სიახლეები

ჩივაძე – რეკორდი, რომელსაც ვერავინ მოხსნის

გაუზიარე

"საბჭოეთის ჩემპიონატის 55-წლიან ისტორიაში საუკეთესო მცველი-ბომბარდირი თბილისის დინამოს ლეგენდა ალექსანდრე ჩივაძეა. მას საკავშირო უმაღლეს ლიგასა და თასზე 58 გოლი აქვს გატანილი" - რა საამაყოა, როცა ასეთ წინადადებას ამოიკითხავ პოპულარულ რუსულ გამოცემა "სპორტ-ექსპრესში". 

გუშინ ბატონი საშა 60 წლისა გახდა. დიდი ფეხბურთელი, რომლის გარეშეც ვერ შედგებოდა თბილისის დინამოს ოქროს პერიოდი 1976-1981 წლებში. ჩივაძე თავიდან ნახევარმცველი გახლდათ, შემდგომ ნოდარ ახალკაცმა დასწია ცენტრალურ მცველად და აღმოჩნდა, რომ მშვენიერი გადაწყვეტილებაც მიიღო. ჩივაძე დიდი კაპიტანი იყო როგორც დინამოსი, ასევე საბჭოეთის ნაკრებისა. 

სხვა ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მხოლოდ გამორჩეული ფეხბურთელების ხვედრია, რაც ჩივაძემ 1982 წლის მუნდიალზე, შოტლანდიასთან პრინციპულ მატჩში მოახერხა: ბრიტანელებმა მისი შეცდომით ისარგებლეს და გოლი შეაგდეს, მაგრამ ქართველმა მცველმა მიზნად დაისახა, შეცდომა გამოესწორებინა და რით უნდა გამოესწორებინა, თუ არა გოლით? არადა, შეკვეთით ხომ არაა, მცველმა გოლი გაიტანოს?... გაიტანა. 

ან რად ღირდა 1981 წელს ლონდონში ლამის მთელი "ეპტონ პარკი" რომ გადასერა და შორიდან აუღებელი დაურტყა ვესტ ჰემის მეკარე პარქსს. ჩივაძე შეტევებში დიდებულად ერთვებოდა, შემოქმედი ფეხბურთელი გახლდათ. 

ალექსანდრე ჩივაძეს საბჭოეთის ჩემპიონატების 324 მატჩში 44 გოლი გაუტანია, თასზე 37 თამაშში - 7 გოლი, საბჭოეთის ნაკრებში კი ასეთი სტატისტიკა აქვს – 46 თამაში, 3 გოლი (თურქეთთან, შოტლანდიასთან, ბულგარეთთან), პლუს 6 გოლი ევროთასებზე: კოპენჰაგენთან, უოტერფორდთან, ორჯერ ლივერპულთან, ვესტ ჰემთან, სოფიის ლოკომოტივთან. 

აქვე, ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე შედეგიანი მცველების სია. დავაკონკრეტოთ: ცხრილი, სადაც 20 მეგოლე მცველია წარმოდგენილი, მხოლოდ ამა თუ იმ ქვეყნის უმაღლეს ლიგაში გატანილი გოლების მიხედვითაა შედგენილი. მასში არაა შეტანილი ქვეყნის თასზე, ევროტურნირებსა და ეროვნულ ნაკრებში გატანილი გოლები. 

1. რონალდ კუმანი (ჰოლანდია) 533 193
2. დანიელ პასარელა (არგენტინა) 451 134
3. ეგარდო ბაუსა (არგენტინა) 499 108
4. ფერნანდო იერო (ესპანეთი) 497 107
5. პაულ ბრაიტნერი (გფრ) 369 103
6. ლორან ბლანი (საფრანგეთი) 500 95
7. ხოსე ალბრეხტი (არგენტინა) 506 95
8. ფრანკ სოზე (საფრანგეთი) 483 89
9. ხუან როკა (არგენტინა) 396 86
10. დირკ შნაიდერი (ჰოლანდია) 451 81
11. ბერნარდ დიტცი (გფრ) 495 77
12. ადრიან მანსველდი (ჰოლანდია) 505 77
13. მანფრედ კალცი (გფრ) 594 77
14. გარი ლოიდი (უელსი) 373 76
15. ენცო ტროსერო(არგენტინა) 518 76
16. ანტუან კესერი (საფრანგეთი) 312 74
17. ერიკ ვან მეირი (ბელგია) 327 74
18. ბოჟილ კოლევი (ბულგარეთი) 373 74
19. ბრუნო პეცაი (ავსტრია) 498 73
20. ჯონ ფროგატი (ინგლისი) 290 72

და ყოველივე ამას თუ შევკრებთ, იცით, რა სტატისტიკა გამოსდის რონალდ კუმანს? 763 მატჩი, 253 გოლი (!)... ჰოლანდიელ 4 ნომერს 17 სეზონი გაუტარებია პროფესიულ ფეხბურთში და მხოლოდ 4 სეზონი იყო ისეთი, რომელშიც 10 გოლამდე ვერ ავიდა. 
თუმცა აღვნიშნოთ, რომ კუმანს გოლების დიდი ნაწილი პენალტით აქვს გატანილი, მაგრამ ცნობილია საჯარიმოების დიდებულად შესრულებითაც. 

მოქმედი მცველებიდან საუკეთესო შედეგი აქვს ესპანელ სერხიო რამოსს, რომელსაც ყველა ტურნირზე ერთად აღებული, 65 გოლი
დაუგროვდა. 

ჩივაძე კი... რეკორდი აქვს, რომელსაც ვეღარავინ მოხსნის: საბჭოეთის ჩემპიონატში ყველაზე მეტი გოლი მცველებიდან. თუმცა, ჩივაძის თამაშის ელეგანტური მანერა და მისი სათამაშო კლასი ყოველგვარ სტატისტიკაზე მაღლა იდგა. 

ილია ნანობაშვილი