სიახლეები

ბათუმი თბილისთან ანშლაგს ითხოვს

გაუზიარე

ბათუმის დინამომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტის 8 აპრილის გადაწყვეტილება სააპელაციო კომიტეტში გაასაჩივრა. შეგახსენებთ, დისციპლინარებმა ბათუმელები სადისციპლინო კოდექსის 115-ე და 116-ე მუხლების თანახმად, 8 ათასი ლარით და სამი მატჩის უმაყურებლოდ ჩატარების სანქციით დასაჯეს.

ეს სანქციები ქობულეთში 3 აპრილს ბათუმის დინამო - ტორპედოს შეხვედრას მოჰყვა. მასპინძელთა ქომაგები ნამატჩევს მოედანზე შეჭრილან და თანამსაჯებისთვის უგინებიათ, ხოლო არბიტრ გიორგი ყრუაშვილისთვის ფიზიკური შეურაცხყოფა მიუყენებიათ. 

აპელაციაში ბათუმელები ითხოვენ, რომ მათ 8-ათასიანი ჯარიმაც შეუმცირონ, თუ საერთოდ არ გაუუქმებენ და ბოლომდე თუ არა, უმაყურებლობის ვადა  გაუნახევრონ მაინც ქობულეთის სტადიონს. ბათუმის დინამომ უმაყურებლოდ უკვე ითამაშა სამტრედიასთან და 1:0 გაიმარჯვა, ორი უახლოესი საშინაო შეხვედრა კი გუნდს გურიასთან და თბილისის დინამოსთან აქვს გასამართი. სწორედ დინამოსთან 9 მაისს გასამართი შეხვედრა, სავარაუდოდ, საჩემპიონო უნდა იყოს. რაც შეეხება 8-ათასიან ჯარიმას, ეს სასჯელი ბათუმელებს სტადიონზე ეგრეთ წოდებული ასაფეთქებლის გამოყენებისთვის დაეკისრათ. სააპელაციო განცხადებაში კი ნათქვამია, რომ ბათუმის ქომაგებს ტრიბუნაზე არაფერი აუფეთქებიათ. 

დიახ, ვფიქრობთ, რომ ჩვენი მოთხოვნა არგუმენტირებულია და მისი დაკმაყოფილების იმედიც გვაქვს. სააპელაციო კომიტეტს ასევე ვაცნობეთ, რომ ბათუმის დინამოს თამაშზე მსგავსი ინციდენტი აქამდე არ მომხდარა, ეს ქომაგთა მხრიდან წესების დარღვევის პირველი შემთხვევაა და ვთხოვთ, რომ გადაწყვეტილების მიღებისას ეს აუცილებლად გაითვალისწინოს. სადისციპლინო კომიტეტის გადაწყვეტილების შემდეგ პირველი, რამაც გონებაში გამიელვა, ის იყო, რა პასუხი გავცე ერთგულ ქომაგებს და `პირატებს~, ანუ ჩვენს ფანკლუბს. ისინი დინამოს თავგადაკლული გულშემატკივრები არიან და წარმოვიდგინე, მათთვის სტადიონის კარების ჩაკეტვა რა საშინელება იქნებაოდა. ბათუმის დინამოს თამაშებისას ქომაგს აგრესია არ გამოუვლენია და ამ ფაქტს ჩვენი მეტოქეებიც დაადასტურებენ. 9 მაისს ბათუმის დინამო ქობულეთში თბილისის დინამოს უმასპინძლებს და იმ დღეს აჭარაში საფეხბურთო ზეიმი იქნება. თბილისის დინამოსთან თამაშისას ქობულეთის სტადიონზე ანშლაგია მოსალოდნელი, ოღონდ, ჯერ, ცხადია, სააპელაციო კომიტეტმა ჩვენი თხოვნა უნდა დააკმაყოფილოს _ გვითხრა ბათუმის დინამოს პრეზიდენტმა ოთარ ფედიჩკინმა და დასძინა, _ აპელაციაზე პასუხს ლანჩხუთის გურიასთან მატჩამდე მივიღებთ და ვიმედოვნებთ, ნაწილობრივ მაინც საჩვენო გადაწყვეტილებას მიიღებენ.    

შეგახსენებთ, რომ ბათუმის დინამომ ლანჩხუთის გურიას 25 აპრილს უნდა უმასპინძლოს. 

ლუკა თალაკვაძე