სიახლეები

რეხვიაშვილი: მალე გუნდთან ერთად

გაუზიარე

გიორგი რეხვიაშვილმა დაახლოებით ორი კვირის წინ დაიწყო ძუნძული და დატვირთვებს ნელ-ნელა უზრდიან, ამ თვეში კი გუნდთან ერთად ვარჯიშსაც დაიწყებს. როგორც იცით, 27 წლის მცველმა შარშან, შემოდგომაზე მიიღო მძიმე ტრავმა, ჯვარედინი მყესები გაიწყვიტა და ოპერაცია დასჭირდა. 

ასეთი ტრავმები მინიმუმ შვიდ თვეს აცდენინებს ფეხბურთელს, რეხვიაშვილს კი ეს ფათერაკი სექტემბრის ბოლოს შეემთხვა, ბოლოს 20 სექტემბერს ითამაშა. 

გიორგი თურქული პირველი ლიგის კლუბ ბოლუსფორის წევრია, სადაც შარშან ზაფხულს საჩხერის ჩიხურადან გადავიდა. მან ბრწყინვალედ ჩაატარა ევროტურნირების მატჩები, განსაკუთრებით კი ბურსასფორთან. რეხვიაშვილი რამდენჯერმე თემურ ქეცბაიამაც გამოიძახა ნაკრებში, მაგრამ თამაშის საშუალება არ მიუცია. 

თურქეთის პირველ ლიგაში სეზონი 24 მაისს სრულდება, ბოლუსფორი კი მე-11 ადგილზეა. ძნელად სავარაუდოა, გიორგიმ ამ სეზონში ითამაშოს, თუმცა სასიამოვნოა, რომ უმძიმესი ტრავმა თითქმის უკვე მოიშუშა. 

ილია ნანობაშვილი