს დრო სეზონის დასრულებამდე მიეცემა, ხოლო იმ შემთხვევაში თუ დინამომ სეზონი ტიტულის გარეშე დაასრულა, დიდი ალბათობით, ევროსარბიელისთვის კლუბს ახალი მწვრთნელი მოამზადებს.

ოთო მუმლაძე