სიახლეები

ყაზაიშვილი - ამჯერად დუბლი და წაუგებელი სერია 12 მატჩამდე იზრდება

გაუზიარე

ვაკო ყაზაიშვილმა ჰოლანდიის ერედივიზიოინის პირველ წრეში დორდრეხტს სამი გოლი გაუტანა და მაშინ ვიტესმა 6:2 მოიგო, ამჯერად კი ვაკომ დუბლი შეუსრულა ამ გუნდს. არნემელებმა დორდრეხტს 3:0 სძლიეს, 22 წლის ქართველმა შემტევმა კი მეორე ტაიმის საწყის ოც წუთში გაიტანა გოლები: ჯერ ვეინოვიჩის პასი გამოიყენა, მერე კი ტრაორესი. 

ყაზაიშვილს მიმდინარე ჩემპიონატში 8 გოლი მოუგროვდა და ამ მაჩვენებლით, გუნდში სწორედ მხოლოდ ტრაორესა (11) და ვეინოვიჩს (10) ჩამორჩება. ვაკომ დორდრეხტთან შეუცვლელად ითამაშა, ისევე როგორც ვიტესის კაპიტანმა გურამ კაშიამ. გურამმა გაფრთხილება მიიღო. აქვე ვთქვათ, რომ ვიტესი მეოთხე ადგილზეა და ევროპის ლიგაზე გასვლა სურს. არნემელებს საოცარი სერია აქვთ: ბოლო 12 მატჩში 10 მოგება და 2 ფრე. 

რუსულ პრემიერლიგაში მოსკოვის სპარტაკმა მოგება გაიხსენა, კერძოდ, გასვლაზე სარანსკის მორდოვიას 3:1 სძლია და მეექვსე ადგილზეა. სად იყო ჯანო ანანიძე? სათადარიგოთა სკამიდან უყურა თამაშს. რაც შეეხება ყაზანის რუბინს, ყაზანელებმა 2:1 დაამარცხეს ურალი და მეოთხე საფეხურზე არიან. სოლომონ კვირკველია სრულად გაისარჯა, მამუკა კობახიძე კი 88-ე წუთზე შეიყვანეს მინდორზე. 

ჩეხეთში კვლავ წააგო ლევან ყენიას სლავიამ. პრაღელები შინ 1:2 დამარცხდნენ იიჰლავასთან და მე-13 (ბოლოდან მეოთხე) ადგილამდე დაქვეითდნენ. ყენიამ 77 წუთი ითამაშა. 

ბელგიაში გენკი გასვლაზე 0:4 განადგურდა მეხელენთან. ქართველები კვლავაც განაცხადს მიღმა დარჩნენ, რადგან ტრავმა აწუხებთ. 

კვიპროსზე, ზედა ექვსეულში ანორთოსისმა შინ 3:0 აჯობა აეკ ლარნაკას. ირაკლი მაისურაძემ და გიორგი აბურჯანიამაც შეუცვლელად ითამაშეს. აბურჯანიას ანგარიშზე ერთი საგოლე პასია. ანორთოსისი მეხუთე ადგილზეა, თუმცა მესამეზე გასვლის შანსიც აქვს. ომონიამ კი 1:0 სძლია აპოლონს და ლიდერობა დააკარგვინა, თუმცა უჩა ლობჟანიძე მინდორზე არ გამოჩენილა - ერთმატჩიანი დისკვალიფიკაცია მოიხადა. ომონია მესამე პოზიციაზეა და ორი ქულით უსწრებს ანორთიოსისს. 

პოლონეთში იაგელონიამ 2:1 მოუგო პიასტს და მესამე პოზიციაზეა. გიორგი ფოფხაძე კვლავაც შეუცვლელად გაისარჯა და ერთ გოლში დაიდო წვლილი. ქართველმა მარცხენა მცველმა ყვითელი ბარათიც მიიღო. რაც შეეხება ფოფხაძის თანაგუნდელ ნიკა ძალამიძეს, მას ტრავმა აქვს და შესაძლოა, მომდევნო ტურში ითამაშოს. 

საბერძნეთში კერკირამ შინ 0:1 წააგო პაოკთან და მეათე საფეხურზეა. კერკირაში კვლავაც არ უთამაშია აკაკი ხუბუტიას, რადგან საზარდული აწუხებს. ერთი თვეა, რაც ხუბუტია ტრავმირებულია. 

თურქეთში ქასიმფაშა 1:5 განადგურდა ბეშიქთაშთან. ქასიმფაშას ახალმა მწვრთნელმა მეჰმეთ აურელიომ ლაშა დვალი სათადარიგოთა სკამზე დასვა, თუმცა ამით რა მოიგო, ანგარიში გვაჩვენებს. ქასიმფაშა მე-14 ადგილზეა და 8 ქულითაა დაშორებული გასავარდნ ზონას.  

უკრაინაში ჯაბა ლიპარტიას ზორიამ 1:4 წააგო დონეცკის შახტართან, თუმცა მეოთხე ადგილზე დარჩა. ლიპარტიამ 90 წუთი ითამაშა და საერთოდაც, წლეულს თავის გუნდში გამოირჩევა.  

ლვოვის კარპატიმ ხარკოვში მეტალისტთან 0:0-ს მიაღწია. კარპატიში ბუბა დაუშვილი გამოჩნდა, ბოლო 20 წუთი გაისარჯა. კარპატიში 90 წუთი ითამაშა უკრაინის მოქალაქემ, ნახევარმცველმა ამბროსი ჩაჩუამ. ლვოველები ბოლო ადგილზე არიან. 

რაც შეეხება მესამე ადგილზე მყოფ დნიპროს, მათ 5:0 გაანადგურეს დონეცკის ოლიმპიკი. დნიპროში ჯაბა კანკავას და კიდევ რამდენიმე წამყვან ფეხბურთელს არ უთამაშია. გასაგებიცაა, მწვრთნელმა მირონ მარკევიჩმა ბრიუგესთან ევროპის ლიგის მეოთხედფინალის საპასუხო მატჩისთვის დაასვენა ისინი. 

ილია ნანობაშვილი