სიახლეები

რაც დარჩა, ყველა ფინალია - ირაკლი მოდებაძე დილას საჩემპიონო შანსებზე

გაუზიარე
ირაკლი მოდებაძე თავის დროზე საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე ნიჭიერ ფორვარდად ითვლებოდა და მერე უკრაინასა და ლატვიაში საკმაოდ კარგ დონეზეც ითამაშა. ახლა კი გორის დილას ღირსება იცავს და ჩვენს უმაღლეს ლიგაში კვლავაც გამორჩეულ ფორვარდად მიიჩნევა.

მიმდინარე სეზონში ტრავმებმა არაერთი თამაში გამოგატოვინა. ახლა როგორ ხარ?

სამწუხაროდ, მუხლი კვლავ მაწუხებს და სიონის წინააღმდეგ ვერ ვითამაშებ, მაგრამ შემდეგ შეხვედრებში უკვე შევძლებ მოედანზე გასვლას. მართალია, ტრავმის გამო დილას არაერთ თამაშს დავაკლდი, მაგრამ ეს ფეხბურთია, ამისგან დაზღვეული არავინაა.

ჩემპიონატის დასრულებამდე რვა ტურიღა დარჩა. ლიდერთა დუეტს _ თბილისისა და ბათუმის დინამოელებს მხოლოდ ქულით ჩამორჩებით. როგორ ფიქრობ, ჩემპიონობისთვის ბრძოლის შანსი რეალურია?

თავიდან ჩვენი მიზანი ევროპის ლიგაზე თამაში იყო, თუმცა მოვლენები ისე განვითარდა, რომ პირველ ადგილზე გასვლაც შეგვიძლია და ამისთვის ბოლომდე ვიბრძოლებთ. ყველა დარჩენილი შეხვედრა ჩვენთვის ფინალის ტოლფასია.

ისიც სათქმელია, რომ უშუალო კონკურენტებთან ურთიერთშეხვედრებში უარყოფითი ბალანსი გაქვთ _ ვერცერთი თამაში ვერ მოუგეთ.

თასს თავისი სპეციპიკა აქვს, ჩემპიონატში კი, მართალია, ჩვენს უშუალო კონკურენტს, თბილისის დინამოს ვერ მოვუგეთ, მაგრამ ვერც მათ მოგვიგეს და ამ შეხვედრებმა კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ ლიდერთა შორის არცერთია გამოკვეთილი ფავორიტი და ჩემპიონიც ის გახდება, ვინც დასკვნით ეტაპს უკეთ შეხვდება.

ტრავმის გამო ბევრი თამაში კი გამოტოვე, მაგრამ 10 გოლით ბომბარდირთა სიას ლიდერობ.

თავდამსხმელის თამაში, ბუნებრივია, გოლებით ფასდება და ბომბარდირობა ყველას გვსურს, მაგრამ, მთავარია, დილამ მიაღწიოს დასახულ მიზანს და გოლს ვინ გაიტანს, ეს მეორეხარისხოვანია, თუმცა, ბომბარდირიც თუ გავხდები, გამიხარდება. აქვე ვიტყვი, რომ ჩემი კონკურენტები ძლიერი ფორვარდები არიან და ამ ტიტულის მოპოვება იოლი ნამდვილად არ იქნება. 

ბოლო წლებში დილამ ორჯერ იასპარეზა ევროტურნირებზე და არცთუ ურიგოდ. ამ ფორმაციის დილას რა მიზანი შეიძლება ჰქონდეს ევროარენაზე?

ამაზე საუბარი მას შემდეგ იყოს, ოფიციალურად რომ გავინაღდებთ ევროტურნირზე თამაშის უფლებას, ისე კი, შემადგენლობის შენარჩუნების და რამდენიმე ფეხბურთელით გაძლიერების შემთხვევაში, სულ მცირე, ორი წრე უნდა გავიაროთ. ბევრი რამ კენჭისყრაზეც იქნება დამოკიდებული.

კლუბთან ხელშეკრულების ვადა მაისის ბოლოს გეწურება. აპირებ დილასთან კონტრაქტის გახანგრძლივებას? 

როგორც გორის მერის ინტერვიუდან და კლუბის ხელმძღვანელობისგან შევიტყვეთ. დილასთან დაკავშირებით ისეთი გეგმებია,რომ კლუბს ფინანსური პრობლემები არ უნდა შეექმნეს. ასეთ შემთხვევაში პირველ რიგში ჯერ დილას წინადადებას მოვისმენ და მხოლოდ ამის შემდეგ განვიხილავ სხვა შემოთავაზებებს.

პაატა ძნელაძე