სიახლეები

თამაზ კოსტავა: ეს წარმატებაა, მაგრამ სამუშაო ბევრია

გაუზიარე

საქართველოს ქალთა ნაკრები 20 აპრილის კენჭისყრას ელის

როგორც იცით, საქართველოს ქალთა ნაკრებმა პირველი ადგილი დაიკავა მალტაში გამართულ ევროპის ჩემპიონატის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე და ჯგუფური ბარიერი დაძლია. 20 აპრილს მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის კენჭისყრა გაიმართება და გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი ნაკრები მე-5 კალათაშია, სავარაუდოდ, საკმაოდ ძლიერი მეტოქეები ერგება. მალტის ტურნირი და მომდევნო ეტაპი იყო `მიხეილ მესხის~  მედიაცენტრში გამართული პრესკონფერენციის მთავარი თემა. საქართველოს ქალთა ნაკრების მთავარ მწვრთნელთან, თამაზ კოსტავასთან ერთად ჟურნალისტების წინაშე წარდგნენ ნაკრების ლიდერები ტატა მატვეევა და თაკო ტატუაშვილი.

თამაზ კოსტავა: "მართალია, ჯგუფში პირველ ადგილზე გავედით და ეს წარმატებაა, მაგრამ აშკარაა, რომ სამუშაო ბევრია. ამ შეხვედრებმა ბევრი ნაკლი დაგვანახა და ეს ყველაფერი სასწრაფოდაა გამოსასწორებელი. ძალიან რთული შეხვედრა გამოდგა ფარერის კუნძულებთან და ამ მოგებამ დიდი ენერგია წაგვართვა. ამ დროს კი მალტამ ანდორასთან გაისეირნა და, შესაბამისად, ჩვენთან შეხვედრას შედარებით დასვენებული შეხვდა. მართალია, ფიზიკურად მეტოქე უკეთ გამოიყურებოდა, მაგრამ თანაბარი შეხვედრა იყო და შეიძლებოდა, ჩვენც მოგვეგო. ანდორასთან შეხვედრის წინ კი ისეთი განწყობა გვქონდა, რომ აუცილებლად დიდი ანგარიშით უნდა მოგვეგო, ამავე დროს კი იმის იმედიც გვქონდა, რომ ფარერის კუნძულების ნაკრები მალტას მოუგებდა და ჩვენდა გასახარად, ასეც მოხდა. ჩვენი წარმატების ერთ-ერთი საფუძველი ისიცაა, რომ შეკრული გუნდი გვყავს. გოგონები ძალიან მონდომებულები არიან და ნამდვილად არ მსურს, რომ მათი ეს წარმატება ჩაიკარგოს. ბედნიერი ვარ, ამ გოგონებთან რომ ვმუშაობ და იმედი მაქვს, ბევრი შრომით წარმატებას მივაღწევთ. მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას ქალთა ფეხბურთის ფედერაციის გვერდში დგომისთვის. 

20 აპრილს კენჭისყრაა და მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ჩვენი მეტოქეები გაირკვევა. შეიძლება, ამ ეტაპზე არ ვართ მზად, რომ იქაც წარმატებით ვიასპარეზოთ, მაგრამ ჩვენი მიზანი კარგი გუნდის შენებაა და ვეცდებით, ყველა მეტოქეს ღირსეული წინააღმდეგობა გავუწიოთ და შესაბამისი გამოცდილება მივიღოთ. მე ამ გუნდის მჯერა."

ტატა მატვეევა: "პირველ რიგში, მინდა, მადლობა ვუთხრა ჩემს თანაგუნდელებს. ამ შეხვედრებისთვის ისეთი განწყობით ვემზადებოდით, რომ ყველას გვჯეროდა - წარმატებას აუცილებლად მივაღწევდით. ახლა მთელი გუნდი 20 აპრილს ელოდება."

თაკო ტატუაშვილი: "ამ ტურნირს სამი წელი ველოდებოდით. მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპიდან გასვლამდე ცოტა დაგვაკლდა. მთელი იმედები ამ შესარჩევზე გვქონდა და მოხარულები ვართ, მიზანს რომ მივაღწიეთ. ვეცდებით, მომავალში კიდევ უფრო მეტი გავაკეთოთ."   

პაატა ძნელაძე