სიახლეები

ჩემპიონობის მომტანი კაცი

გაუზიარე
ირაკლი ძარია ჩვენ ჩემპიონატში ერთ-ერთი გამორჩეული ნახევარმცველია, თუმცა ტრავმის გამო მეორე წრე პრაქტიკულად ჩაუვარდა. ახლა კი თავს უკეთ გრძნობს და გორის დილასთან ერთად აპირებს ოქროს მედლის მოპოვებას, რომელიც მისთვის ზედიზედ მეხუთე იქნება, ამასთან, ეროვნულ ნაკრებში დაბრუნებაზეც ოცნებობს.

ტრავმის გამო საკმაოდ დიდი პერიოდი გაგიცდა. ახლა როგორ გრძნობ თავს?

15 იანვარს თურქეთში დავშავდი და მას შემდეგ ვმკურნალობდი. ახლა გაცილებით უკეთ ვარ და დუბლებში უკვე ვითამაშე კიდეც შეცვალზე. თუ მწვრთნელი გადაწყვეტს, დარჩენილ ტურებში პირველ გუნდის შეხვედრებშიც მივიღებ მონაწილეობას.

შენი დინამოდან წასვლა ბევრისთვის მოულოდნელი იყო. მით უმეტეს, გუნდის კაპიტანი იყავი.

დინამო ნებისმიერი ქართველისთვის საოცნებო გუნდია და მეც ამ კლუბში ძალიან კარგად ვგრძნობდი თავს, კლუბის ხელმძღვანელებთან არანაირი პრობლემა არ მქონია. უბრალოდ, მსურდა კარიერა უცხოეთში გამეგრძელებინა და ამიტომ წამოვედი დინამოდან. შემდეგ ტრავმა მივიღე და გეგმები ამერია, ახლა კი დილაში ვარ და ჩემი საზრუნავიც ამ გუნდის წარმატებაა.

სეზონის პირველ ნახევარში დილას ყველაზე ოპტიმისტ გულშემატკივარსაც გაუჭირდებოდა ჩემპიონობაზე ფიქრი. ახლა კი, როდესაც ხუთი ტურიღაა დარჩენილი, დილა გამოკვეთილი ფავორიტია ოქროს მედლებისთვის ბრძოლაში.

ამ მხრივ, ნამდვილად მიმართლებს. ჯერ იყო და ზესტაფონთან ერთად ორჯერ გავხდი ჩემპიონი. შემდეგ უკვე დინამოსთან ერთად ორჯერ მოვიპოვე ოქროს მედლები, ახლა კი ძალიან რეალურია დილასთან ერთად ვიზეიმო პირველ ადგილზე გასვლა, მაგრამ მოდუნების უფლება არ გვაქვს. წინ კიდევ ხუთი ტურია და ჩვენი კონკურენტები თბილისის და ბათუმის დინამოეელები ფეხის დაცდენას არ გვაპატიებენ.

თქვენს შანსს ისიც ზრდის, რომ კონკურენტებთან შედარებით იოლი კალენდარი გაქვთ.

გეთანხმებით, მაგრამ ორი რთული გასვლითი მატჩი გვაქვს სამტრედიაში და მარტვილში. გარდა ამისა, მიმდინარე ჩემპიონატში რომელი გუნდი რომელთან დაკარგავს ქულებს, წინასწარ ვერ იტყვი. ასე რომ, ახლა მთავარია ბოლომდე შევინარჩუნოთ კონცენტრაცია და ყველაფერი კარგად იქნება.

თავად აღნიშნე, ჩემი მიზანი უცხოეთში თამაშიაო, ამ მხრივ ხომ არ არის რაიმე სიახლე და ხომ არ აპირებ, დილას ევროტურნირებზე დაეხმარო?

ახლა ჩემი სურვილია რომ დილაში დავამტკიცო ჩემი შესაძლებლობები და ამ გუნდს გამოვადგე. ერთი რამ დარწმუნებით შემიძლია ვთქვა ევროტურნირებზე დილასთან ერთად ვითამაშებ, შემდეგ კი რა როგორ იქნება გამოჩნდება.

ნაკრებში არაერთი თამაში ჩაატარე. ალბათ, იმედი გაქვს ოპტიმალურ ფორმაში როცა შეხვალ, კვლავ დაუბრუნდები ეროვნულ გუნდს. მით უმეტეს, ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელი კახა ცხადაძე  ახლა ძიების სტადიაშია.

ჩემი მიზანიც ისაა, რომ დილაში წარმატებული თამაშით ნაკრების მწვრთნელის ყურადღება დავიმსახურო. ნაკრები ხომ ყველა ფეხბურთელის ოცნებაა და გამონაკლისი არც მე ვარ. აქვე მინდა შევეხო ბოლო სანაკრებო თამაშებს. მალტას ყველა ასპექტში ვაჯობეთ და დამსახურებულადაც მოვუგეთ. რაც შეეხება გერმანიასთან შეხვედრას, წაგების მიუხედავად, ჩვენებმა კარგი შთაბეჭდილება დატოვეს და ეს ოპტიმიზმის საფუძველს აჩენს. ასევე სათქმელია, რომ ახალი ფეხბურთელების დაბრუნებით, თითოეულ სათამაშო რგოლში კონკურენციამ მოიმატა და ეს ნაკრებს მხოლოდ სასიკეთოთ წაადგება.

პაატა ძნელაძე