სიახლეები

მსაჯის უსამართლობა, გინება, აგრესია, გაძევება 23-ე წუთზე

გაუზიარე

თებერვალ-მარტში უკეთ იყო საქმე. ერთი პერიოდი მშვენივრად ათამაშდნენ ჩვენი ლეგიონერები, მაგრამ ბოლო ერთ თვეში სათამაშო პრაქტიკა ბევრს მოაკლდა: ზოგს ტრავმის გამო, ზოგსაც ბანალური მიზეზით – მწვრთნელი არ ენდობა. ეს უფრო შემტევ ფეხბურთელებს ეხებათ. იმედია, დარჩენილ ტურებში შედარებით გამოსწორდება სიტუაცია და ივნისის სანაკრებო მატჩებს ფეხბურთელები სათამაშო ტონუსში შეხვდებიან. 

დავიწყოთ შაბათის მატჩებიდან და უჩა ლობჟანიძის გაძევებით. კვიპროსზე, აპოელ-ომონიას 23-ე წუთი მიმდინარეობდა. პირით ხაზთან უჩა და აპოელ-ის ნორვეგიელი ფეხბურთელი იონ-არნე რიისე ახტნენ, ბურთი მეტოქისგან გადავიდა აუტზე და გვერდითმა მსაჯმა მაინც აპოელ-ს მისცა აუტის ჩაწოდების საშუალება. ამაზე ლობჟანიძე გაბრაზდა და რაღაც მიაძახა ლაინსმენს, რაზეც აპოელ-ის ფანების მძაფრი რეაქცია მოჰყვა. მთავარი მსაჯიც იქ გაჩნდა და უჩას გაფრთხილება მისცა. ლობჟანიძემ გააგრძელა კამათი, თან ემოციურად. ტრიბუნიდან წამოსულ აგრესიასაც უპასუხა და  იქვე, მეორე ყვითელი ბარათი იხილა – გააძევეს. 

მოედნიდან რომ გადიოდა, აპოელ-ის ფანები ლობჟანიძეს აგინებდნენ და ქართველმაც მათ ხურდა დაუბრუნა. მანამდე აპოელ-ის მწვრთნელი აწყნარებდა ჩვენიანს. 

რამ გამოიწვია უჩას ასეთი გაბრაზება? კვიპროსული პრესა ხშირად აღნიშნავს და ამასწინათ ანორთოსისის ქართველმა ნახევარმცველმა გიორგი აბურჯანიამაც გვითხრა, აპოელ-ს მსაჯები ეხმარებიანო. ვნახეთ აპოელ-ომონიას მიმოხილვა და 23-ე წუთამდე, ანუ ლობჟანიძის გაძევებამდე მსაჯი პენალტს არ ნიშნავს აპოელ-ის კარში. 

რა თქმა უნდა, ლობჟანიძის გადამეტებულ ემოციურობას არ ვამართლებთ, მაგრამ ვიდეოდან აშკარად ჩანს, რომ მსაჯი აპოელ-ს ეხმარება. საბოლოოდ, ომონიამ 2:3 წააგო და მეოთხე ადგილზეა. 

გერმანიის მესამე ბუნდესლიგაში ჰალეშერმა 2:1 სძლია რეგენსბურგს და ერთი გოლი აკაკი გოგიამ გაიტანა. ჰალეშერის 23 წლის ნახევარმცველს, რომელსაც გერმანიის პასპორტი აქვს, სეზონში 11 გოლი დაუგროვდა. მისი გუნდი მეშვიდე ადგილზეა. ლუკას ჰუფნაგელის უნტერჰახინგმა შინ 3:3 ითამაშა კოტბუსის ენერგიასთან და ბოლოდან მესამე პოზიციაზეა, ანუ გასავარდნ ზონაში. ჰუფნაგელი 66 წუთი გაისარჯა. შეგახსენებთ, ჰუფნაგელი მესამე ბუნდესლიგის წინა ტურის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა. 

უნგრეთში ნირედიჰაზამ სტუმრად 2:1 აჯობა პუშკაშის აკადემიას და მეთერთმეტე ადგილზეა. ნირედიჰაზაში სრულად ითამაშა ახალგაზრდა ფორვარდმა დავით დარციმელიამ, ხოლო ზურაბ არზიანი დისკვალიფიცირებული იყო. 

პორტუგალიაში ჟილ ვისენტემ შინ 0:5 წააგო ბენფიკასთან. ავთო ებრალიძე სასტარტოში იყო და 55-ე წუთზე შეცვალეს, როცა 0:3 იყო. ქართველის გუნდს გოლები მაქსი პერეირამ (ორჯერ), ლიმამ, ჟონასმა და ლუიზაუმ გაუტანეს. ჟილ ვისენტე ბოლოსწინა ადგილზეა და დიდი შანსია, გავარდეს. 

რუმინეთში კლუჟმა სტუმრად 2:2 ითამაშა ბრაშოვთან და ბოლოდან მესამე საფეხურზეა: 24 ქულა დააკლეს ფინანსური დარღვევების გამო, თორემ ზემოდან მესამე პოზიციაზე იქნებოდა. გიორგი ჭანტურია 74-ე წუთზე შევიდა მინდორზე, როცა ანგარიში 1:1 იყო. 

რუსეთში მოსკოვის სპარტაკი ზენიტს ბოლო წუთამდე უგებდა, მაგრამ ჰალკმა გაიტანა და 1:1 დასრულდა. სპარტაკში კვლავაც უთამაშებელი დარჩა ჯანო ანანიძე – სათადარიგოებში იყო. მოსკოველები მეექვსე ადგილზე არიან. 

უკრაინაში ზორიამ 4:2 მოუგო დონეცკის მეტალურგს და მეოთხე ადგილი გაიმყარა. ზორიაში ჯაბა ლიპარტიამ ბოლო 20 წუთი ითამაშა, თუმცა ამჯერად გოლი აღარ გაუტანია. 

ბუბა დაუშვილის კარპატიმ ილიჩივეცთან 0:1 წააგო და ბოლო საფეხურზეა (9 ქულა აქვს დაკლებული). დაუშვილმა შეუცვლელად ითამაშა. 

ბელგიაში გენკმა ვაასლანდი 7:1 გაანადგურა, მაგრამ ქართველებისთვის რა აზრი? თორნიკე ოქრიაშვილმა 90 წუთი სკამზე გაატარა, ხოლო ლუკა ზარანდია დაშავებულია.   

ილია ნანობაშვილი