სიახლეები

გია ჭიაბრიშვილი ნაკრებსა და საბურთალოზე

გაუზიარე
გია ჭიაბრიშვილი იმ მწვრთნელთა კატეგორიას მიეკუთვნება, ვისთან გასაუბრებაც ყოველთვის საინტერესოა. მისი თავკაცობით საბურთალო პირველ ლიგაში მართლაც გამორჩეული გუნდია და მომავალ სეზონში უძლიერესთა რიგებში იასპარეზებს. გიას გუშინ დავუკავშირდით და საკლუბოს გარდა, სანაკრებო თემაზეც ვესაუბრეთ. 

მართალია, ჯერ კიდევ ადრეა ჩემპიონატის დასრულება, მაგრამ საბურთალომ პრაქტიკულად უკვე გაინაღდა უმაღლესი ლიგის საგზური. თავიდანვე დაისახეთ ეს მიზანი თუ სეზონის მიმდინარეობისას გამოიკვეთა, რომ პირველი ლიგის მოგება ჩემპიონატის დასრულებამდე შეგეძლოთ?

თავიდანვე გვქონდა სურვილი, რომ უმაღლესში გადასვლისთვის გვებრძოლა და ჩვენ ფეხბურთელებს ყოველმხრივ ვამზადებდით ამისთვის. ერთადერთი რაც გვაფიქრებდა, იყო ის, რომ ჩვენი მოთამაშეების ასაკი 17-18 წელია და არ ვიცოდით, შევძლებდით თუ არა ასეთი ახალგაზრდული გუნდით მიზნის მიღწევას. საბურთალოს აღმოაჩნდა ამის უნარი. მნიშვნელოვანია, რომ ეს ფეხბურთელები თავიდანვე ამ სკოლის აღზრდილები არიან და არც კი ვიცი, არის თუ არა კიდევ სადმე ანალოგიური პრეცენდეტი, რომ უმაღლესი ლიგის საგზური გუნდს მოეპოვებინოს მხოლოდ თავისი სკოლის აღზრდილებით.

საბურთალო იმხელა უპირატესობით ლიდერობს, რომ ხომ არ გექმნებათ იმის პრობლემა, რომ სეზონის დარჩენილ ნაწილში მოთამაშეებს გარკვეულწილად მოტივაცია გაუქრეს?

ამის ალბათობა არსებობდა და საბურთალოში უფრო გამოცდილი ფეხბურთელები რომ ყოფილიყვნენ, მოტივაციის მრივ პრობლემებიც შეგვექმნებოდა, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენთან სულ ახალგაზრდები არიან, მათ თითოეული მატჩში გამარჯვება სწყურიათ. პრობლემას უფრო სხვა რამე მიქმნის. სამწუხაროდ, ხშირად გვიწევს ისეთ ცუდ მოედნებზე გასვლა, სადაც ელემენტარულად წარმოუდგენელია ფეხბურთის თამაში. ასეთ სიტუაციებში კი ჩემს მოთამაშეებს შესაბამისი გამოცდილების არქონის გამო, უჭირთ გადაწყობა.

საბურთალოს ძირითად ბირთვი საქართველოს ასაკობრივი ნაკრებების ფეხბურთელებისგან შედგება და ეს ძალიან კარგია, მაგრამ სეზონის მიმდინარეობისას არაერთხელ აღმოჩნდით ისეთ სიტუაციაში, რომ კლუბს რამდენიმე მოთამაშე ტოვებდა და სანაკრებო შეკრებაზე მიდიოდა. ალბათ ესეც გარკვეულწილად ხელისშემშლელი ფაქტორი იყო, როგორ ახერხებდით მათ სრულფასოვნად შეცვლას?

სიმართლე გითხრათ ძალიან გვიშლიდა ხელს. გადახედეთ კალენდარს, ფაქტიურად ყოველ მეოთხე დღეს გვიწევს თამაში. ამ დროს კი მითამაშეთა საკმაოდ დიდი ჯგუფი მიდიოდა ასაკობრივ ნაკრებებში. ნაკრები კი, გნებავთ ემოციურად, გნებავთ ფსიქოლოგიურად, სულ სხვა დონეა და იქედან ჩამოსულ ფეხბურთელებს კიდევ გარკვეული დრო სჭირდებოდათ იმისათვის, რომ კვლავინდებურად პირველ ლიგაზე გადმორთულიყვნენ. თუმცა, ღმერთმა ინებოს, რომ სულ მუდამ ანალოგიური პრობლემები გვქონდეს, რადგან რაც მეტ ფეხბურთელს მივაწვდით ნაკრებს, მით უფრო წარმატებული იქნება ჩვენი საქმიანობა.

გარკვეული პერიოდის წინ უმაღლეს ლიგაში მუშაობდით და ჩემპიონის ტიტულიც მოიპოვეთ, ახლა პირველ ლიგას იგებთ, შეგიძლიოთ ამ ლიგების შედარება?

სხვაობა ძალიან დიდია. სამწუხაროდ არც უმაღლეს ლიგაშია სასურველი დონე და როდესაც ამხელა სხვაობას ვაწყდებით, კარგი არ არის. მაგალითად, ავიღოთ ევროპის ქვეყნების ჩემპიონატები, თითქმის არსად არ არის ამხელა სხვაობა ლიგებს შორის. 

პირველი ლიგის მოგება დასაფასებელია, მაგრამ უმაღლეს ლიგაში რა უნდა იყოს საბურთალოს მიზანი?

ჩემი, როგორც სპორტული დირექტორის და მთავარი მწვრთნელის აზრია, რომ უმაღლეს ლიგაში იმ შემადგენლობით ვითამაშოთ, რაც ახლა გვყავს. რა თქმა უნდა, პირველ სეზონში ჩემპიონობისთვის ვერ ვიბრძოლებთ და ჩვენი მიზანი ადგილის შენარჩუნება იქნება, მაგრამ იმასაც ვიტყვი, რომ ახლა ჩვენ თუ ლიდერები ვართ და თითოეულ შეხვედრაში ჩვენ წინააღმდეგ ნებისმიერი გუნდი ბოლომდე ცდილობს თავის გამოჩენას, უმაღლეს ლიგაში უკვე ჩვენი ფეხბურთელებისთვის იქნება ნებისმიერი თამაში ფინალის ტოლფასი. ეს აუცილებლად შეგვიწყობს ხელს სასურველი შედეგის ჩვენებაში თუ არა, ფეხბურთელების პროგრესირებაში.

ხომ არ ფიქრობთ, ასეთი ახალგაზრდული გუნდისთვის ერთი-ორი გამოცდილი მოთამაშის დამატებას?

ეს იმაზე იქნება დამოკიდებული დაგვტოვებს თუ არა რამდენიმე მოთამაშე, რაც სეზონის ბოლოს გაირკვევა. იმ შემთხვევაში, თუ შემადგენლობა შევინარჩუნეთ არავის დამატებას არ ვაპირებთ.

საბურთალო მართლაც ნიჭიერი ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული, მაგრამ უმაღლეს ლიგაში სათანადოდ სათამაშოდ ალბათ გუნდის ფსიქოლოგიურადაც მომზადება დაგჭირდებათ, გამომდინარე ისევ და ისევ მოთამაშეების ასაკიდან.

ამ კუთხითაც ვმუშაობთ და მოთამაშეებს მენტალურად იმისთვისაც ვამზადებთ, რომ როდესაც უცხოურ გუნდებში მოუწევთ თამაში, ამისთვისაც მზად იყვნენ და ტვინი და გონება იმისკენ ჰქონდეთ მომართული, რომ რაც შეიძლება უკეთ წარმართონ თავიანთი კარიერა.

ბევრისგან მსმენია და მათ შორის თქვენი ფეხბურთელებისგან, რომ საბურთალოს წარმატების ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი გუნდში შექმნილი მეგობრული ატმოსფეროა და ამის შემოქმედად თქვენ გასახელებენ.


ამის გამო ჩემი მოთამაშეების მიმართ მადლობის მეტი რა მეთქმის, მაგრამ ეს არის მთელი პერსონალის დამსახურება და რა თქმა უნდა, იმ ხალხის, რომლებიც ამ ბავშვებთან წლების განმავლობაში მუშაობდნენ. ნოდარ ჭელიძეს და თემურ შალამბერიძესი, რომლებმაც მართლაც დიდი შრომა გასწიეს. მე კი მათი შრომის მოსავლის ვიმკი. დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ჩვენი ფეხბურთელები, როგორც მოედანზე ასევე მის გარეთ, ერთმანეთის გვერდით იქნებიან.

უმაღლეს ლიგაში გუნდების რაოდენობის გაზრდაზე, რა აზრის ხართ?

ძალიან ბევრი სპეციალისტის აზრი მოვისმინე იმის შესახებ, რომ თექვსმეტგუნდიანმა ჩემპიონატმა გაამართლა. მე რადიკალურად განსხვავებული მოსაზრება მაქვს, დადებითი ვერაფერი დავინახე გუნდების დამატებით. ჩვენ გავზარდეთ რაოდენობა ხარისხი კი ვერა. არ გვყავს საკმარისი რაოდენობის ფეხბურთელები, მწვრთნელები, ექიმები. ვერც ინფრასტრუქტურის მხრივ ვაკმაყოფილებთ თექვსმეტგუნდიანი ჩემპიონატის მოთხოვნებს.

ახლა საქართველოს ნაკრებზე გადავერთოთ. ახალი მთავარი მწვრთნელის, კახა ცხადაძის თავკაცობით ჩვენმა ეროვნულმა გუნდმა პირველი ოფიციალური შეხვედრა ჩაატარა...

პირველ რიგში კახა ცხადაძეს მინდა მხოლოდ წარმატება ვუსურვო, მისი წარმატება მთლიანად ქართულ ფეხბურთზე აისახება. ამ შეხვედრებში პოზიტივი გაცილებით მეტი იყო. ნაკრები შემართული იყო, შეძლებისდაგვარად შეტევაში ეთამაშა. რა თქმა უნდა გერმანიის ნაკრები არ მოგცემს იმის საშუალებას, რომ ბურთი აკონტროლო, მაგრამ აშკარა იყო რომ ჩვენები ლოგიკურად ცდილობდნენ თამაშის აწყობას გამომდინარე მეტოქედან. ასევე მისასალმებელია ის ფაქტიც, რომ მას შემდეგ რაც გერმანელები დაწინაურდნენ ცხადაძემ ცვლილებები იმაზე კი არ მიმართა, რომ როგორმე მეტი გოლი არ გაეშვა, არამედ თავდასხმის გაძლიერება სცადა. მთავარია ცხადაძეს შესაბამისი დრო მიეცეს იმისათვის, რომ ნაკრებში აუცილებელი სამუშაოები ჩაატაროს. ამ შემთხვევაში, წარმატება აუცილებლად გვექნება. ხოლო თუ პირველივე წაგებისას მის კრიტიკას დავიწყებთ, არაფერი არ გამოვა. 

ისიც პოზიტიური ფაქტია, რომ მწვრთნელი თამაშის მიმდინარეობისას არ ერიდება სათამაშო სქემის გადაწყობას.

ბევრს ჰგონია, ასეთ სიტუაციაში სწორი გადაწყვეტილების მიღება ადვილი საქმეა, მაგრამ ფეხბურთში ჩახედული ადამიანი დამეთანხმება, რომ ეს გარედან ჩანს ადვილი. სინამდვილეში კი საკმაოდ რთულია, გადაწყვეტილება მყისიერადაა მისაღები და მოთამაშეებიც სწრაფად უნდა გადაეწყონ. ძალიან მიხარია, რომ ცხადაძემ გერმანიასთანაც და მალტასთანაც ტაქტიკა აშკარად სწორად გადააწყო და ეს აუცილებლად დასანახი და აღსანიშნია.

თავად გერმანიის ნაკრებმა რა შთაბეჭდილება დატოვა?

ჩემი აზრით, თბილისში ასეთ ძლიერ ნაკრებს არ უთამაშია. ვნახეთ ესპანეთი, საფრანგეთი, ინგლისი, იტალია - რამდენჯერმე. ვნახეთ გერმანიის ნაკრები, რომელსაც კლინსმანით, მაგრამ ასეთი ძლიერი გუნდი თბილისში არ ჩამოსულა.

ისიც ვთქვათ, რომ ნაკრებს დაუბრუნდნენ ლევან ყენია, ალეკო ამისულაშვილი. დებიუტი ქონდა გიორგი ნავალოვსკის. ასეთ მოთამაშეებზე უარის თქმის ფუფუნება არ გვაქვს.

ეს ძალიან კარგია და აქვე უნდა ვთქვა, რომ ზოგ სიტუაციაში მწვრთნელი იყოს დამნაშავე ზოგში ფებურთელი, მაგრამ ეროვნული ნაკრების ინტერესი, ყოველთვის ყველაფერზე მაღლა უნდა იდგეს. მინდა გმოვარჩიო კიდევ ერთი დებიუტანტი - ლაშა დვალი, რომელმაც ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა. მისი სახით ნაკრებს საიმედო მცველი ეზრდება. ძალიან კარგია, ცხადაძემ იმ ფეხბურთელებზე რომ გააკეთა აქცენტი რომლებსაც სათამაშო პრაქტიკა არ აკლიათ. ნაკრების წარმატებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს მთლიანად ქართული ფეხბურთის განვითარებისთვის. ეროვნული გუნდის ერთი გამარჯვება შეიძლება საკმარისი აღმოჩნდეს, რომ მთავრობამ ფეხბურთისთვის უფრო მეტი თანხა გამოყოს, ჩვენი ფეხბურთელების მიმართ უფრო მეტი ინტერესი გამოიჩინონ უცხოელმა სპეციალისტებმა და იმ ფეხბურთელებსაც კი, ვისაც ნაკლები შანსი აქვთ უცხოეთში კარიერის გაგრძელებისა, ამის საშუალება გამოუჩნდეთ და დახურული წრეც გაარღვიონ.

პაატა ძნელაძე