სიახლეები

ოთარ ფედიჩკინი: გადაწყვეტილებით გაოგნებული ვარ

გაუზიარე

ბათუმში, შესაძლოა, საფეხბურთო აქციები დაიწყოს! მიზეზი? ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტის დადგენილება, რომელიც გუშინ გაცხადდა. საქმე ეხება 3 აპრილს ქობულეთის `ჩელე-არენაზე~ გამართულ ბათუმის დინამო - ტორპედოს მატჩის შემდეგ დატრიალებულ ამბავს... 

სადისციპლინო კომიტეტის გუშინდელ სხდომას ბათუმის დინამოს პრეზიდენტი ოთარ ფედეჩკინი და სპორტული დირექტორი მალხაზ მახარაძე დაესწრნენ, მათ კი კომიტეტის თავმჯდომარემ ჯიმშერ ტყებუჩავამ, წევრებმა, ზვიად ქორიძემ და ზვიად დარასელმა ასეთი ამბავი ამცნეს:

ვინაიდან ბათუმის დინამოს ქომაგებმა ტორპედოსთან მატჩის დამთავრების შემდეგ აგინეს და აფურთხეს თანამსაჯებს, ხოლო შემდეგ ერთ-ერთმა ქომაგმა არბიტრ გიორგი ყრუაშვილს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა - ფეხი ამოარტყა, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კოდექსის 115-ე და 116-ე მუხლების შესაბამისად, ბათუმის დინამოს ქომაგთა უსაქციელობას ასეთი სანქცია მოჰყვა: ბათუმის დინამოს სამი საშინაო შეხვედრის უმაყურებლოდ ჩატარება და ზედაც 8 ათასი ლარის გადახდა დაეკისრა.

ბათუმელები ფულს აღარ ჩივიან, საჩემპიონოდ შემართული გუნდისთვის სამი საშინაო შეხვედრის ცარიელი ტრიბუნების წინ თამაშზე დარდობენ. ამბობენ, ეს ჩვენთვის დიდი დარტყმააო. ამ სამი უახლოესი საშინაო მატჩის ჩატარება კი ბათუმელებს 11 აპრილს მეოთხეადგილოსან სამტრედიასთან, 24 აპრილს გურიასთან და 9 მაისს ლიდერ დინამო თბილისთან უწევთთ. ბათუმელები 9 მაისს ქობულეთის `ჩელე-არენაზე~ ანშლაგს ელოდნენ, მაგრამ... 

...მაგრამ სწორედ ამის გამო აღშფოთდნენ გუშინ სადისციპლინო კომიტეტის სხდომის დამსწრე ბათუმის დინამოს პრეზიდენტი და სპორტული დირექტორი. 

გულმოკლულები ვართ, ეს ჩვენთვის დიდი დარტყმაა. სადისციპლინო კომიტეტის სხდომაზე ბათუმიდან მომავალნი ვფიქრობდით, რომ მაქსიმუმ ხუთასლარიან ჯარიმას გამოგვიწერდნენ, მაგრამ თურმე სად ხარ _ გვითხრა ბათუმელთა პრეზიდენტმა ოთარ ფედეჩკინმა, რომელიც გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ ადგილს ვერ პოულობდა, _ გაოგნებული ვარ, ეს წარმოუდგენელი სასჯელია. 

ქომაგები თუ შევარდნენ მოედანზე და არბიტრი სცემეს, ხოლო თანამსაჯებს აფურთხეს და აგინეს, აბა, სხვას რას ელოდით?

ქომაგები შევარდნენო, ცოტა ხმამაღალი ნათქვამია. მატჩის შემდეგ 5-6 ბიჭი გადახტა მოედანზე. არც ისეთი ამბავი ყოფილა, რომ ჩემპიონობისთვის მებრძოლი გუნდისთვის მსგავსი სანქციები დაეკისრებინათ. ხომ გითხრით, თბილისისკენ გზაზე ვფიქრობდით, რომ 500 ლარით დაგვაჯარიმებდნენ. ტორპედოსთან მატჩის შემდეგ ჩვენს ქომაგებს არც არბიტრი გაულახავთ და არც ისეთი გინება ყოფილა, მსგავსი აქამდე არ მომხდარიყოს.

როგორც ვიცით, ამ მატჩის მსაჯობასთან დაკავშირებით თქვენც გაქვთ პრეტენზიები.

დიახ, მიგვაჩნია, რომ გიორგი ყრუაშვილმა ცუდად იმსაჯა და რამდენიმე სერიოზული შეცდომა დაუშვა. თუმცა მსაჯების საკითხი დისციპლინარებს დღევანდელ სხდომაზე არც განუხილავთ.

გადაწყვეტილება მიღებულია. ახლა რას აპირებთ?

არც კი ვიცი, რა გიპასუხოთ. აქვს კი აზრი ამ გადაწყვეტილების გასაჩივრებას?! 
მგონია, რომ ეს ფუჭი მცდელობა იქნება, რადგან დღეს სადისციპლინო კომიტეტმა მიზანმიმართულად მიიღო ბათუმის დინამოს საწინააღმდეგო გადაწყვეტილება. ქობულეთში ყოველ მატჩს 2500 ბათუმელი ქომაგი ესწრება. 9 მაისს დინამოსთან შეხვდრისთვის ანშლაგს ველოდით, მაგრამ... არ ვარ პასუხისმგებელი, რომ ამ გადაწყვეტილების შემდეგ ბათუმში, სადაც ახლა საფეხბურთო ბუმია, ქომაგები ქუჩაში არ გამოვლენ და საპროტესტო აქციებს არ მოაწყობენ. რაც შეეხება ჩვენი მომავალი მოქმედების გეგმას, დავბრუნდებით ბათუმში, კლუბის ხელმძღვანელები დავილაპარაკებთ და გადავწყვეტთ, რა და როგორ გავაკეთოთ. 

მიზანმიმართულად ბათუმელთა საწინააღმედგოდ რატომ მიიჩნევთ ამ გადაწყვეტილებას?

შთაბეჭდილება მრჩება, რომ სადისციპლინო კომიტეტი ამ გადაწყვეტილებით იმ საფეხბურთო მუხტის ჩაკვლას ცდილობს, რომელიც ახლა ბათუმშია. როგორც გითხარით, 9 მაისს დინამოსთან ქობულეთის სტადიონზე ანშლაგს ველოდით, მაგრამ ახლა ცარიელი ტრიბუნების წინ მოგვიწევს თამაში. ბევრია საქართველოს ჩემპიონატში ისეთი მატჩი, რომელიც სავსე ტრიბუნების წინ ტარდება?! 

სადისციპლინო კომიტეტის დადგენილებით, გუშინდელი გადაწყვეტილების გასასაჩივრებლად ბათუმის დინამოს ერთკვირიანი ვადა აქვს და ვნახოთ, რას მოიმოქმედებენ.

გუშინდელი გადაწყვეტილების შესაბამისადვე, მიმდინარე სეზონში ბათუმელები შინ, ქომაგის თვალწინ მხოლოდ ერთ შეხვედრას გამართავენ _ 17 მაისს, ზესტაფონთან...  

ლუკა თალაკვაძე