სიახლეები

ახალი სტადიონი და მრავალი სიახლე, ზუგდიდი სამი ბურთისა და დიდი ვალის მერე...

გაუზიარე

პირველი წრის შემდეგ ზუგდიდი ბოლო ადგილზე იყო, მერე კი გუნდმა გასავარდნ ზონას თავი დააღწია და, სავარაუდოდ, მომავალ სეზონსაც უძლიერესთა შორის გაატარებს. გარდა ამისა, ზუგდიდში იგეგმება ახალი, ევროსტანდარტების შესაბამისი სტადიონის მშენებლობა. ყოველივე ამასთან დაკავშირებით გუშინ კლუბის მმართველ დირექტორს, საქართველოს ნაკრების ყოფილ ფეხბურთელს გელა ინალიშვილს ვესაუბრეთ. 

გუნდში რომ მიხვედით, რბილად რომ ვთქვათ, არასახარბიელო სიტუაცია დაგხვდათ...

ზუგდიდში ჩემპიონატის დაწყებამდე მივედი, გვქონდა სამი ბურთი და 220 ათასი ლარი ვალი. სწრაფად უნდა გვემოქმედა და ამიტომ შევხვდით ქალაქის მერს, საკრებულოს თავმჯდომარეს და მათ ყველაფერი გააკეთესე იმისთვის, რომ მდგომარეობა გამოსწორებულიყო. ამ ეტაპზე დავალიანება სრულადაა გასტუმრებული და ხელფასებიც და პრემიებიც დროულად რიგდება. პირველ წრის არასასურველი შედეგი კი ლოგიკური იყო, რადგან გუნდი, ფაქტობრივად, ფორსმაჟორულ სიტუაციაში დაკომპლექტდა, თანაც, გარკვეული პერიოდი საშინაო შეხვედრებს ქუთაისში ვმართავდით, რაც, პრაქტიკულად, სტუმრად თამაშს ნიშნავს. ასეთ რთულ სიტუაციაში რამაზ მუმლაძემ ყველაფერი გააკეთა გუნდისთვის, მის შენებას საფუძველი ჩაუყარა, შემდეგ კი, ორმხრივი შეთანხმებით ხელშეკრულება გავაუქმეთ და გუნდი ბესიკ შეროზიამ ჩაიბარა, რომელიც ასევე თავდაუზოგავად შრომობს და თანდათან გასავარდნ ზონასაც ვშორდებით.

ამ სეზონში მიზანი ნათელია _ უძლიერესთა შორის დარჩენა. მომდევნო ჩემპიონატში კი, ალბათ, უფრო ამბიციური გეგმები გექნებათ.

კლუბში ჩატარდება გარკვეული რეორგანიზაცია, რათა ყველა სამუშაო რგოლი ოპტიმალურად დაკომპლექტდეს, ასეთივე გეგმა გვაქვს ფეხბურთელთა მიმართაც: ჩავატარებთ სერიოზულ სასელექციო სამუშაოს და მნიშვნელოვნად გავძლიერდებით. მიზანი კი, სულ მცირე, ექვსეულში მოხვედრა იქნება.

საშინაო შეხვედრების ქუთაისში ჩატარებამ სერიოზული პრობლემები შეგვიქმნაო, თქვით, ახლა კი ბაიას საწვრთნელ ბაზაზე მასპინძლობთ მეტოქეებს და შედეგიც აშკარად უკეთესია. მთავარი კი ახლა ისაა, რომ უკვე გადაწყვეტილია ზუგდიდში ახალი ევროპული სტანდარტების სტადიონის აშენება.

ეს ფაქტი არა მხოლოდ ზუგდიდისთვის, არამედ მთლიანად ქართული ფეხბურთისთვის არის მნიშვნელოვანი. პროექტი უკვე დამტკიცებულია, დეტალებიღაა გასარკვევი და სტადიონის მშენებლობაც დაიწყება. ახალი სტადიონი რვა ათასამდე ქომაგს დაიტევს, მის გვერდით იგეგმება მეორე სტადიონის აშენებაც, იქ დუბლები და ჭაბუკთა გუნდები ითამაშებენ. აქვე ვიტყვი, რომ პრაქტიკულად გავერანებული იყო განმუხურის სტადიონი, იქ ფეხბურთის თამაში აღარ შეიძლებოდა, ჩვენ კი უკვე დავიწყეთ საჭირო სამუშაოები და მალე განმუხურში ყველაფერი წესრიგში იქნება. ასევე ვაპირებთ რუხის საწვრთნელი ბაზის მოწესრიგებას. ბაიას საწვრთნელ ბაზაზე კი მას შემდეგ დავიწყეთ საშინაო შეხვედრების ჩატარება, რაც ფეხბურთის ფედერაციის არაერთი რეკომენდაცია გავითვალისწინეთ და შევასრულეთ. 

ჩემპიონატის დონეზე რას იტყვით? უმაღლეს ლიგაში გუნდების რაოდენობის გაზრდას თავის დროზე დიდი კამათი მოჰყვა...

გუნდების რაოდენობა რომ არ გაზრდილიყო, ზუგდიდი უმაღლესში ვერ ითამაშებდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს პროექტები, რაზეც უკვე ვისაუბრეთ, არ განხორციელდებოდა და ზუგდიდში ფეხბურთი ჩაკვდებოდა. ახლა კი თამამად ვიტყვი, რომ ზუგდიდი ფეხბურთით ცხოვრობს. ჩემი აზრით, წმინდა საფეხბურთო კუთხითაც გაამართლა კლუბების რაოდენობის გაზრდამ: როდესაც 12-გუნდიანი ჩემპიონატი გვქონდა, ლიდერებიც გამოკვეთილები იყვნენ და აუტსაიდერებიც, ახლა კი, დიდი ალბათობით ბოლო ტურამდე არ გვეცოდინება, როგორ დაკომპლექტდება სამეული და გასავარდნ ზონაშიც დიდი დაძაბულობაა. დონეს რაც შეეხება, მართალია, ჯერ არ არის ისეთი, როგორიც ყველას გვსურს, მაგრამ ეტაპობრივად წინ მივიწევთ და რაც უფრო მეტი იქნება ინფრასტრუქტურული სიახლეები, პროგრესიც უფრო აშკარად გამოჩნდება. აქვე მინდა, მადლობა გადავუხადი ფეხბურთის ფედერაციას გადმორიცხული 200 000 ლარისთვის. ეს მაშინ განხორციელდა, როდესაც კლუბში ყველაზე რთული სიტუაცია იყო. ფედერაციას ამის გამო ყველა გუნდისგან მხოლოდ მადლობა ეკუთვნის.

წლეულს, 11 აგვისტოს, თბილისში სუპერთასის შეხვედრა გაიმართება, 2017 წელს კი 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი გველის...

ასეთი მოვლენები ნებისმიერ ქვეყანაში უწყობს ხელს ფეხბურთის განვითარებას. კარგად უნდა გვესმოდეს, თუ რას ნიშნავს სუპერთასის მასპინძლობა. თბილისი ხომ საკმაო ხანს მთელი ევროპის ყურადღების ცენტრში იქნება. ევროპის ჩემპიონატი კი ოთხ თანამედროვე სტადიონს მოგვიტანს. ეს ყველაფერი ქართული ფეხბურთის პროგრესს მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს. არავინ იფიქროს, რომ ასეთი დონის სპორტულ მოვლენათა მასპინძლობის უფლების მოპოვება იოლად მოდის. ეს ფედერაციის ხელმძღვანელების, ზვიად სიჭინავასა და რევაზ არველაძის მიზანმიმართული მუშაობის შედეგია. გასაგებია, ყველა კმაყოფილი ვერ იქნება ფედერაციის მუშაობით და შეიძლება, გარკვეულ საკითხებში მეც განსხვავებული აზრი მქონდეს, მაგრამ, რაც კეთდება, ის ყველამ უნდა დაინახოს და აღნიშნოს.

პაატა ძნელაძე