სიახლეები

ქართველები ნახევარფინალში: კალაძე - 6, ჯანაშია - 2, კობიაშვილი – 1, კანკავა – 1

გაუზიარე

ჯაბა კანკავა ერთადერთი ქართველი ფეხბურთელი იყო, ამ სეზონში ევროტურნირების ჯგუფურ ეტაპზე რომ ითამაშა. ჯგუფს მიჰყვა მეთექვსმეტედფინალი, მერვედფინალი, მეოთხედფინალი და ახლა უკვე ნახევარფინალი ელის კანკავას. როგორც იცით, უკრაინულმა კლუბმა პლეი ოფში ბერძნული ოლიმპიაკოსი, ჰოლანდიური აიაქსი და ბოლოს ბელგიური ბრიუგე გამოთიშა, ნახევარფინალში კი ახალი ბარიერია – რაფაელ ბენიტესის გაწვრთნილი ნაპოლი. 

საქართველოს ნაკრების 29 წლის კაპიტანი დნიპროსთვის ფიგურაა. ჩვენ კი გავიხსენოთ, რომელ ქართველ ფეხბურთელებს უთამაშიათ ევროტურნირების ნახევარფინალში... ასეთი აქამდე 9 შემთხვევა იყო, ორჯერ კი ფინალშიც ვიხილეთ ჩვენიანი და ორივეჯერ თასიც ასწია: რა თქმა უნდა, კახა კალაძეზეა საუბარი.

ვგულისხმობთ დამოუკიდებლობის პერიოდს, თორემ თბილისის დინამოს 1981 წლის მიღწევა ყველასთვის დაუვიწყარია და ისიც არ გვავიწყდება, რომ მომდევნო წელს დინამოელები თასების თასის ნახევარფინალში გავიდნენ, იქ კი ბელგიურ სტანდარდთან გავარდნენ. 

1998. ზაზა ჯანაშია მოსკოვის ლოკომოტივში ძალიან ძლიერად თამაშობდა. იური სიომინის გუნდი თასების თასის ნახევარფინალში გავიდა, სადაც გერმანული შტუტგარტი გადაეღობა. პირველი მატჩი გერმანიაში იყო და მე-16 წუთზე ჯანაშიამ მშვენიერი გოლით გახსნა ანგარიში: საჯარიმოს გარეთ მიიღო ბურთი და ძლიერად გაისროლა. შტუტგარტმა მაინც მოიგო ის შეხვედრა (2:1) და მოსკოვში 1:0 იმარჯვა. 

1999. კიევის დინამომ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში მადრიდის რეალი გამოთიშა (1:1, 2:0), ნახევარფინალში კი მიუნხენის ბაიერნთან გავარდა. კახა კალაძე ვალერი ლობანოვსკისთვის შეუცვლელი გახლდათ, ქართველმა ბაიერნთან შინ (3:3) და სტუმრადაც (0:1) სრულად ჩაატარა მატჩი. სხვათა შორის, კიევში მასპინძელთა მეორე გოლი დიდწილად კალაძის დამსახურებაც იყო – ანდრეი შევჩენკომ ჩააწოდა, ბურთი ყველას ასცდა, კახამაც ხელი შეუშალა ოლივერ კანს და ბურთი კარში შევარდა. 

1999. მოსკოვის ლოკომოტივი ზედიზედ მეორედ გავიდა თასების თასის ნახევარფინალში და ჯანაშიამ კვლავ გააწვალა მეტოქეები. ნახევარფინალში მოსკოველებს რომის ლაციო შეხვდათ და შინ 1:1 ითამაშეს, სტუმრად 0:0 მორჩა და ფინალში იტალიელები გავიდნენ. ის ერთადერთი გოლი ლოკომოტივიდან სწორედ ზაზამ შეაგდო: სისწრაფის ხარჯზე ჩამოიტოვა მცველი, მეკარე ლუკა მარკეჯანი მოატყუა და რთული მდგომარეობიდან, ნახევრად წაქცეულმა გადაგზავნა ბურთი ცარიელ კარში. ლაციოდან ხორვატმა ალენ ბოქშიჩმა გაათანაბრა.

2002. კალაძე უკვე მილანშია. "როსონერი" უეფას თასის ნახევარფინალში დორტმუნდს შეხვდა და გერმანიაში 0:4 განადგურდა, შინ კი 3:1 იმარჯვა. სხვათა შორის, 3:0-ს იგებდნენ, მაგრამ დრო არ ეყოთ და ბოლო წუთზე კონტრშეტევაზე ლარს რიკენმა გაუტანა. კახამ ორივე მატჩი შეუცვლელად ჩაატარა.  

2003. ნახევარფინალი რა მოსატანია, ქართველმა ფეხბურთელმა ჩემპიონთა ლიგა მოიგო! მილანი ნახევარფინალში ექტორ კუპერის ინტერს გასცდა – 0:0, 1:1. კალაძემ ორივეჯერ სრულად ითამაშა და ფინალში იუვენტუსთანაც 120 წუთი გაისარჯა. გემახსოვრებათ, მატჩი 0:0 დასრულდა და მილანელებმა პენალტებში იმარჯვეს. მართალია, კალაძემ თავისი წილი პენალტი ვერ გაიტანა (ჯანლუიჯი ბუფონმა აუღო), მაგრამ თასი მაინც როსონერის დარჩა. 

2005. მილანმა ნახევარფინალში გუს ჰიდინკის პსვ გააგდო (შინ 2:0, სტუმრად 1:3), კალაძემ კი იტალიაში სრულად ითამაშა, ხოლო ჰოლანდიაში მეორე ტაიმი: შესვენებისას პაოლო მალდინი შეცვალა. სტამბულის დაუვიწყარ ფინალში (ლივერპული-მილანი) კი კახა მინდორზე არ გამოჩენილა – სათადარიგო გახლდათ. 

2006. კახა კალაძემ ნახევარფინალში ბარსელონასთან ორივე მატჩი შეუცვლელად ჩაატარა. როსონერი შინ 0:1 დამარცხდა, ხოლო `კამპ ნოუზე~ უგოლო ფრეს დასჯერდა. 

2006. უეფას თასზე შალკემ ნახევარფინალამდე უწია, იქ კი ესპანურ სევილიასთან გავარდა. ლევან კობიაშვილმა ორივე შეხვედრა თავიდან ბოლომდე ჩაატარა. გელზენკირხენში 0:0 იყო, ესპანეთშიც 90 წუთი უგოლოდ მიილია და დამატებით დროში, 101-ე წუთზე ანტონიო პუერტას გოლმა სევილია ფინალში გაიყვანა. ეს ის პუერტა გახლდათ, ერთ წელიწადში რომ გარდაიცვალა: ხეტაფესთან თამაშისას  გულის შეტევა დაემართა და მინდორზე დაეცა. გასახდელში მას შეტევა გაუმეორდა, საავადმყოფოში გადაიყვანეს და იმავე დღეს დაიღუპა. 

2007. კახა კალაძემ მეორედ მოიგო ჩემპიონთა ლიგა. ნახევარფინალში კარლო ანჩელოტის ბიჭებმა მანჩესტერ იუნაიტედი გაამწარეს. ინგლისში კაკას ორი მშვენიერი გოლი არ ეყოთ და 2:3 დამარცხდნენ, შინ კი 3:0 იმარჯვეს. კალაძეს მანჩესტერში არ უთამაშია, სან სიროზე კი 90 წუთი მინდორზე იყო და კარგი მატჩიც ჩაატარა. ფინალში მილანმა ლივერპულს 2:1 სძლია, კალაძეს კი მხოლოდ ბოლო 10 წუთი დაუთმეს.

მეოთხედფინალს აღარ ჩავეჭიდებით. ნახევარფინალამდე ცოტა დაჰკლებიათ შოთა არველაძეს (როგორც აიაქსში, ასევე ალკმაარში თამაშისას), თემურ ქეცბაიას (აეკ-ში)...    

იმედია, კანკავა კარგი თამაშით გაგვახარებს. მართალია, დნიპრო ნაპოლის კლასით ჩამორჩება, მაგრამ უშანსოდ არისო, ამასაც ვერ იტყვი. 

ილია ნანობაშვილი