სიახლეები

გიორგი გოროზია : ნორვეგიაში ყველას თავის ხელწერა აქვს

გაუზიარე
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების კანდიდატი გიორგი გოროზია, თბილისის ლოკომოტივიდან ნორვეგიულ სტაბეკში გადავიდა და ახლა გამოცდილებას ნორვეგიის ჩემპიონატში იღებს. გიორგის გუშინ ნორვეგიაში შევეხმიანეთ.

ნორვეგიის ჩემპიონატში ქართველების თამაში იშვიათია. შენით როგორ დაინტერესდა სტაბეკი?


შარშან 19 წლამდელთა ნაკრებს ელიტრაუნდის თამაშები გვქონდა შვეიცარიაში. ამ ტურნირის შემდეგ დამიკავშირდნენ, ოთხი დღით გავემგზავრე ნორვეგიაში სინჯების ჩასატარებლად და ჩემი ფიზიკური კონდიციების ადგილზე შესამოწმებლად. ყველაფერმა კარგად ჩაიარა, თუმცა, კონკრეტული არაფერი თქმულა, საქართველოში დაბრუნების შემდეგ კი მალე გამზადებული კონტრაქტი გამომიგზავნეს.

ჩემპიონატის დონეზე რას იტყვი და საქართველოს პირველობას თუ შეადარებ.

საკმაოდ კარგი დონეა. აქ გუნდებს ყველა პირობა აქვთ შექმნილი იმისათვის, რომ ნაყოფიერად მოემზადონ და რაც მთავარია დონე სეზონიდან სეზონამდე იმატებს. სამწუხაროდ, საქართველოს ჩემპიონატს საგრძნობლად გაუსწრეს და ნორვეგიელების პირობების გათვალისწინებით, ეს გასაკვირი სულაც არ არის.

სკანდინავიური ფეხბურთი უფრო ძალისმიერ თამაშთან ასოცირდება. ჩემპიონატშიც ამ კომპონენტზე კეთდება ძირითადი აქცენტი?

გააჩნია გუნდს. ყველას თავის ხელწერა აქვს. ზოგიერთი კლუბი მართლაც ფიზიკურ მომზადებას აქცევს მთავარ ყურადღებას. ზოგი შედარებით ტექნიკურად თამაშს ცდილობს. მოკლედ, იმის თქმა მსურს, რომ აქ თამაში იოლი ნამდვილად არ არის და მხოლოდ კარგი ფიზიკური მომზადებით, რაც რა თქმა უნდა, აუცილებელია, ფონს ვერ გახვალ.

სტაბეკის მთავარი მწვრთნელი ბობ ბრედლია. სპეციალისტი, რომლის თავკაცობითაც ამერიკელებმა 2006 და 2010 წლებში მსოფლიო ჩემპიონატებზე ითამაშეს. შემდეგ ეს მწვრთნელი ეგვიპტეს ნაკრებს ედგა სათავეში, ასეთი გამოცდილი სპეციალისტისგან ბევრი რამის სწავლა შეიძლება.   

რა თქმა უნდა. თან სტაბეკი ძირითადად ახალგაზრდა ფეხბურთელებით დაკომპლექტებული გუნდია და ასეთი ავტორიტეტული კაცის რჩევები ძალიან მნიშვნელოვანია. ისე, ძალიან ენერგიული კაცია და ვარჯიშებზე ყოველთვის ცოცხლად ირჯება, მისი ეს თვისება მთელი გუნდისთვის გადამდებია.

მიმდინარე სეზონში სტაბეკის მიზანი რა უნდა იყოს?

როგორც აღვნიშნე, ახალგაზრდული შემადგენლობა გვყავს და ბრედლის მთავარი მისია ის არის, რომ ახალი გუნდი გააკეთოს, რომელიც თანდათანობით მაღალი ადგილებისთვის იბრძოლებს. ამ ეტაპზე სხვა მიზანზე არ გვქონია საუბარი. რამდენიმე დღის წინ შვიდი ახალი ფეხბურთელი დავიმატეთ, რაც იმის მანიშნებელია, რომ მწვრთნელი მუდმივ ძიებაშია და ახალი გუნდის მშენებლობას განაგრძობს.

სტაბეკში თამაში, რა თქმა უნდა კარგია, მაგრამ ალბათ უფრო ძლიერ ჩემპიონატში მოხვედრაზე ფიქრობ. 

ყველა ფეხბურთელს სურს, უფრო ძლიერ კლუბში და ჩემპიონატში მოხვედრა და გამონაკლისი არც მე ვარ, მაგრამ ახლა ჩემი მთავარი მიზანი სტაბეკის ძირითად შემადგენლობაში სტაბილურად დამკვიდრებაა. ნორვეგიის ჩემპიონატში ჩემი სიტყვის თქმა მსურს. კლუბთან კონტრაქტი 2016 წელს მეწურება და ახლა, ამ ეტაპზე, როგორც ვთქვი, ჩემი მიზნები სტაბეკს უკავშირდება. მერე კი, რა როგორ იქნება, ჯერ არ ვიცი.

ახლახანს ალექსანდრე ჩივაძემ საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში გამოგიძახა. 

ახალგაზრდულ ნაკრებში გამოძახებამ ძალიან გამახარა. თურქეთში კარგი შეკრება გამოგვივიდა. ამხანაგურ თამაშებშიც გამოვცადეთ ჩვენი შესაძლებლობები. წელს შესარჩევი ეტაპი გვეწყება და ნამდვილად ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. ამ თაობამ თავის დროზე ევროპის 17 წლამდელთა ჩემპიონატიც ითამაშა და სულ ცოტა დაგვაკლდა 19 წლამდელთა ჩემპიონატის საგზურის მოსაპოვებლად. რა თქმა უნდა, სასიამოვნოა, როდესაც ალექსანდრე ჩივაძის დონის პიროვნებასთან და მწვრთნელთან გიწევს მუშაობა, მისგან ბევრი რამის სწავლა შეიძლება. 

პაატა ძნელაძე