სიახლეები

ნაკრების წევრებს ტრავმებმა შეუტიეს

გაუზიარე

პოლონეთის ჩემპიონატის მორიგი ტურის შეხვედრაში მესამე ადგილოსანი იაგელონია პოგონთან 0:2 დამარცხდა და ლიდერებთან ჩამორჩენა კიდევ უფრო გაიზარდა. სამწუხაროდ, ამ შეხვედრაში დაშავდა იაგელონიას ქართველი ლეგიონერი ნიკა ძალამიძე, რომელიც პირველი ტაიმის მიწურულს შეცვალეს. როგორც სამედიცინო შემოწმების შემდეგ გაირკვა, ძალამიძე სულ მცირე ათი დღე ვერ შეძლებს მოედანზე გასვლას. მაშინ, როდესაც პოლონეთის ჩემპიონატის დასრულებამდე სულ სამიოდე ტურიღა დარჩა, ძალამიძის გამიკლება იაგელონიასთვის უთუოდ უსიამოვნო სიურპრიზია, რადგან გუნდი გამალებით იბრძვის ევროპის ლიგის საგზურის მოპოვებისთვის. 

ჩვენი ნაკრების კიდევ ერთი კანდიდატია დაშავებული. კახა მახარაძეს, რომელიც ტაშკენტის ფახთაქორის ერთ_ერთი ლიდერია, ყიზილყუმთან მოგებულ შეხვედრაში (2:0) არ გამოჩენილა და ამის მიზეზიც ტრავმაა, თუმცა საშიში არაფერია და უზბეკური გუნდის ქართველი კაპიტანი, სავარაუდოდ უკვე მომავალ ტურში ითამაშებს. უზბეკეთის ჩემპიონატში ჯერ მხოლოდ ოთხი ტური გაიმართა, თუმცა უკვე შეგვიძლია იმის თქმა, რომ მახარაძე და მისი გუნდელები, როგორც შარსანდელ ჩემპიონებს შეეფერებათ, წლეულსაც ჩემპიონობისთვის იბრძოლებენ.

პაატა ძნელაძე