სიახლეები

დილა ფოლადზე ოქროს მიუახლოვდა [ვიდეო მიმოხივლა]

გაუზიარე

მეტალურგი-დილა 0:2 

2 მაისი. რუსთავი. "ფოლადი". 500 მაყურებელი.

0:1 გორელიშვილი (24), 0:2 მოდებაძე (67)

მეტალურგი: ნადირაძე, მიქაუტაძე, ნარიმანიძე, ხიზანეიშვილი (მინდორაშვილი 46), ბერუაშვილი, ზვიადაძე, ციცქიშვილი, ბროლაძე, შუშიაშვილი (ჯოხაძე 57), ბარაბაძე (გაბაშვილი 22), ნოზაძე

სათადარიგოები: ბედიაშვილი, გუჯაბიძე, ჩიკვაიძე, ბარამიძე

მწვრთნელი: ვარლამ კილასონია

დილა: მიგინეიშვილი, ხურცილავა, კვახაძე, ბაგაევი, ჯაფარიძე, ფალავანდიშვილი, კვეკვესკირი, ერისთავი (სეთურიძე 70), გვალია (რაზმაძე 75), გორელიშვილი, მოდებაძე (თექთურმანიძე 82)

სათადარიგოები: სომხიშვილი, ახალკაცი, ხიდაშელი, წიქარიძე 

მწვრთნელი: უჩა სოსიაშვილი

მსაჯი: გიორგი ყრუაშვილი

მიმდინარე სეზონში დილასა და მეტალურგს რადიკალურად განსხვავებული ამოცანები აქვთ. გორელები ჩემპიონობისთვის იბრძვიან და ძალიან ახლოს არიან თავიანთ ისტორიაში პირველ ოქროსთან. რუსთავში მოპოვებულმა გამარჯვებამ ეს მიზანი კიდევ უფრო რეალური გახადა. რუსთაველები კი ათასი პრობლემის მიუხედავად, კვლავაც იბრძვიან უძლიერესთა შორის დასარჩენად და აზრადაც არ მოსვლიათ, რომელიმე თამაშზე არ გასულიყვნენ. ასეთი პირობებში მყოფი გუნდისგან კი ეს ნამდვილად დასაფასებელია.
რაც შეეხება თამაშს, რომ გითხრათ, კარგი საყურებელი იყოო, ნამდვილად მოგატყუებთ. პირველ ტაიმში საქმე საგოლე მომენტებამდე ძალიან იშვიათად მიდიოდა. თავიდან მასპინძელთაგან ბერუაშვილმა გაისროლა შორიდან ძლიერად, მაგრამ არაზუსტად. შემდეგ უკვე გორელიშვილი ურტყამდა სახიფათოდ, მაგრამ ბურთი მეტოქეს გაარტყა და მხოლოდ კუთხურს გამორჩა. ცოტა ხანში კი გოლიც გავიდა, შეტევაში ჩართულმა დილას მარჯვენა მცველმა ხურცილავამ საჯარიმოში ჩააწოდა, გორელიშვილმა კი, რომელიც მცველებს იოლად დაუსხლტა, ზუსტი თავურით სტუმრები დააწინაურა. გორელიშვილს მალევე დუბლის შესრულება შეეძლო, როდესაც ერისთავის პასით მეკარესთან პირისპირ დარჩა, თუმცა ამჯერად გამარჯვებული მეტალურგის კარის დარაჯი ნადირაძე დარჩა. აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ პირველ ტაიმში დილას ახალგაზრდა შემტევის, გიორგი ერისთავის ეფექტური თამაში, რომელიც მოედანზე აშკარად საუკეთესო იყო, თუმცა მატჩის მეორე ნახევარში დაღლა დაეტყო და ისე შედეგიანად ვეღარ მოქმედებდა.
საგოლე მომენტებით დახუნძლული არც მეორე ტაიმი ყოფილა. მასპინძლები კი ცდილობდნენ უპირატესობის მოპოვებას, მაგრამ დღეს დილა აშკარად უკეთესი გუნდია და რუსთაველთა მცდელობაც თამაში გადაერჩინათ ამაო იყო. მეორე გოლი ირაკლი მოდებაძის ანგარიშზეა, რომელიც ნადირაძესთან პირისპირ აღმოჩნდა და დაბალ კუთხეში აუღელვებლად გაუტანა. ეს მოდებაძის მე-13 გოლია მიმდინარე ჩემპიონატში და ის კვლავინდებურად ლიდერობს ბომბარდირთა დავას.
ამის შემდეგ საქმე საგოლე მომენტებამდე აღარ მისულა და დილამ დამსახურებულად ჩაიწერა აქტივში მორიგი სამი ქულა. გორელები უშუალო კონკურენტებს, ბათუმის და თბილისის დინამოებს შესაბამისად 3 და 4 ქულით უსწრებენ და როგორც ზევით აღვნიშნეთ ჩემპიონობასაც ტურიდან ტურამდე უახლოვდებიან. მეტალურგს კი ახლა ყველაზე მეტად უჭირს უმაღლესი ლიგის გუნდებიდან, მაგრამ როგორც მატჩის შემდეგ ვარლამ კილასონიამ განაცხადა, ბრძოლას ბოლომდე აპირებენ.

მატჩის შემდეგ

უჩა სოსიაშვილი: "დაძაბულ შეხვედრაში გავიმარჯვეთ და კვლავ პირველ ადგილზე ვართ, მაგრამ არსებული უპირატესობა მოდუნების საშუალებას არ გვაძლევს და ვფიქრობ, ჩემპიონატის დარჩენილი ნაწილი საინტერესო იქნება".

ვარლამ კილასონია: "დილას ახლა სულ სხვა მოტივაცია აქვს და დამსახურებულად გაიმარჯვა. ჩემი ფეხბურთელების მიმართ კი მადლობის მეტი არაფერი მეთქმის. ჩვენ ბოლო ტურამდე ვაპირებთ ბრძოლას."

პაატა ძნელაძე