სიახლეები

საბურთალო საგურამოშიც ლიდერია

გაუზიარე

საგურამო. 15 აპირილი. 1000 მაყურებელი

ლოკომოტივი - საბურთალო 0:1

 0:1 ნიკოლაშვილი (90)

ლოკომოტივი: მიქავა, გაბაძე (ჩიტეიშვილი 71), უბილავა, დიასამიძე, სულთანიშვილი, ართმელაძე (წივწივაძე 66), სამურკასოვი (არდაზიშვილი 61), დუმბაძე, გავაშელიშვილი, ღვინიაშვილი (ლეჟავა 89), არაბიძე

მწვრთნელი: ვასილ მაისურაძე

საბურთალო: ქურდაძე, მარგველაშვილი, ტაბიძე, იაშვილი, ხარაიშვილი, სოფრომაძე (ხორხელი 42), მამუჩაშვილი (ნიკოლაშვილი 61), გვარაძე (ჯიქია 61), ალთუნაშვილი (ბიძინაშვილი 73), ჩაბრაძე, გოშთელიანი

მწვრთნელი: გია ჭიაბრიშვილი 

გაფრთხილება: მარგველაშვილი (57), არაბიძე (84)

მსაჯი: გიორგი ვადაჭკორია

პირველი ლიგის ცენტრალური მატჩი გუშინ საგურამოში გაიმართა. თბილისის ლოკომოტივმა თავის საწვრთნელ ბაზაზე ა ჯგუფის ერთპიროვნული ლიდერი საბურთალო მიიღო. ამ გუნდების პირველი წრის შეხვედრას `ბენდელაზე~ თავსხმა წვიმა და ძლიერი ქარი დაერთო, თუმცა თამაში ფრიად თვალსასეირო გამოდგა, საბურთლო პირველ ტაიმში კაცნაკლული დარჩა, მაგრამ მაინც შეძლო თამაშის მინიმალური სხვაობით მოგება. 

გუშინდელი მატჩისთვისაც უკეთესი ამინდი იყო სასურველი, საგურამოს მოშიშვლებულ ალაგზე ლამის ქარბუქი ტრიალებდა, რამაც შეხვედრას თავისი კვალი დაატყო. ვერ ვიტყვით, რომელიმე გუნდი მეტოქეზე უკეთ გამოიყურებოდაო, თუმცა სამი ქულა სტუმრებს კი დარჩათ. არადა, მოგება ლოკომოტივს უფრო სჭირდებოდა _ ვასილ მაისურაძის გუნდს უმაღლესში აღზევების შანსი კიდევ აქვს, მეორეადგილოსან ლაზიკას შვიდი ქულით ჩამორჩება და ერთ მატჩი `თადარიგში~ აქვს. საბურთალომ კი პირველობა უკვე გაინაღდა. თანაც, ლოკომოტივს ერთგვარი რევანშიც ჰქონდა ასაღები. ვასილ მაისურაძეს ოპტიმალური შემადგენლობის შერჩევის საშუალება არ ჰქონია. მის გუნდს ერთ-ერთი ლიდერი, ახალგაზრდული ნაკრების მცველი სანდოხაძე, ფლანგელი ნახევარმცველი კიკნაძე და კიდევ რამდენიმე ფეხბურთელი აკლდა. 

გარკვეული ცვლილებები იყო საბურთალოს ძირითად შემადგენლობაში და ამას ისიც დაერთო, რომ გია ჭიაბრიშვილმა პირველსავე ტაიმში ორი შეცვლა გააკეთა და გუნდის შემადგენლობა თუ თამაში რამდენჯერმე გადააწყო. შეგახსენებთ, რომ პირველ ლიგაში ხუთი შეცვლაა დაშვებული. მატჩის მნიშვნელობიდან გამომდინარე, არბიტრიც სათანადო იყო შერჩეული _ შეხვედრას ერთ-ერთი საუკეთესო ქართველი მსაჯი გიორგი ვადაჭკორია უძღვებოდა. 

პირველ ტაიმში მოედანზე მაინცდამაინც საინტერესო არაფერი მომხდარა. მხოლოდ ერთხელ იყო, რომ ლოკომოტივმა ნაღდი საგოლე შანსი წაახდინა _ ღვინიაშვილმა თავით ჩინებული პასი გაუკეთა დიასამიძეს, ვინც მეკარე ქურდაძესთან პირისირ დარჩა, მაგრამ მას ვეღარ ააცილა. არადა, შედეგიანად რომ დაერტყა, ვინ იცის, მოვლენები როგორ განვითარდებოდა. საბურთალო ხომ ჩამორჩენას არ შეეგუებოდა, მეტს შეუტევდა და ეგებ, მასპინძლებსაც უფრო მწვავე იერიშების საშუალება მისცემოდათ. 

საგოლე მომენტებით მაინცდამაინც დახუნძლული არც მეორე ტაიმი ყოფილა. მეტოქეებმა თითო შანსი გააცუდეს, უფრო ხშირად კი ფეხბურთელებს გააზრებული შეტევები ქარის გამო არ გამოსდიოდათ. თანაც, ორივე გუნდი ფრთხილობდა. ამის დასტურია მატჩში ჯარიმების რაოდენობაც _ სტუმრები 22-ჯერ დაჯარიმდნენ, მასპინძლები 14-ჯერ. საგულისხმოა ოფსაიდების რაოდენობაც _ საბრურთალო 4-ჯერ აღმოჩნდა თამაშგარეში, ლოკომოტივი კი 6-ჯერ. ბურთის ფლობის პროცენტული მაჩვენებელი საბურთალოს მხარესაა. ლოკომოტივის აქტივში 45 პროცენტია, საბურთალოსი - 55. და ბარემ კარში დარტყმებზეც ვთქვათ: ორივე გუნდმა 6-ჯერ დარტყა, მაგრამ ზუსტი მხოლოდ ერთი, შეცვლაზე შესული საბურთალოელი ნიკოლაშვილის დარტყმული აღმოჩნდა. სტუმართა მეკარე ქურდაძემ ლოკომოტივის შემტევებს არაფრით გაატანინა, ხოლო სამქულიანი ბურთი სტუმართა შემტევმა მსაჯის მიერ დამატებულ მეორე წუთზე შეაგდო. ლოკომოტივის მეკარემ ჩაბრაძის სახიფათოდ დარტყმული კი მოიგერია, მაგრამ ნიკოლაშვილის დამატებულს ვეღარაფერი მოუხერხა... 

ლუკა თალაკვაძე