სიახლეები

მიხელ ალავიძე ეროვნულ ნაკრებსა და ბათუმის დინამოზე

გაუზიარე
მიხეილ ალავიძე მიმდინარე სეზონს მართლაც გამორჩეულად ატარებს და დიდი წვლილი მიუძღვის იმაში, რომ ბათუმელები უკვე ჩემპიონატის ერთ-ერთი ფავორიტები არიან. შედეგად ალავიძე ნაკრების კანდიდატითა შორისაა.

ჩემპიონატის დასრულებამდე შვიდი ტური დარჩა. ბათუმის დინამო კი კვლავ ლიდერთა შორისაა, არადა არათუ ჩემპიონატის დასაწყისში, არამედ პირველი წრის შემდეგაც ფავორიტთა შორის ბევრი არ მოგიაზრებდათ.

ბევრი ახლაც არ გვთვლის, მაგრამ ამას ყურადრებას არ ვაქცევთ. ჩვენ თითოეულ შეხვედრაში ბოლომდე ვიხარჯებით და მგონი ცუდი შედეგი არ გვაქვს. ყველაფერი კი იქედან მოდის, რომ საოცრად შეკრული გუნდი ვართ, როგორც მოედანზე ასევე მის მიღმაც და ეს წარმატების ერთ-ერთი მთავარი წანაპირობაა. 

ქუთაისის ტორპედოსთან შეხვედრისას მომხდარი ინციდენტის გამო დაისაჯეთ და სამტრედიას მაყურებლის გარეშე ეთამაშეთ. ასე იქნება კიდევ ორ საშინაო შეხვედრაში.

ამით არამარტო ბათუმის დინამო, არამედ მთლიანად ქართული ფეხბურთი ზარალდება. 9 მაისს დინამოსთან გვაქვს უმნიშვნელოვანესი შეხვედრა, ასეთი დონის თამაშები ჩემპიონატის მანძილზე შეიძლება სულ სამი ან ოთხი იყოს და ამ დროს, მისი მაყურებლის გარეშე ჩატარება, გამართლებული ნამდვილად არ არის. ჩემი აზრით, შეიძლებოდა სასჯელი უფრო მსუბუქი ყოფილიყო.

ძალიან კარგია ბათუმის დინამოს შეხვედრებს ქომაგი რომ არ აკლია, მაგრამ მსაჯის ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის გუნდები მთელ მსოფლიოში მკაცრად ისჯებიან და ბათუმის დინამო გამონაკლისი ვერ იქნებოდა.

რა თქმა უნდა, მსაჯზე ყოველგვარი ზეწოლა დაუშვებელია და ამაზე არავინ დაობს, მაგრამ მე საუბარი მაქვს სამი შეხვედრის უმაყურებლოდ ჩატარებაზე, სასჯელი ჩემი აზრით, ზომაზე მკაცრია.

თბილისის დინამოსთან შეხვედრა გადაწყვიტავს ჩემპიონის ბედს?

ასე გადაჭრით ვერ ვიტყოდი. რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი თამაშია, მაგრამ ჩვენთვის დარჩენილი თითოეული შეხვედრა გადამწყვეტია. ჩვენ და თბილისის დინამოს გარდა, ასევე დილა და სამტრედიაც ბოლომდე იბრძოლებენ. 

იმ შემთხვევაში თუ ვერ გახდით ჩემპიონები და მხოლოდ ევროპის ლიგის საგზური მოიპოვეთ, არც ეს უნდა ჩაითვალოს ცუდ შედეგათ.

მოდით დაველოდოთ ჩემპიონატის დასრულებას და მერე უკეთ გამოჩნდება სეზონის შედეგებით კმაყოფილი ვიქნებით, თუ არა. ისე კი, რა თქმა უნდა ევროპის ლიგის საგზურიც არ იქნება ურიგიო, მაგრამ სანამ ჩემპიონობის შანსი არის, მანამდე სხვა რამეზე ფიქრი არ მსურს. 

როგორ ფიქრობთ, ამ ფორმაციის ბათუმის დინამოს ევროტურნირებზე რისი იმედი უნდა ჰქონდეს?

გაძლიერება, რა თქმა უნდა, არცერთ გუნდს არ აწყენს, მაგრამ ამ საკითხზე უკეთ მთავარი მწვრთნელი ისაუბრებს. მე კი, აუცილებლად უნდა შევეხო ძალიან მტკივნეულ თემას, საუბარი მაქვს სტადიონის არარსებობაზე. ნამდვილად საცოდაობაა ისეთ საფეხბურთო ქალაქს, როგორიც ბათუმია, სტადიონი რომ არ აქვს. ძალიან მიხარია, ამ მხრივ სიტუაცია რომ დაიძრა და, იმედია, მალე ჩვენ სტადიონზე ვითამაშებთ. ეს ხალხი იმის ღირსია - ასი სტადიონი რომ ჰქონდეთ, ასმეერთე აუშენონ ასევე მინდა დიდი მადლობა მოვახსენო ჩვენ ქომაგებს, რომლებიც ყველანაირად გვერდში გვიდგანან.

ბათუმის დინამოში როდემდე აპირებ დარჩენას?

ჩემპიონატის დასრულების შემდეგ დავჯდებით და დავილაპარაკებთ. სიმართლე გითხრათ, აქ თავს ძალიან კომფორტულად ვგრძნობ და სათანადო პირობების შემთხვევაში, სიამოვნებით დავრჩები.

კახა ცხადაძემ სანაკრებო შეკრებაზე გიხმო. მართალია, თამაში არ მოგიწია, მაგრამ საინტერესოა შენი მოსაზრება ეროვნულ გუნდში მიმდინარე მოვლენებზე.

თავის დროზე ახალგაზრდულ და ასაკობრივ ნაკრებებში მითამაშია და ძალიან გამიხარდა ეროვნულ გუნდთან ერთად რომ გავიარე შეკრება. მართალია, გერმანიასთან წავაგეთ, მაგრამ გერმანიის ნაკრებთან ყველა აგებს, ბრაზილია და არგენტინაც. მთავარია ის პოზიტივი დავინახოთ, რაც აშკარად გამოჩნდა და დარწმუნებული ვარ, ნაკრები თანდათანობით კიდევ უფრო მოუმატებს.

პაატა ძნელაძე