სიახლეები

ზესტაფონში დუბლები გაჩერდნენ, რა იქნება 11 აპრილს?

გაუზიარე

ცუდი ამბავი ზესტაფონიდან: საქართველოს ორგზის ჩემპიონ გუნდს 6 აპრილის შემდეგ არ უვარჯიშია და დიდი ალბათობით, ვერც შაბათს გაემგზავრება ლანჩხუთში ფოთის კოლხეთთან სათამაშოდ. მიზიზი ძველი, ცხადი და მარტივია _ უფულობა. სწორედ უფულობის გამო ჩაიშალა გუშინ კოლხეთი-ზესტაფონის დუბლების მატჩი _ იმერლებმა მეტოქესთან გასამგზავრებელი ფული ვერ გამონახეს. 

სადღეისო მდგომარეობით, იგივეა მოსალოდნელი 11 აპრილსაც _ ზესტაფონის პატრონ-მყვარებელი არ ჩანს და, ფაქტობრივად, გუნდიც დაშლილია. ზესტაფონის მუნიციპალიტეტისა თუ გამგეობის ხელმძღვანელთა უამრავი დაპირების მიუხედავად, გუნდის საშველი ჯერაც არ ჩანს. ეგ კი არა, ზესტაფონის ვებგვერდზე ფრიად სამწუხარო  ტექსტსაც ვკითხულობთ: 

"როგორც მოგეხსენებათ, უკვე რამდენიმე დღეა, გუნდი არ ვარჯიშობს და ამ ეტაპზე ლანჩხუთში 11 აპრილს კოლხეთთან გასამართ მატჩზე გამგზავრება აბსოლუტურად წარმოუდგენლად გვესახება. მოვლენათა ასეთი განვითარების შემთხვევაში კი ეროვნული პირველობის გათამაშებიდან ჩვენი გუნდის მოხსნა გარდაუვალი გახლავთ", _ წერს ზესტაფონის პრესსამსახური. 

შეგახსენებთ, რომ ზესტაფონში ხელფას-პრემიები იანვრის შემდეგ არ აუღიათ. პირველი წრის შემდეგ გუნდი სრულიად განახლებული შემადგენლობით შეიკრიბა. ზესტაფონი, უფულობის გამო, ვერც 22 მარტს მიდიოდა ქობულეთში შუქურასთან სათამაშოდ, მაგრამ ბოლო მომენტში მგზავრობის თანხას ერთ-ერთი ადგილობრივი ბიზნესმენი გამოვიდა და გუნდმაც ავად თუ კარგად ქობულეთში ითამაშა. რა იქნება 11 აპრილს, ერთად ვნახავთ... 
   
ლუკა თალაკვაძე