სიახლეები

ვიცით, როდის და რა გვინდა!

გაუზიარე

თავის დროზე თენგიზ კობიაშვილი ვიტ ჯორჯიას კაპიტანი იყო და ამ გუნდისთვის მოედანზე იბრძოდა, ახლა კი, როცა ვიტ ჯორჯიას გავარდნის საფრთხე დაემუქრა, ყოფილი კაპიტანი მთავარი მწვრთნელის რანგში ცდილობს კლუბის უძლიერესთა შორის დატოვებას. მართალია, გუნდი ჯერაც სატურნირო ცხრილის ფსკერზეა, მაგრამ თამაშის ხარისხი რომ გამოასწორა, ესეც ფაქტია და ვიტჯორჯიელებს უმაღლეს ლიგაში დარჩენის იმედს სწორედ ეს აძლევს. 

ვიტ ჯორჯია ბოლო ადგილზეა და გავრდნის კანდიდატია, თქვენ კი სწორედ ამ დროს ჩაიბარეთ გუნდი. კლუბში მუშაობა რით დაიწყეთ? 

გუნდს არ ჰქონდა არანაირი სტილი. ჯერ უნდა შევთანხმდეთ, რა გვინდა და აქედან გამომდინარე უნდა ვიმოქმედოთ. თუ გვსურს, ძლიერი, კონკურენტუნარიანი გუნდის ჩამოყალიბება, მაშინ, პრაქტიკულად, ნულიდან უნდა დაიწყო და ჩვენც ასე მოვიქეცით. ვიტ ჯორჯია ყოველთვის გამოირჩეოდა სტაბილურობით, ახლა კი გუნდმა ეს თვისება უნდა დაიბრუნოს.

თქვენი მოტივაცია ბუნებრივი და მისასალმებელია, მაგრამ ფაქტია, რომ ვიტ ჯორჯია ბოლო ადგილზეა, ჩემპიონატის დასრულებამდე კი შვიდი ტური დარჩა.

ცხრილის ქვედა ნაწილში ისეთი დაძაბულობაა, არავინ იცის, სეზონს როგორ დაასრულებს. ორი მოგება და, შეიძლება, სატურნირო მდგომარეობა საგრძნობლად გავიუმჯობესოთ. ყველანი იმედიანად ვართ და, სანამ შანსი გვექნება, ბოლომდე ვიბრძოლებთ.

საქართველოში ბევრ გუნდს შეჰქმნია პრობლემა მას შემდეგ, რაც უმაღლესი ლიგიდან გავარდნილა _ კლუბის ხელმძღვანელებს ენთუზიაზმი უქრებათ, მწვრთნელი სხვაგან მიდის, ფეხბურთელებიც გაქცევაზე არიან. ვიტ ჯორჯიასაც ხომ არ ემუქრება მსგავსი საფრთხე, თუ გასავარდნ ზონას თავი ვერ დააღწიეთ?

ვთქვი და გავიმეორებ: ვიტ ჯორჯია ყოველთვის გამოირჩეოდა გუნდური სულისკვეთებით და სტაბილურობით, ასე რომ, ვერანაირი საფრთხე, მათ შორის, პირველ ლიგაში თამაში ვერ შეგვაშინებს. გავიხსენოთ დილას, სამტრედიას, ბათუმის დინამოს და ტორპედოს მაგალითები, ეს გუნდები თავის დროზე გავარდნენ, მაგრამ ახლა კვლავ უმაღლეს ლიგაში არიან და მაღალი ადგილებისთვის იბრძვიან. ამიტომ ტრაგედია არაფრისგან არ უნდა შევქმნათ, პირიქით, შეცდომები უნდა დავინახოთ, გავაანალიზოთ და გამოვასწოროთ, მსგავსი მომავალშიც რომ არ გამეორდეს.

მეორე წრეში იყო თამაშები, მაგალითად, ტორპედოსთან და ჩიხურასთან, სადაც, სულ მცირე, ქულის აღება შეგეძლოთ, მაგრამ წააგეთ. ეს იმის ბრალი ხომ არ არის, რომ ფეხბურთელებს გარკვეულწილად რწმენა აქვთ დაკარგული?

ამ მოსაზრებას ვერ გავიზიარებ. შეიძლება, გვქონდეს წუნი და თან არაერთი, მაგრამ ჩემს ფეხბურთელებს რწმენა ნამდვილად არ დაუკარგავთ. არ მახსოვს შემთხვევა, თავი დაეზოგათ, მოედანზე დასახარჯი ენერგია `შეენახათ~ და გასახდელში `წამოეღოთ~, პირიქით, რაც შეუძლიათ, ყველაფერს მოედანზე ტოვებენ და სწორედ მათი ასეთი შემართება მაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ არ გავვარდებით.

ვიტ ჯორჯიას ყოველთვის ჰყავდა საინტერესო ფეხბურთელები და გამონაკლისი არც ამ ფორმაციის გუნდია _ თათხაშვილი, გეთიაშვილი, კურდღელაშვილი...

ჩემი მხრიდან რომელიმე ფეხბურთელის გამორჩევა სწორი არ იქნება. უბრალოდ, ვიტყვი იმას, რომ ამ მოთამაშეების მჯერა და მათთან მუშაობა ძალიან საინტერესოა. დარწმუნებული ვარ, ერთად ყოფნის პერიოდში ცოტა ხანში გაცილებით ამბიციური მიზნები გვექნება. მიმდინარე სეზონში შედარებით უკეთესი სატურნირო მდგომარეობა რომ გვქონდეს, ვიტ ჯორჯიას ფეხბურთელებზე გაცილებით მეტი მოთხოვნა იქნებოდა. 

მომდევნო ტურში ერთ-ერთ ლიდერს, თბილისის დინამოს ეთამაშებით.

დინამოსთან თამაში არასდროს ყოფილა იოლი და გამონაკლისი არც ეს შეხვედრა იქნება, მით უმეტეს, დინამოს ისეთი სატურნირო მდგომარეობა აქვს, მაქსიმალური მობილიზებით მოუწევს ჩვენ წინააღმდეგ თამაში, მაგრამ, ეს შეხვედრა თუ ჩვენთვის იქნება რთული, მერწმუნეთ, ასევე რთული იქნება დინამოსთვისაც, რადგან დარჩენილ თამაშებში ჩვენი ფეხბურთელები ბოლომდე დაიხარჯებიან და არც დინამოსთან გვექნება განსხვავებული განწყობა.

ახლანდელ ჩემპიონატს ის პერიოდი შეადარეთ, როდესაც მოქმედი ფეხბურთელი იყავით, ამასთან, რას იტყვით უმაღლეს ლიგაში გუნდების რაოდენობის გაზრდაზე?

დონემ რომ მოიკლო, ამის თქმას ვერ გავექცევით, მაგრამ გუნდების რაოდენობის გაზრდამ აშკარად გაამართლა. მიმდინარე ჩემპიონატში ვერც ერთი ლიდერი აუტსაიდერებთან ქულებს ვერ დაგეგმავს, ყველა გამარჯვება ენერგიის მაქსიმალური დახარჯვით თუ მოიპოვება. დაძაბულობამ აშკარად იმატა და ეს უეჭველად მისასალმებელია. სავარაუდოდ, სეზონის ბოლომდე არ გაირკვევა არც ჩემპიონის და  არც ევროპის ლიგაზე მოთამაშე გუნდების ვინაობა, არც  ლიგიდან გავარდნილები გვეცოდინება. დონემ რომ აიწიოს, ამისთვის აუცილებელია მთავარი ფაქტორები _ კლუბებს ჰქონდეთ დაფინანსება და სტაბილურობის განცდა.

პაატა ძნელაძე