სიახლეები

ხოჯავას საგოლე პასი

გაუზიარე

რუსეთის პირველ დივიზიონში 30-ე ტურის შეხვედრები გაიმართა. პრემიერლიგის საგზურისთვის მებრძოლმა ტოსნომ შინ მახაჩყალის ანჟის 1:0 მოუგო და 58 ქულით კვლავინდებურად მესამე ადგილს ინარჩუნებს, რაც პლეი ოფში თამაშის საშუალებას იძლევა. სამწუხაროდ, ანჟისთან შეხვედრაში არ უთამაშიათ საქართველოს ნაკრების კანდიდატებს ნუკრი რევიშვილს და გიორგი ნავალოვსკის, მათი უთამაშებლობის მიზეზი ლეგიონერებზე შემოღებული ლიმიტია. სავარაუდოდ, ჩემპიონატის დასრულების შემდეგ რევიშვილიც და ნავალოვსკიც ტოსნოს დატოვებენ. 

პირველ დივიზიონში დასარჩენად მებრძოლმა სახალინმა უმნიშვნელოვანესი მატჩი მოუგო გასვლაზე სიბირს _ 3:1. გამარჯვებულთაგან ძირითადში ითამაშა გოჯა ხოჯავამ, რომელიც საკმაოდ აქტიური იყო და ერთი საგოლე გადაცემაც ჩაიწერა აქტივში. ამ მოგების შემდეგ სახალინის აქტივში 31 ქულაა და გუნდმა, როგორც იქნა, დააღწია თავი გასავარდნ ზონას.

პაატა ძნელაძე