სიახლეები

გიორგი ივანიშვილი: ყოველთვის ფეხბურთით ვცხოვრობდი

გაუზიარე
მიმდინარე ჩემპიონატის ერთ-ერთი მთავარი მოულოდნელობა ცხინვალის წარმატებული თამაშია. კახა კაჭარავას ახალგაზრდა ფეხბურთელები ჰყავს, მისი გუნდის ერთ-ერთი ლიდერი კი გიორგი ივანიშვილია, რომელიც პროფესიულ ფეხბურთს გასული წლის შემოდგომაზე დაუბრუნდა. მართალია, ივანიშვილი სეზონის სტარტზე სასურველი ფორმისგან შორს იყო, თუმცა მეორე ნახევრაში აშკარად მოუმატა. ცხინვალის გარემარბმა ბოლო სამ მატჩში სამი გოლი გაიტანა, აქედან ორი დინამოსთან, ჩემპიონატსა და თასზე. ბოლო ტურში კი ბოლნისის სიონთან მოგებული მატჩის გმირი გახდა - ცხინვალის ოთხივე გოლში მიიღო მონაწილეობა, ერთი თავად შეაგდო, ორი გაატანინა და თერთმეტმეტრიანიც გამოიმუშავა. გიორგისთან საუბარი სწორედ სიონთან მოგებული მატჩის შეფასებით დავიწყეთ.

სიონთან მატჩი ძალზე მნიშვნელოვანი იყო. მოგება ორივე გუნდს სჭირდებოდა, განსაკუთრებით - სიონს, რადგან გასავარდნ ზონაშია. ამიტომაც ვიცოდით, რომ მათთან თამაში ორმაგად რთული იქნებოდა. ვფიქრობ, ეს ჩემი საუკეთსო მატჩი იყო ცხინვალის შემადგენლობაში. ცხადია, ამაში გუნდი დამეხმარა.

სიონთან მატჩის გარდა, ბოლო ორ შეხვედრაში თბილისის დინამოს ორი გოლი გაუტანე. როგორ ფიქრობ, სრულად დაიბრუნე ფორმა?

ბოლო რამდენიმე მატჩი ჩემთვისაც და გუნდისთვისაც საკმაოდ შედეგიანი იყო. ფორმაში ნელ-ნელა შევდივარ, მაგრამ სასურველ კონდიციამდე ჯერ კიდევ მიკლია. მთავარია, ასე გავაგრძელო და მიღწეულით არ დავკმაყოფილდე. 

საკმაოდ დიდი პაუზა გამოგივიდა...ფეხბურთში დაბრუნება რატომ გადაწყვიტე? 

ყოველთვის მქონდა ფეხბურთში დაბრუნების სურვილი, თუმცა პრობლემების გამო ვერ ვახერხებდი. განსაკუთრებით დისკოზი მაწუხებდა და ამ მიზეზით კუნთი ადვილად მიწყდებოდა. ფეხბურთი ძალიან მენატრებოდა და ეს ხასიათზეც, უფრო სწორად, უხასიათობაზეც მეტყობოდა. მადლობელი ვარ, მურთაზ შელიამ და კახა კაჭარავამ პროფესიულ ფეხბურთში დაბრუნების შანსი რომ მომცეს. 

ფსიქოლოგიურად რამდენად  იყავი მზად ფეხბურთში დასაბრუნებლად? თანაც, საქართველოს ჩემპიონატში წელს პირველად თამაშობ.

ფსიქოლოგიურად არანაირი პრობლემა არ მქონია. შვეიცარიაში საკმაოდ მაღალი დონის პროფესიული სკოლა გამოვიარე. ყოველთვის ფეხბურთით ვცხოვრობდი, რეჟიმსაც ვიცავდი და თამაში ძალიან მენატრებოდა. საქართველოს ჩემპიონატში პირველად ვთამაშობ, თუმცა არც ეს მიქმნიდა არანაირ ფსიქოლოგიურ ბარიერს, აქაურობასაც ადვილად ავუღე ალღო.

ალბათ, ჩვენს ჩემპიონატს ცხინვალში მისვლამდეც ადევნებდი თვალს. როგორ შეაფასებ საქართველოს უმაღლესი ლიგის დონეს?

ყველაფერი ფინანსურ რესურსებზეა დამოკიდებული. რთულია, როცა რამდენიმე გუნდს შეკრებაზე წასვლის საშუალება არ აქვს, არ არის აღდგენის რეჟიმის პირობები, ვიტამინები და ბევრი ისეთი საშუალება, რაც ფეხბურთელის განვითარებას სჭირდება. გარდა ამისა, მაყურებლის ინტერესია დაბალი. ზოგადად, ძნელია შეფასება, როგორი დონეა ჩემპიონატში, თუმცა ბევრი ნიჭიერი ფეხბურთელი გვყავს და ვფიქრობ, მათ მაქსიმალურად უნდა შეუწყონ ხელი.

პირადად შენს თამაშზეც გკითხავ. მიმდინარე სეზონში 7 გოლი გაიტანე, აქედან 4 ჩემპიონატში და სამი თასზე. ამის გარდა, საგოლე პასებსაც ხშირად აკეთებ. კმაყოფილი ხარ საკუთარი თამაშით?

ჩემი მიზანი მუდამ გუნდის დახმარებაა. არ აქვს მნიშვნელობა, ეს გოლით იქნება თუ საგოლე პასით. ამ სეზონში მცირე ტრავმებმა გამაწამა, რის გამოც რამდენიმე თამაში გამიცდა. ვფიქრობ, რომ არა ტრავმები, უფრო მეტს გავიტანდი. 7 გოლით კმაყოფილი არ ვარ, რადგან ვიცი, რომ მეტი შემიძლია. მთავარია, რომ ასეთ კარგ გუნდში ვარ და თავს ძალიან კომფორტულად ვგრძნობ.

ჩემპიონატის დასრულებამდე ოთხი ტური დარჩა და არც ისე რთული კალენდარი გაქვთ. შენი აზრით, აქვს ცხინვალს ევროპის ლიგის შესარჩევ ეტაპზე გასვლის რეალური შანსი?

რა თქმა უნდა, ჩვენს გუნდს ევროპის ლიგის საგზურის მოპოვების რეალური შანსი აქვს. ასე რომ არ იყოს, ამაზე არც სხვები ილაპარაკებდნენ და არც ჩვენ. მთავარია, ფორმა შევინარჩუნოთ და თამაში კვლავაც შემართებით გავარგძელოთ. მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ, ჩვენი თამაში ვითამაშოთ და ვფიქრობ, შედეგიც გვექნება.

რა არის ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი, რაც შვეიცარიაში თამაშისას აითვისე და ისწავლე?

პირველ რიგში, ცხოვრების წესი, რა თქმა უნდა, რეჟიმით და დისციპლინით ცხოვრება. შვეიცარიაში უპირველესად ტაქტიკას და მასზე მუშაობას ანიჭებენ უპირატესობას. აკვირდებიან, როგორ მოქმედებს ფეხბურთელი მოედანზე და რამდენად ზუსტად ასრულებს მითითებებს. იქ ყველაფერში სიზუსტე უყვართ. რაც შეეხება პიროვნულ თვისებებს, ძალიან მშვიდი და გაწონასწორებული ვარ. ეს იმის დამსაურებაა, რომ შვეიცარიაში გავიზარდე.

რაც უფრო მოუმატებ თამაშს და ფორმაში შეხვალ, ალბათ, უცხოეთში კარიერის გაგრძელების ამბიციაც გაგიჩნდება. თუ დაგიკავშირდა ვინმე შვეიცარიიდან მას შემდეგ, რაც ფეხბურთში დაბრუნდი?

ზამთრის შეკრებაზე ცხინვალთან ერთად ანთალიაში ვიყავი შეკრებაზე და მურატ იაკინი შემხვდა, მას შემდეგ დროდადრო მეკონტაქტება. რა თქმა უნდა, ჩემი მიზანი კარიერის აწყობა და უცხოეთში თამაშია, მაგრამ ახლა პირველ რიგში ცხინვალზე ვფიქრობ. ჯერ კონკრეტული შემოთავაზებები არ მაქვს და  მეც ვცდილობ, მაქსიმალურად მომავალ მატჩებზე და ცხინვალზე ვიყო კონცენტრირებული.

კახა კაჭარავასთან მუშაობაზე რას იტყვი? საკმაოდ ემოციური მწვრთნელია. რამდენად გაიზარდე მის ხელში?

კაჭარავა ზუსტად ისეთი მწვრთნელია, რომელიც ახალგაზრდებს განვითარებაშიც ეხმარება და გუნდსაც სწორად აყალიბებს. ყველა ფეხბურთელს მაქსიმალურად მხარში უდგას და ცდილობს, ყველა სწორ გზაზე დააყენოს. ვისთანაც მიმუშავია, მათ შორის კახა საუკეთესოა. ყოველ დილით ადგომა და ვარჯიშზე წასვლა მსიამოვნებს, რადგან ვიცი, რომ მაქსიმალურად ეცდება, ფეხბურთელმა თავი კომფორტულად იგრძნოს. თავადაც უთამაშია ფეხბურთი და ამიტომაც ჩვენი კარგად ესმის. საკმაოდ ემოციური მწვრთნელია, მაგრამ გუნდი ამ საკითხშიც უგებს და თავადაც ცდილობს, მაქსიმალურად შეკრული და ერთიანები ვიყოთ.

ფეხბურთში დაბრუნებამდე ახალგაზრდული ოლიმპიადის საორგანიზაციო ჯგუფის წევრი იყავი. აგრძელებ მუშაობას თუ მხოლოდ ფეხბურთზე გადაერთე?

დიახ, ახალგაზრდული ოლიმპიადის საორგნიზაციო ჯგუფის წევრი ვარ, არასპორტული ღონისძიებების კოორდინატორი. არასტანდარტული რეჟიმით ვმუშაობ და მას შემდეგ, რაც ფეხბურთში დავბრუნდი, მაქსიმალურად ხელს მიწყობენ. ძირითადად უცხოელებთან ურთიერთობა და კომუნიკაცია მევალება. ასევე, თუ რაიმე ღონისძიება ტარდება, ერთ-ერთი პიარორგანიზატორი მეც ვარ.

ოთარ მუმლაძე