სიახლეები

მოულოდნელობა : საბურთალოს ზეიმი გადაიდო

გაუზიარე

საბურთალომ დროებით გადადო ზეიმი. გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდი საკუთარ ბენდელაზე სასკოს მასპინძლობდა და რომ მოეგო, შვიდი ტურით ადრე ოფიციალურად ინაღდებდა პირველ ადგილს. საზეიმო განწყობილება იყო მატჩამდე, ტრიბუნები გაივსო და მასპინძელთაგან ბევრ გოლს ელოდნენ, თუმცა, საბოლოოდ 2:3 – საბურთალომ სეზონში მესამედ წააგო.

არადა, დიდი სათამაშო უპირატესობა ჰქონდა საბურთალოს და ბევრი მომენტიც შექმნა, მაგრამ სასკოსაც ნუ დავუკარგავთ: დაცვაში მწყობრად იდგნა, კოტდივუარელმა მეკარე ჩარმელან აკმელმაც მშვენივრად ითამაშა. ზორბა ტანის გოლკიპერს ნახტომების გარდა, გოლების აღნიშნვნაც კარგად სცოდნია: მალაყს აკეთებდა და მერე მინდორზე დამჯდარი ცეკვავდა.

...შეხვედრის საწყის 10 წუთში საბურთალომ ორი შანსი გააცუდა: გრიგოლ ჩაბრაძის ჩაწოდების შემდეგ, გურამ გოშთელიანმა ახლოდან ოდნავ ააცილა. მალევე ბექა გვარაძის მიერ შორიდან არცთუ ძლიერად დარტყმულს აკმელმა თითები წაატანა და ბურთი ძელს მოხვდა.

27-ე წუთზე სასკო მოულოდნელად დაწინაურდა. საჯარიმო დაინიშნა, ჩაწოდებას კი ლაშა კალანდიას თავური მოჰყვა - 0:1. კალანდია მინდორზე მყოფ ფეხბურთელთაგან ყველაზე დაბალი გახლდათ, მაგრამ პოზიცია კარგად შეარჩია და თავისიანებიც დააწინაურა.

მასპინძლებმა უფრო მწვავედ შეუტიეს, მაგრამ პირველ ტაიმში ასპროცენტიანი მომენტი აღარ ჰქონიათ. სასკო 8-9 კაცით იცავდა თავს, ასეთ დროს კი ან შორიდან დარტყმაა საჭირო, ან კონკრეტული ფეხბურთელის ინდივიდუალური გარღვევა. არც ერთი გამოსდიოდათ და არც მეორე.

მეორე ნახევარში მასპინძლებმა უფრო მეტად გააძლიერეს დაწოლა, თუმცა უცებ აქეთ გაუშვეს გოლი. სასკომ მეორედ დაარტყა კარში და მეორეც შეაგდო: გამბიელმა ფორვარდმა საიკო ჯუფმა რთული პოზიციიდან მოულოდნელად დაარტყა და მეკარე ბექა ქურდაძემ თვალი გააყოლა ბურთს – 0:2.

წინ თითქმის 40 წუთი იყო და საბურთალოს იმედი არ გადაწურვია. პირიქით, გამუდმებულ შეტევებზე გადავიდა და დაცვა სულ დაივიწყა. მწვავე ეპიზოდებს თვლა არ ჰქონდა და ყოჩაღ სასკოს, რომ ამხელა დაწოლას გაუძლო. აკმელი გამოსვლაზეც კარგი იყო და ხაზზეც, მისი თავდაჯერება კი სტუმართა სხვა ფეხბურთელებსაც გადაედოთ. გიორგი ხორხელი, გოშთელიანი, გიორგი ხარაიშვილი, ილია ბეროშვილი – ვის აღარ ჰქონდა გატანის შანსი, მაგრამ ვერ ახერხებდნენ.

84-ე წუთზე კი სასკომ მესამედ დაარტყა კარში და კიდევ ერთხელ გაიტანა: ირაკლი ასათიანი დარჩა ხელსაყრელ პოზიციაში და მეკარე ქურდაძეს აუღებელი დაურტყა – 0:3.

გვიანღა გაუმართლათ საბურთალოელებს: 90-ე წუთზე მასირებულ შეტევას გიორგი ხარაიშვილის გოლი მოჰყვა. მასპინძელთა კაპიტანმა დაახლოებით 8-9 მეტრიდან გაიტანა. მალევე, სასკოს ჰქონდა მეოთხე გოლის შანსი, თუმცა იაგო დეისაძის გარღვევასა და დარტყმას ქურდაძის კარგი რეაქცია მოჰყვა.

მე-3 კომპენსირებულ წუთზე საბურთალოელებმა მეორე შეაგდეს, კერძოდ, შეცვლაზე შესულმა დავით ჯიქიამ მარცხნიდან ჩაწოდებული ბურთი ერთი შეხებით გადაგზავნა კარში – 2:3, მაგრამ დრო აღარ იყო დარჩენილი...

პირველი ლიგა. ა ზონა. გადადებული მატჩი

საბურთალო - სასკო 2:3 

0:1 კალანდია (27), 0:2 ჯუფი (52), 0:3 ასათიანი (84), 1:3 ხარაიშვილი (90), 2:3 ჯიქია (90+3)

ილია ნანობაშვილი