სიახლეები

ასლან ბალაძე : ეს მხოლოდ დასაწყისია

გაუზიარე

როგორც უნდა დასრულდეს მიმდინარე ჩემპიონატი, სეზონის უმთავრეს აღმოჩენად, ნებისმიერ შემთხვევაში, ბათუმის დინამოს დავასახელებთ. აჭარული კლუბისგან, რომელმაც წინა სეზონი პირველ ლიგაში გაატარა, ბევრს არ ელოდნენ და უმაღლესში დასარჩენად ბრძოლას უწინასწარმეტყველებდნენ, მაგრამ დინამო ჯერ საუკეთესო სამეულამდე აღზევდა, სადღეისოდ კი ჩემპიონატს ლიდერობს და გორის დილასა და დინამო თბილისის მსგავსად, ოქროს მედლების მოპოვების რეალური პრეტენდენტია.
"ჩვენი თამაშის" რესპონდენტი ბათუმელთა ერთ-ერთი მწვრთნელი ასლან ბალაძეა, რომელიც გუნდის წარმატების მიზეზებზე საუბრობს და სამომავლო გეგმებსაც გვიმხელს.
წინა ტურში ბათუმელებმა ქობულეთში სამტრედიას სძლიეს და ბალაძეს თავდაპირველად, ამ მატჩის შეფასება ვთხოვეთ:
"სამტრედია უმაღლეს ლიგაში ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი შემადგენლობით გამოირჩევა და ჩვენთან დაპირისპირებამდე სამეულში მოხვედრის რეალური შანსიც ჰქონდა. მასთან შეხვედრა ძალიან დაძაბული იყო და არც გამარჯვება მოსულა იოლად, მაგრამ ვერავინ იტყვის, რომ სამი ქულა არ დავიმსახურეთ. ეს გამარჯვება კი ჩვენთვის ძალიან ფასეულია – სწორედ ამ სამი ქულის წყალობით დავიბრუნეთ ლიდერობა".
ბათუმის სტადიონის პროექტი კი დაამტკიცეს, მაგრამ დინამოს კიდევ დიდხანს მოუწევს საშინაო მატჩების ქობულეთში ჩატარება.
"ქობულეთიც აჭარაა და ვერ ვიტყვი, რომ იქ თავს უცხოს ვგრძნობთ, მაგრამ ბათუმში თამაშს დინამოსთვის სულ სხვა ხიბლი ჰქონდა. ბედნიერები ვართ, სტადიონის პროექტის დამტკიცებას საშველი რომ დაადგა, მაგრამ მის აშენებამდე ჯერ დიდი დროა და კვლავ ქობულეთში მოგვიწევს თამაში. მართალია, ქომაგობა არც იქ გვაკლია, მაგრამ ყოველდღიურად ქობულეთში სავარჯიშოდ სიარული დიდ დისკომფორტთანაა დაკავშირებული. "ჩელე არენაზე" ვარჯიშობენ და თამაშობენ როგორც ბათუმის დინამო, ასევე ჩვენი ჭაბუკები", - ამბობს ბალაძე.
ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტმა დინამო-ტორპედოს მატჩის შემდეგ მომხდარი ინციდენტის გამო, ბათუმელებს სამი საშინაო შეხვედრის უმაყურებლოდ ჩატარება მიუსაჯა. ბალაძის აზრით, ეს სანქცია მეტისმეტად მკაცრია:
"რაღა თქმა უნდა, ჩვენი კლუბი დასასჯელი იყო, მაგრამ ამგვარი სანქცია ძალიან გადაჭარბებულად მიმაჩნია. მატჩის შემდეგ ხალხი მოედანზე შევიდა, მაგრამ მსაჯებს ფიზიკურად არავინ შეხებია. საჩემპიონო ბრძოლაში ჩართული კლუბისთვის, რომელიც ისედაც უცხო სტადიონზე თამაშობს, უმაყურებლოდ თამაში უმძიმესი ფაქტია. მართალია, სამტრედიასთან უმაყურებლო შეხვედრა უკვე გავიარეთ, მაგრამ წინ გველის ორი უპრინციპულესი საშინაო დაპირისპირება ლანჩხუთის გურიასა და თბილისის დინამოსთან. უსამართლო იქნება, ცარიელი ტრიბუნების თანხლებით ჩავატაროთ მატჩები, სადაც ჩემპიონის ბედი უნდა გაირკვეს. სადისციპლინო კომიტეტში აპელაცია გვაქვს შეტანილი და ვიმედოვნებთ, რომ სასჯელს შეგვიმსუბუქებენ".
საინტერესოა, როგორი განწყობით ხვდება სეზონის ფინიშამდე დარჩენილ შვიდ ტურს გუნდი, რომლისგანაც ასეთი მაღალი მიზნებისთვის ბრძოლას არავინ ელოდა.
"სიმართლე გითხრათ, ჩვენთვისაც სიურპრიზი იყო ასეთ სიმაღლეზე ასვლა, მაგრამ ნათქვამია, მადა ჭამაში მოდისო და რაკი ვხედავთ, რომ ჩემპიონობის რეალური შანსი გვაქვს, უკან დახევას არ ვაპირებთ. თუმცა ყველანაირად ვცდილობთ, ბიჭებს დიდი ფსიქოლოგიური ტვირთი არ ავკიდოთ. მათ კარგად იციან, რომ სეზონს მაღალ დონეზე ატარებენ და ევროსაგზურთან ძალიან ახლოს არიან. მათ იმის საშუალებას ვაძლევთ, რომ წნეხის გარეშე ითამაშონ. თითოეულ მატჩში გამარჯვებისთვის ვიბრძოლებთ და დრო გვიჩვენებს, ვინ გახდება ჩემპიონი. ამ სეზონში კი ნებისმიერ შემთხვევაში, უკვე გამარჯვებულები ვართ".
რა არის ბათუმის დინამოს წარმატების გასაღები?
"ქართული კლუბების უმრავლესობაში მოვლენები ელვის სისწრაფით იცვლება. ყოველ სატრანსფერო სეზონზე უამრავი ფეხბურთელი მიდის და მოდის, ასეთ გარემოში კი წარმატებაზე ფიქრი ძნელია. ჩვენ ვარსკვლავური შემადგენლობა ნამდვილად არ გვყავს, სამაგიეროდ, გვაქვს დროში გაწერილი პროექტი და ფეხბურთელებს ბოლომდე ვენდობით. რა თქმა უნდა, ეს ცვლილებებს არ გამორიცხავს, მაგრამ ყველაფერში ზომიერებაა საჭირო. ამჟამინდელი სამწვრთნელო შტაბი გუნდში თერთმეტი თვის მისული ვართ და მოხარულები ვართ, რომ ჩვენმა შრომამ ამ მცირე დროშიც კი გამოიღო ნაყოფი. თუმცა ეს მხოლოდ დასაწყისია. დარწმუნებულები ვართ, რომ ბათუმის დინამო ყოველწლიურად გააუმჯობესებს თამაშის ხარისხსაც და შედეგსაც.
პარალელს გავავლებდი 90-იანი წლების ბათუმის დინამოსთან. მაშინდელი წარმატებებიც სტაბილურობამ მოიტანა. ძლიერი ფეხბურთელების პლეადამ დაახლოებით შვიდი წლის განმავლობაში ითამაშა ერთად და ამან საქართველოს თასი და ევროტურნირებზე ჩატარებული დასამახსოვრებელი მატჩები მოგვიტანა".
რაკი ევროთასებზე გასვლა თითქმის დაბევებული აქვს, დავინტერესდით, სად ჩაატარებს საერთაშორისო მატჩებს ბათუმის დინამო.
"დინამოელები ვართ და ამიტომაც ევროტურნირების საშინაო შეხვედრებს თბილისში, `დინამო არენაზე~ გავმართავთ. ამის თაობაზე სტადიონის ადმინისტრაციასთან უკვე შევთანხმდით. ევროტურნირების ლიცენზიის მხრივაც არ გვექნება პრობლემა და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ქართველი ქომაგის წინაშე ღირსეულად წარვსდგეთ. მჯერა, მხურვალე მხარდაჭერა არც ბათუმელი ქომაგებისგან მოგვაკლდება და არც – თბილისელებისგან.
დასასრულს, ქართულ ფეხბურთს აღორძინებას ვუსურვებ, ჩვენი ქვეყნის ყველა კუთხეს კი – ისეთივე საფეხბურთო ბუმს, როგორიც დღეს აჭარაშია".

ლევან ჯანეზაშვილი