სიახლეები

ილია კერძევაძე : საკუთარ კედლებში არავის არაფერს დავუთმობთ

გაუზიარე
საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში მოთამაშე ახალგაზრდა ფებხურთელებიდან, ერთ-ერთი გამორჩეულია სამტრედიის თავდამსხმელი, ილია კერძევაძე. 19 წლის კერძევაძემ მიმდინარე სეზონში 5 გოლი გაიტანა, აქედან 4 ჩემპიონატში. ილია გიორგი დევდარიანის 19 წლამდე ნაკრებშიც თამაშობს და გუნდის კაპიტანიც სწორედ ის არის. კერძევაძეს გუშინ დავუკავშირდით.

ჩიხურასთან მატჩი ტრავმის გამო გამოვტოვე. ვარჯიში უკვე დავიწყე და ბათუმის დინამოსთან შაბათს გასამართი მატჩისთვის ბოლომდე მზად ვიქნები. 

ჩიხურასთან თასის მატჩში სტუმრად მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვეთ, მაგრამ მთავარი ბრძოლა საკუთარ მოედანზე გელით. 

განაღდებული ჯერ არაფერია. მიუხედავად იმისა, რომ სტუმრად მოვიგეთ, მთავარი ბრძოლა წინ გველის. რა თქმა უნდა, სტუმრად
მოგება უპირატესობას გვაძლევს, მაგრამ საკუთარ თავს მოდუნების უფლება არ უნდა მივცეთ. 

შაბათს ბათუმის დინამოზე სტუმრად უნმიშვნელოვანესი მატჩი გელით. სადისციპლინო კომიტეტმა დინამო დასაჯა და თქვენთან მატჩში სტადიონზე გულშემატივარი არ ეყოლებათ. რამდენად შეიძლება, ამან საბოლოო შედეგზე გავლენა მოახდინოს?

ვფიქრობ დიდი მნიშვნელობა არ აქვს სტადიონზე მაყურებელი იქნება თუ არა. დინამო ერთ-ერთი ძლიერი გუნდია და ადვილი თამაში არ გველის, მაგრამ ჩვენ მხოლოდ მოგებაზე ვფიქრობთ და გამარჯვებისთვის თავს არ დავზოგავთ.

თბილისის დინამოსთან ჩამორჩენა 6 ქულაა, იმის გათვალისწინებით, რომ მათთან ჩემპიონატის ორივე მატჩი წააგეთ, რამდენად გაქვთ ჩემპიონობისთვის ბრძოლის რეალური შანსი?

წინ ბევრი თამაშია და წინასწარ არავინ იცის, რა მოხდება. სამტრედია ყველა მატჩში მაქსიმალური შედეგისთვის იბრძვის და არ ვაპირებთ ჩემპიონობისთვის ბრძოლაში ვინმეს დავნებდეთ. თასის მატჩების მსგავსად, ჩემპიონატშიც ყველა მატჩის მოსაგებად ვიბრძოლებთ. 

სამტრედიას  ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი გუნდი ჰყავს. გუნდში ახალგაზრდების და ვეტერანების კარგი სინთეზია. მიუხედავად ამისა, მნიშვნელოვანი მატჩების მოგება გიჭირთ. დინამოსთან ორი წაგებული მატჩის გარდა, დილასთან, ტორპედოსთან და ცხინვალთანაც დამარცხდით. ლიდერებთან თამაში რატომ გიჭირთ?

ფეხბურთში ყველა თამაშს ვერ მოიგებ. ლიდერებთან წაგების მიუხედავად, გუნდში ფსიქოლოგიურად კარგი განწყობაა. იყო ბევრი შეცდომები და ვფიქრობ მომავალში ბევრი რამე გამოსწორდება. ყველა წაგებულ თუ მოგებულ მატჩს ვაანალიზებთ. ყველა გუნდი შეცდომებზე სწავლობს და იმედია, მომავალში ამ ნაკლსაც გამოვასწორებთ. 

სამტრედიაში გამოცდილი ფეხბურთელების ორი კატეგორიაა:  ვინც ეროვნულ ჩემპიონატში ითვლება მაღალი დონის ფეხბურთელად და ვინც სანაკრებო დონეზეც წარმატებული იყო. დოლიძის, გეწაძის და თევდორაძის გარდა, გუნდში კვირკველია ხიზანიშვილი და იაშვილიც თამაშობენ. როგორ ფიქრობ, ბოლომდე დაბალანსებულია გუნდი?

ჩვენ გუნდში ბევრი კარგი ფეხბურთელია, მაგრამ განასაკუთრებით  ხიზანიშვილის და იაშვილის დონის ფეხბურთელების ჩვენთან ყოფნაა ძალიან მნიშვნელოვანი. ასეთი პროფესიონალების გევრდით თამაში ყველასთვის სასიამოვნოა, მაგრამ განსაკუთრებით ჩვენთვის. ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის ეს დიდი სტიმულია. 

საკუთარი თამაშით თუ ხარ კმაყოფილი? ტრავმის გამო რამდნემე მატჩი გაგიცდა, მაგრამ კაპანაძის შემდეგ სამტრედიაში ყველაზე შედეგიანი ფეხბურთელი ხარ.

უმაღლეს ლიგაში პირველ სეზონს ვატარებ და ვფიქრობ, ამის გათვალისწინებით ცუდი შედეგიანობა არ მაქვს. რომ გითხრა საკუთარი თამაშით უკმაყოფილო ვარო, მართალი არ იქნება, მაგრამ ეს მოდუნების საშუალებას არ მაძლევს და ყოველ ვარჯიშსა თუ თამაშზე მეტის სწავლა და მიღწევა მინდა. 

19 წლამდე ნაკრებთან ერთად ორ შეკრებაზე იყავი. ჯერ იტალიაში, თქვენს თანატოლებთან წააგეთ, შემდეგ პოლონეთში ითამაშეთ. რამდენად ნაყოფიერი იყო ეს ორი შეკრება და თუ მოამზადეთ ტაქტიკა, რომლითაც მაისში ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩებში ითამაშებთ?

მსგავსი შეკრებები ძალიან მნიშვნელოვანია. თანაც ასეთი დონის გუნდებთან თამაში ორმაგად სასიამოვნოა. ვერ ვიტყვი, რომ იტალია ჩვენზე ბევრად უკეთესი გუნდია. ამ თამაშებმა დიდი გამოცდილება მოგცა და დაახლოებით იმ დონის გუნდებთან ვითამაშეთ,  მაისში რომ  მოგვიწევს თამაში. 

ევროპის ჩემპიონატზე გასასვლელად ესპანეთთან, პორტუგალიასთან და თურქეთთან წარმატებით თამაშია საჭირო. რამდენად აქვს ჩვენს გუნდს ამის რესურსი?

შანსი ყველასთან გვაქვს და ჩვენი ბიჭების მჯერა. მთავრი მოტივატორი ამ დროს ჩვენი გულშემატკივარია. დარწმუნებული ვარ, საკუთარ კედლებში თამაში დიდ ძალას მოგვცემს და აქ არავის არაფერს დავუთმობთ. რაც შეეხება მეტოქეებს, სამივე მაღალი დონის ნაკრებია და წინ რთული ბრძოლები გველის. ფიზიკური მონაცემებით და ბურთთან ურთიერთობით არავის ჩამოვუვარდებით და ვნახოთ, მაისში გამოჩნდება ჩვენი ძალა.

ნაკრებში გიორგი დევდარიანთან გიწევს მუშაობა, კლუბში კი ზაზა ზამთარაძესთან. როგორ დაახასიათებ მათ და რა განმასხვავებელი და საერთო თვისებები აქვთ?

დევდარიანისგან  ბევრი რამ ვისწავლე, როგორც ცხოვრებისეული, ისე წმინდა საფეხბურთო. ზამთარაძე და დევდარიანი ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდებიან. საერთოდაც, არც ერთ მწვრთნელს ერთნაირი მიდგომა და შეხედულებები არ აქვს. 

ოთო მუმლაძე