სიახლეები

ლეგიონი კვირას : ვაწაძემ ორჰუსს ქულა გადაურჩინა

გაუზიარე

იტალიაში ემპოლიმ პარმასთან 2:2 ითამაშა და მეთხუთმეტე პოზიციაზეა, თუმცა გავარდნის საფრთხე არ ემუქრება: 11 ქულითაა დაშორებული. ემპოლიმ კი ითამაშა, მაგრამ ლევან მჭედლიძე კვლავაც სათადარიგო გახლდათ და მინდორზე არ შეუყვანიათ.

კვიპროსზე, ქვედა ექვსეულში ნეა სალამისმა შინ 1:1 ითამაშა აელ ლიმასოლთან და ექვსეულში მეორეზეა. ნეა სალამისში გიორგი პაპავა შეუცვლელად გაისარჯა. ბოლო ადგილზე დარჩა ოთელოსი, რომელიც 2:2-ზე გაეყარა აია ნაპას. ოთელოსში როინ კვასხვაძემ 90 წუთი ითამაშა, ელგუჯა გრიგალაშვილი ბოლოს შეცვალეს, ხოლო ლევან ხმალაძეს ტრავმა აქვს. 

დანიის სუპერლიგაში ლადო დვალიშვილის ოდენსემ შინ ვერ მოუგო სონდერისკეს – 0:0. დვალიშვილი მინდორზე არ გამოჩენილა, სათადარიგო იყო. ოდენსე მეცხრე (ბოლოდან მეოთხე) საფეხურზეა. 

დანიის პირველ ლიგაში კი მეორეზე მყოფმა ორჰუსმა ლიდერ ვიბორგთან 1:1 ითამაშა. ორჰუსი აგებდა და ბოლო წუთზე მათე ვაწაძემ გაათანაბრა, რომელმაც ძელიდან ასხლეტილ ბურთს მიუსწრო და კარში გადაგზავნა. ეს ვაწაძის მე-15 გოლია სეზონში და სწორედ ისაა პირველი ლიგის საუკეთესო ბომბარდირი: მეორეზეც ორჰუსელი ფეხბურთელია – ობეხს 13 გოლი აქვს აქტივში. 

ვაწაძემ ეს მატჩი შეუცვლელად ჩაატარა, დავით სხირტლაძე ბოლო ათი წუთი გაისარჯა, ხოლო დავით დევდარიანს კვლავ ტრავმა აწუხებს დამ ის გამოჯანმრთელებამდე ჯერ ადრეა: წელი სტკივა. ორჰუსი სუპერლიგაში დაბრუნებასთან ახლოსაა. 

ფინეთში ირაკლი სირბილაძის კუპს-მა სეზონის პირველი თამაში მოიგო, კერძოდ, სტუმრად აჯობა კტპ-ს – 1:0. სირბილაძემ თავიდან ბოლომდე ითამაშა, ხოლო კტპ-ს მარცხენა მცველი გიორგი ოსიტაშვილი არ გამოჩენილა ტრავმის გამო. 

ნორვეგიაში სტაბეკმა გიორგი გოროზიას გარეშე აჯობა ვიკინგს – 1:0. გოროზია წინა მატცში გააძევეს და ამიტომაც არ გამოჩენილა ვიკინგთან. 

პორტუგალიაში ავთო ებრალიძის ჟილ ვისენტე შინ 0:0-ზე გაეყარა რიო ავეს და ბოლოსწინა ადგილზე დარჩა. ავთომ 90 წუთი ითამაშა. უმაღლესი ლიგიდან ორი გუნდი ვარდება და ებრალიძის გუნდის მდგომარეობა რთულია: ხუთი ქულით ჩამორჩება ბოლოდან მესამეზე მყოფ სეტუბალს, წინ კი ხუთი ტურიღა დარჩა.  

პორტუგალიაშივე, რანგით მეორე ლიგაში კიდევ ერთხელ იმარჯვა გიორგი მაკარიძის ფეირენსემ, რომელმაც მარიტიმუ ბ-ს 1:0 სძლია. მაკარიძემაც სრულად ითამაშა. ფეირენსე მესამე ადგილზეა და მეორეადგილოსანს მხოლოდ ბურთების შეფარდებით ჩამორჩება. 

და ბოლოს, უკრაინაში სანდრო კობახიძის ვოლინმა შინ 1:3 წააგო ლიდერ კიევის დინამოსთან. არადა, ვოლინი მე-6 წუთზე დაწინაურდა პენალტით, ეს პენალტი კი კობახიძის გარღვევას, ჩაწოდებას და დომაგოი ვიდას მიერ ხელით თამაშს მოჰყვა. ქართველ ფლანგლ შემტევს ბოლოს არ გაუმართლა, ოდნავ ააცილა ძლიერი დარტყმით. სანდრომ მატჩი შეუცვლელად ჩაატარა, გაფრთხილებაც მიიღო. ვოლინი მეშვიდე ადგილზეა. 

ილია ნანობაშვილი