სიახლეები

სამტრედიაშიც ბრძოლა იქნება

გაუზიარე

ივანწმინდა, 7აპრილი, 1200 მაყურებელი

ჩიხურა 0:1 სამტრედია

0:1თევზაძე(48)

ჩიხურა:ქვიილითაია,ლუბჩაკი,ლ.ჭელიძე,ჩიკვაიძე,დობროვოლსკი,კორიფაძე,სარდალიშვილი,განუგრავა,ივანიშვილი(მანჯგალაძე61),დეკანოიძე,მუმლაძე

სათადარიგოები:ზარქუა,ბაჯელიძე,კაკაშვილი,ტროიანოვსკი,იაკობაშვილი,ზ.ნადირაძე

მწვრთნელი: სოსო ფრუიძე

სამტრედია:მუჯრიშვილი,კაკუბავა,ხიზანიშვილი,თევზაძე,თორნიკე გრიგალაშვილი,გორგიაშვილი,(კერძევაძე80),დათუნაიშვილი,იაშვილი(გაბედავა86),გეწაძე,დოლიძე,კაპანაძე,(შარიქაძე69)

სათადარიგოები:თევდორაძე,თ.შალიკაშვილი,დ,კვირკველია,დოს სანტოსი

მწვრთვნელი: ზაზა ზამთარაძე

გაფრთხილება: კორიფაძე (58),მუმლაძე(61),კაპანაძე(67),მანჯგალაძე(74)

მსაჯი: არსენ ნონიკაშილი

სათასო ნახევარფინალმა საჩხერეში დიდი ინტერესი გამოიწვია და წლეულს ივანწმინდაში გულშემატკივართა რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა. ორივე გუნდი შეხვედრას დანაკლისით შეხვდა, მასპინძლებმა ტრავმის გამო შოთა კაშია და ლაშა კუჭუხიძე მოისაკლისეს, სამტრედიას კი დისკვალიფიცირებული გიგა ბეჭვაია და დავით ბოლქვაძე არ ჰყავდა. ჩიხურამ ბოლო წლებში სათასო გუნდის სახელი დაიგდო და პირველ, საშინაო შეხვედრაში მასპინძლები მეტად თუ ნაკლებად ფავორიტად მიიჩნეოდნენ, თუმცა ივანწმინდაში გამართულმა შეხვედრამ ცხადყო, რომ ზემოიმერლებს  ფინალში გასვლა უაღრესად გაუჭირდებათ. 

პირველებმა საჩხრელებმა სცადეს ხიფათის შექმნა, ივანიშვილმა დასარტყმელად დაუგორა მამალაძეს, თუმცა ჩიხურას ფორვარდმა უხეიროდ დაარტყა.
მე-14 წუთზე სამტრედიამ სწრაფი კონტრშეტევა განახორციელა და უბერებელმა ალექსანდრე იაშვილმა გამოზომილი გადაცემით ხელსაყრელ პოზიციაზე გაიყვანა გრიგოლ დოლიძე, მას კი ბოლო წამს სერგეი კუბჩაკმა აჯობა და ჩიხურა ხიფათს აარიდა. მე-18 წუთზე გიორგი განუგრავამ შორიდან სცადა გატანა, თუმცა მისი მცდელობა უზუსტო იყო. ორ წუთში კაპანაძე ურტყამდა კარისკენ, მაგრამ მას მცველები გადაეღობნენ. მალევე იაშვილს აუღო მაქსიმე ქვილითაიამ, რომელმაც ბურთი ახლოსვე მოიგერია და თავით გორგიაშვილი ამატებდა, თუმცა მისი თავური სუსტი გამოდგა და საჩხერელთა მეკარეს აღება არ გასჭირვებია.  მოედნის ცენტრში განსაკუთრებით აქტიურობდა საჩხერელი დენის დობროვოლსკი, საიმედოდ თამაშობდნენ სამტრედიელთა ცენტრალური მცველები ხიზანიშვილი და კაკუბავა, ისინი გასაქანს არ აძლევდნენ საჩხერელთა შემტევებს, დეკანოიძესა და  მუმლაძეს. პირველ ნახევარში რეალური საგოლე შანსი არც ერთ გუნდს არ მისცემია. 
მეორე ნახევარი დაიწყო და სტუმრებმა სამ წუთში უმნიშვნელოვანესი გოლი გაიტანეს. სამტრედიელებმა სწრაფი კონტრშეტევა განახორციელეს, სტუმართა მარცხენა მცველმა გიორგი თევზაძემ საკმაოდ ადვილად გაიარა ბურთიანად დიდი მონაკვეთი, საჯარიმოსთან ახლოს მისულმა თორნიკე გორგიაშვილთან გაითამაშა კედელი და შემდეგ უშანსოდ დატოვა ქვილითაია - 0:1. რას ნიშნავს სათასო შეხვედრაში სტუმრად გატანილი გოლი, კარგად მოგეხსენებათ. ჩიხურასთვის ეს საგანგაშო სიგნალი იყო დ ა მასპინძლები გააქტიურდნენ. 53-ე წუთზე  სარდალიშვილი ურტყამდა სამტრედიელთა კარისკენ, მაგრამ მიზანმა უმტყუნა. მალევე თორნიკე გრიგალაშვილი შეცდა და თორნიკე მუმლაძემ ბოძებული შანსი ვერ გამოიყენა, ძალზე უხეიროდ დაარტყა. 64-ე წუთზე მანჯგალაძის ჩაწოდებული კუთხურის შემდეგ ჩიკვაიძე ურტყამდა თავით და სამტრედიელები კაკუბავამ გადაარჩინა, ბურთი ისევ კუთხურზე მოიგერია. სახიფათო მომენტები კიდევ არაერთი შეიქმნა... 
ცალკე აღნიშვნის ღირსია ალექსანდრე იაშვილი, რომელმაც დიდი სამუშაო გასწია, ბარე ორ ახალგაზრდას შეშურდებოდა, იმდენი იმოძრავა, მისთვის ბურთის წართმევა საჩხერლებს ძალზე უჭირდათ.
საჩხერელებმა მატჩის ბოლო წუთები შეტევაში გაატარა, თუმცა ძალზე ქაოტურად უტევდნენ და სამტრედიელებს მათი შეტევების მოგერიება არ გასჭირვებიათ.

მატჩის შემდეგ:  

სოსო ფრუძე: ვიცოდით, რომ მძიმე თამაში გველოდა, ორივე გუნდს ხომ თასიდან გვაქვს ევროთასებზე გასვლის მეტი შანსი. დღეს, სამწუხაროდ, დავმარცხდით და ვითარება გავირთულეთ, თუმცა დაკარგული ჯერ არაფერია და სამტრედიაში ბოლომდე ვიბრძოლებთ 

ზაზა ზამთარაძე: სათასო შეხვედრების ბედი ასეთ ეტაპზე ერთ თამაშში ვერ გადაწყდება. კარგია, რომ დღეს მოვიგეთ, მაგრამ ეს ჯერ არაფერს ნიშნავს. შემდეგ ეტაპზე გავალთ იმ შემთხვევაში, თუ სამტრედიაშიც წარმატებით ვითამაშებთ, ასე რომ, ყველაფერი იქ გაირკვევა.                                                                                          

ნუკრი ლოლაძე ივანწმინდიდან