სიახლეები

ჩიხრაძის გუნდის მჯდომარე აქცია და ინტერის მოგება

გაუზიარე

აზერბაიჯანის ჩემპიონატის მორიგ ტურში ქართველი მწვრთნელების დაპირისპირება შედგა. კახა ცხადაძის გაწვრთნილმა ინტერმა სტუმრად 3:2 აჯობა ზაქათალის სიმურგს, რომელსაც გიორგი ჩიხრაძე თავკაცობს. ხუთივე გოლი პირველ ტაიმში გავიდა, თუმცა ქართველებს არ გაუტანიათ. ინტერში შეუცვლელად ითამაშეს ლაშა სალუქვაძემ და ალეკო ამისულაშვილმა, ხოლო ბაჩანა ცხადაძე პირველ ტაიმში გაისარჯა. 

სიმურგიც და ინტერიც მძიმე ფინანსურ სიტუაციაში არიან, რაც მატჩის შემდეგ აღნიშნეს ქართველმა მწვრთნელებმა. ცხადაძემ “ჩვენ თამაშთან” ინტერვიუში განაცხადა, რომ გუნდი ხელფასს ვერ იღებს, ბანკი აღარ ასპონსორებს და მომავალიც გაურკვეველია. 

უფულოდაა სიმურგიც. თამაშის დაწყების წინ სიმურგის ფეხბურთელები მინდორზე დაჯდნენ და ამით გამოხატეს პროტესტი. სპონსორები ფულს არ იხდიან და კარგა ხანია, ზაქათალელები მხოლოდ ენთუზიაზმზე თამაშობენ. არც ისაა ცნობილი, მომდევნო სეზონში სიმურგი ჩემპიონატში მონაწილეობას მიიღებს თუ ვერა. 

რაც შეეხება სატურნირო მდგომარეობას. ინტერი მეორე ადგილზე მყარად დგას, 8 ქულით ჩამორჩება ლიდერ ყარაბაღს და ერთი მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული. ანუ, თუ ცხადაძის გუნდი გამოტოვებულ თამაშს მოიგებს, სხვაობა 5 ქულა გახდება და პლუს, ინტერი-ყარაბაღის შეხვედრაა დარჩენილი. შესაძლოა, სხვაობა 2 ქულამდე შემცირდეს, მაგრამ ყარაბაღს მეტი რთული მატჩი აღარ აქვს დარჩენილი. 

სიმურგი კი მეხუთეზეა, მაგრამ როგორც ჩიხრაძემ განაცხადა, ძნელია, ასეთ გაურკვეველ ვითარებაში მხოლოდ ფეხბურთზე იფიქრო. 

ილია ნანობაშვილი