სიახლეები

დინამო არენაზე – აფიშა, რომელიც არასდროს გახუნდება

გაუზიარე

ქართული კლასიკო, იგივე ქართული დერბი – ასე ეწოდა წლების წინ თბილისის დინამოსა და ქუთაისის ტორპედოს დაპირისპირებას. ორი გამორჩეული ქართული კლუბის მატჩი ჩვენს ჩემპიონატში ყოველთვის გამორჩეული იყო იმის მიუხედავად, რომელ ადგილზე იყვნენ და რას ისახავდნენ მიზნად კონკრეტულ მომენტში მეტოქეები.
ამ სეზონში დინამო და ტორპედო განსხვავებული ამოცანების გადასაჭრელად იბრძვიან, მაგრამ ეს თამაშს ინტრიგას ოდნავადაც ვერ აკლებს – ტურის ცენტრალური მატჩი სწორედ ეს არის. მართალია, ქუთაისელებს ევროსარბიელზე გასვლის შანსი აღარ შერჩათ, მაგრამ ყველანაირად შეეცდებიან, ისტორიულ მეტოქეს გამარჯვებაში და, შესაბამისად, ჩემპიონობის შენარჩუნებაში ხელი შეუშალონ.
დინამოს უკანდასახევი გზა მოჭრილი აქვს – ფეხის კიდევ ერთი დაცდენა და ოქროს მედლები უკვე მიუწვდომელი გახდება. ამას გორის დილას მატჩის სიიოლიდან გამომდინარე ვამბობთ – შიდაქართლელებმა რუსთავში ქულები რომ დაკარგონ, ნამდვილი სასწაული იქნება. სამაგიეროდ, ჩემპიონობის კიდევ ერთ პრეტენდენტს, ბათუმის დინამოს ელის თბილისელებზე არანაკლებ მძიმე მატჩი. ჩიხურას ევროპის ლიგაზე გასვლის შანსი ჯერაც არ დაუკარგავს, საამისოდ კი ქულათა მაქსიმუმს უნდა დაუმიზნოს.
ერთი სიტყვით, დაწინაურებული ტრიოს ბინადართაგან დინამოებს ძნელი გამოცდა ელით, დილას კი – გაცილებით მარტივი. ჩავხედოთ სატურნირო ცხრილს და დავრწმუნდებით, რომ უჩა სოსიაშვილის გუნდს საქმე მდევრებზე ბევრად კომფორტულად აქვს. სულაც არ არის გამორიცხული, ამ ტურის შემდეგ დილას ფავორიტობა კიდევ უფრო გამოიკვეთოს.
ზესტაფონთან უბრძოლველ სამ ქულას ამჯერად ვიტ ჯორჯია ჩაიწერს, რაც იმას ნიშნავს, რომ ვეტერინარებზე ერთი საფეხურით ზემოთ მდგარ ბოლნისელებს ცხინვალთან გამარჯვება მართებთ, რაც აშკარად არ შედის კახა კაჭარავას გუნდის გეგმებში – ცხინვალი ევროპის ლიგის საგზურს უმიზნებს. შესაბამისად, ტურის მეორე გამოსარჩევი მატჩიც სწორედ ეს არის.
უნდა ველოდოთ სამტრედიას გამარჯვებას. ზაზა ზამთარაძის გუნდს ევროარენაზე მოხვედრა თასის მოპოვებითაც შეუძლია, საუმაღლესლიგო კვარტეტში შესვლით კი თავი ქუდში ექნება.

ლევან ჯანეზაშვილი


შუქურა-მერანი
1 მაისი 17:00
ქობულეთი. "ჩელე არენა"
პირველ წრეში: 0:1
დისკვალიფიკაცია: ჩაფიძე (შუქურა), გ. წურწუმია, ს. ლომია (ორივე – მერანი)
მსაჯი: ბაკურ ნინუა

გურია-ზუგდიდი
1 მაისი 17:00
ლანჩხუთი. "ევგრაფი შევარდნაძე"
პირველ წრეში: 1:2
დისკვალიფიკაცია: კობერიძე (ზუგდიდი)
მსაჯი: გოგა კიკაჩეიშვილი

სამტრედია-კოლხეთი
2 მაისი 17:00
სამტრედია. "ეროსი მანჯგალაძე"
პირველ წრეში: 0:0
დისკვალიფიკაცია: კაკუბავა (სამტრედია)
მსაჯი: ირაკლი კვირიკაშვილი

მეტალურგი-დილა
2 მაისი 17:00
რუსთავი. "ფოლადი"
პირველ წრეში: 2:3
დისკვალიფიკაცია: ქარქუზაშვილი (დილა)
მსაჯი: გიორგი ყრუაშვილი

სიონი-ცხინვალი
2 მაისი 17:00
გორი. "თენგიზ ბურჯანაძე"
პირველ წრეში: 1:2
მსაჯი: გიორგი ვადაჭკორია

დინამო თბ-ტორპედო
2 მაისი 17:00
თბილისი. "დინამო არენა"
პირველ წრეში: 2:1
დისკვალიფიკაცია: კაკაბაძე (დინამო თბ)
მსაჯი: ლევან კვარაცხელია

ჩიხურა-დინამო ბთ
2 მაისი 17:00
ივანწმინდა. ცენტრალური
პირველ წრეში: 0:0
დისკვალიფიკაცია: შონია, ვარშანიძე (ორივე – დინამო ბთ)
მსაჯი: ჯენერი ხორავა

ზესტაფონი-ვიტ ჯორჯია 0:3 (ტექნიკური)*

1. დილა        25 15 6 4 42-20 51
2. დინამო ბთ 25 15 3 7 33-22 48
3. დინამო თბ 25 14 5 6 41-24 47
4. ცხინვალი 25 13 3 9 32-31 42
5. სამტრედია 25 12 5 8 33-22 41
6. ჩიხურა        25 11 6 8 34-29 39
7. შუქურა        25 9 7 9 31-32 34
8. ტორპედო 25 8 10 7 32-27 34
9. გურია        25 8 8 9 25-35 32
10. კოლხეთი 25 8 8 9 26-27 32
11. ზუგდიდი 25 7 8 10 19-29 29
12. მერანი         25 7 8 10 20-24 29
13. ზესტაფონი 25 6 8 11 40-46 26
14. მეტალურგი 25 6 6 13 22-33 24
15. სიონი        25 6 5 14 22-38 23
16. ვიტ ჯორჯია25 5 4 16 23-36 19

* ზესტაფონი-ვიტ ჯორჯიას ტექნიკურ შედეგს ცხრილში ტურის დასრულების შემდეგ ავსახავთ

ბომბარდირები
მოდებაძე (დილა) 12
პაპუნაშვილი (დინამო თბ) 10
დვალი (ზესტაფონი) 10
კვერნაძე (ტორპედო) 9