სიახლეები

ფრანგებს პსჟ-ბარსელონამ მარგვეთი გაახსენა

გაუზიარე

ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში პსჟ-მ შინ 1:3 წააგო ბარსელონასთან და რა შუაშია ამასთან ზესტაფონის მარგვეთი? იმ შუაში, რომ ფრანგულმა "ექსპრესმა" 1996 წელი გაიხსენა, როცა მარგვეთმა უეფას თასის საკვალიფიკაციოზე მალტის სლიემა უონდერერსს სტუმრად 3:1 სძლია, შინ კი 0:3 წააგო და გავარდა. 

ევროტურნირების ისტორიაში სამად სამი შემთხვევა იყო, როცა შინ 1:3 წაგებულის მერე გუნდი შემდეგ ეტაპზე გავიდა. მარგვეთის "გმირობაზე" უკვე ვთქვით და კიდევ, 1996 წელსვე უეფას თასზე დანიურმა ბრონდბიუმ მოახდინა სენსაცია: საშინაო მარცხის შემდეგ კარლსრუე გერმანიაში 5:0 გაანადგურა. ასევე უეფას თასზე, 1998-1999 წლების სეზონში შტუტგარტმა შინ 1:3 წააგო როტერდამის ფეიენოორდთან და გასვლაზე 3:0 სძლია. 

ისე, ზესტაფონის მარგვეთი მაშინ პირველად გავიდა ევროსარბიელზე. ავად გვახსოვს იმერეთში გამართული მატჩი, როცა მალტელებმა სირცხვილი გვაჭამეს: ზესტაფონელებმა მესამე გოლი ბოლო წუთზე პენალტიდან გაუშვეს და ასე გავარდნენ... 

თუმცა მარგვეთი ვერ იყო იმ დონის გუნდი, როგორიც შემდგომ ზესტაფონი გახდა. როგორც იცით, 2004 წელს ახალი კლუბი დაარსდა, რომელსაც მარგვეთი კი არა, ზესტაფონი დაერქვა.

ილია ნანობაშვილი