სიახლეები

ჯიმშერ ტყებუჩავა: ვმოქმედებთ სადისციპლინო კოდექსის შესაბამისად

გაუზიარე
ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტმა, რომელსაც ჯიმშერ ტყებუჩავა ხელმძღვანელობს, ბათუმის დინამო მისი ქომაგების მიერ ქუთაისის ტორპედოსთან მატჩისას გამოვლენილი უსაქციელობისთვის დასაჯა. სადისციპლინო კომიტეტის დადგენილებით, ბათუმის დინამოს უახლოესი სამი საშინაო მატჩის უმაყურებლოდ ჩატარება და 8 ათასი ლარის გადახდა მოუწევს. ამ სასჯელმა დისციპლინართა სხდომის დამსწრე ბათუმელთა პრეზიდენტი ოთარ ფედიჩკინი და სპორტული დირექტორი მალხაზ მახარაძე აღაშფოთა. პრეზიდენტმა ისიც კი თქვა, გამორიცხული არ არის, ამ გადაწყვეტილების შემდეგ ბათუმში დინამოს ქომაგების გამოსვლები დაიწყოსო. მეტიც, ოთარ ფედიჩკინმა აღნიშნა, ეს გადაწვეტილება მიზანმიმართულად ბათუმის დინამოს საწინააღმდეგოდ გამოიტანესო. 

დღეს ამ ვერდიქტთან დაკავშირებით სადისციპლინო კომიტეტის თავმჯდომარის, ჯიმშერ ტყებუჩავას მცირე ინტერვიუს გთავაზობთ.

ჯერ ერთი, ბათუმის დინამოსა და ქუთაისის ტორპედოს მატჩის შემდეგ მოედანზე 20-ზე მეტი ქომაგი შეიჭრა და არა ხუთი-ექვსი, როგორც ეს ბათუმელთა პრეზიდენტმა თქვენთან ინტერვიუში თქვა. ქომაგებმა ფიფას არბიტრ გიორგი ყრუაშვილს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, მის თანაშემწეებს კი აგინებდნენ და აფურთხებდნენ _ გვითხრა ჯიმშერ ტყებუჩავამ.

დიდი მნიშვნელობა აქვს, მოედანზე რამდენი ქომაგი შეიჭრა?

არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, ოცი კაცი შევარდება მოედანზე თუ ერთი. ჩემი აზრით, ბათუმის დინამო უფრო მკაცრ სასჯელსაც კი იმსახურებდა და ალალად რომ ვთქვა, უფრო მკაცრი ვერდიქტის მომხრეც ვიყავი, მაგრამ დებულებას არ გადავუხვიეთ და ბოლომდე სადისციპლინო კოდექსის შესაბამისად ვიმოქმედეთ. 

ბათუმელთა პრეზიდენტმა თქვა, რომ ამ დადგენილების შემდეგ, შესაძლოა, აქციები დაიწყოსო.

ბათუმელებს ბევრი ქომაგი ჰყავს, ოთარ ფედიჩკინი, როგორც ჩანს, ხალხის მასაზე გათვლილი განცხადებებით გამოდის. მან თავის სიმართლეში ვერ დაგვარწმუნა. არანაირი მტკიცებულება არ ჰქონდა და დამრჩა შთაბეჭდილება, ეტყობა, ბათუმურ კლუბში იურიდიული სამსახური მოიკოჭლებს.

ბათუმელებს ერთი კვირის განმავლობაში შეუძლიათ თქვენი გადაწყვეტილების გასაჩივრება...

მათი მხრიდან იყო წინადადება, რომ ფულადი ჯარიმა გაზრდილიყო, გუნდს კი საშინაო მატჩებზე ქომაგების დასწრების უფლება ჰქონოდა, თუმცა ამგვარი გადაწყვეტილების მიღება იურიდიულად გამართლებული არ იქნებოდა. სადისციპლინო კომიტეტის დადგენილების გასაჩივრების შემთხვევაში, ფინანსური ჯარიმის შემცირების შანსი არსებობს, თუმცა სტადიონის სამი მატჩით დახურვის გადაწყვეტილება, ალბათ, ძალაში დარჩება.

ჩვენ კი შეგახსენებთ, რომ ის მატჩი, რომლის შემდეგაც ბათუმი დაისაჯა, 3 აპრილს ქობულეთში შედგა და სტუმრების 3:2 გამარჯვებით დასრულდა.

გივი დიასამიძე