სიახლეები

პირველი ნაბიჯი ფინალისკენ

გაუზიარე
7 აპრილი. თბილისი. "დინამო არენა". 1000 მაყურებელი. 

დინამო-ცხინვალი 2:0

1:0 ცინცაძე (20 პენ.), 2:0 ვოლკოვი (79).

დინამო: დაუშვილი, ტაბატაძე (კაკაბაძე 68), გველესიანი, რენე, შერგელაშვილი, ცინცაძე, პაპუნაშვილი, პარუნაშვილი, კიტეიშვილი (ჯანელიძე 77), ჭანტურიშვილი, ჩირგაძე (ვოლკოვი 62).

სათადარიგოები: ჰრდლიჩკა, ჯაფიაშვილი, მიქელთაძე, ჯიღაური.

მწვრთნელი: კახა გოგიჩაიშვილი.

ცხინვალი: ნადირაძე, ცერცვაძე, კაჭკაჭიშვილი, კილასონია, ჯიშკარიანი, ქარდავა (ბურძენაძე 90), შინდაგორიძე (ლექვთაძე 46), ცაცკრიალაშვილი (მარკოზაშვილი 75), თარხნიშვილი, მახარობლიძე, ივანიშვილი.

სათადარიგოები: ნანიევი, მაისაშვილი, ბაჩიაშვილი, გელაშვილი.

მწვრთნელი: კახა კაჭარავა.

გაფრთხილება: ქარდავა (19), გველესიანი (51), შერგელაშვილი (54), ცერცვაძე (90).

მსაჯი: დავით ხარიტონაშვილი.

თბილისის დინამომ პირველ ნახევარფინალურ შეხვედრაში ცხინვალს ორბურთიანი სხვაობით მოუგო და ფინალისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა. ორი აზრი არაა, დინამოელებმა გუშინ მეტოქეს აშკარად აჯობეს და დამსახურებულადაც მოიგეს, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ასეთი თამაში ევროარენაზე წარმატებისთვის საკმარისი არ იქნება. კახა გოგიჩაიშვილის სახით დინამოს მართლაც პერსპექტიული მწვრთნელი ჰყავს, რომელმაც ფეხბურთელებთანაც მშვენივრად იცის ურთიერთობა და არც სიმკაცრე აკლია საჭიროების შემთხვევაში. თუმცა, ჰრდლიჩკას, ბუკორაცის, მანუელის დონის ლეგიონერებითა და ზოგიერთი ადგილობრივი მოთამაშით, გუნდმა, სამწუხაროდ, საეჭვოა ევროთასების ჯგუფურ ეტაპზე შეაღწიოს.

სანამ თამაშის მიმდინარეობაზე გიამბობთ, გეტყვით, რომ შეხვედრას ესწრებოდა საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი კახა ცხადაძე. პირველი მეტ-ნაკლებად სახიფათო მომენტი სტუმართა აქტივშია. ცაცკრიალაშვილმა დაარტყა ძლიერად, მაგრამ ბურთი კარის ბადეს გარედან მოხვდა. დინამოელთაგან კი ანგარიშის გახსნა მართებდა ლაშა პარუნაშვილს, რომელიც მეკარესთან პირისპირ დარჩა, მაგრამ  არაზუსტად დაარტყა და ასპროცენტიანი შანსი გაუშვა ხელიდან. ცოტა ხანში მასპინძლებმა მაინც გაიტანეს. ცხინვალელებმა კიტეიშვილი შეაჩერეს საჯარიმოში აკრძალული ილეთით და დავით ხარიტონიშვილმაც ხელი თერთმეტმეტრიანის ნიშნულისკენ გაიშვირა. სიტყვამ მოიტანა და სტუმართა მთავარი მწვრთნელი კახა კაჭარავა მატჩის შემდეგ უსაფუძვლოდ მიიჩნევდა ამ ეპიზოდში პენალტის დანიშვნას. თერთმეტმეტრიანი უნაკლოდ შეასრულა მათე ცინცაძემ. ტაიმის დარჩენილ დროში დინამოელებს კიდევ ერთი შანსი შეექმნათ, ჭანტურიშვილის დარტყმული ოდნავ აცდა ხარიხას.

მეორე ტაიმში ცხინვალი კი ცდილობდა გათანაბრებას, მაგრამ ცაცკრიალაშვილის და კილასონიას არაზუსტად შესრულებული საჯარიმო დარტყმების გარდა, ვერაფერს გამორჩა. დინამოელთაგან მეორე გოლი კი დებიუტანტის დავით ვოლკოვის ანგარიშზეა, რომელმაც კაკაბაძის იდეალურ ჩაწოდებულზე ყველას დაასწრო და 2:0. ბოლო ათმა წუთმა კი მასპინძელთა სრული უპირატესობით ჩაიარა და რომ არა ცხინვალის მეკარე გიორგი ნადირაძის კარგი თამაში, დინამოს კიდევ ორჯერ შეეძლო გატანა. ნადირაძემ ჯერ პაპუნაშვილის დარტყმული მოიგერია აკრობატულ ნახტომში, შემდეგ კი ჯანელიძის ახლო მანძილიდან თავურს დაეუფლა.

როგორც აღვნიშნეთ, დინამომ დამსახურებულად მოიგო და ფინალამდე ცოტაღა აშორებს, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, ყველაფერი განმეორებით შეხვედრაში 28 აპრილს ვაკეში გაირკვევა.

კახა კაჭარავა: "დინამოს ვულოცავ დამსახურებულ გამარჯვებას. ბოლო წუთებში მეკარემ გვიხსნა რამდენჯერმე, თორემ უფრო დიდი ანგარიშით შეიძლებოდა წაგვეგო. მსაჯების კრიტიკა ნამდვილად არ მიყვარს, მაგრამ ფაქტია, იმ ეპიზოდში, როცა ჩვენს კარში პენალტი დანიშნა, ჩვენი ფეხბურთელი მეტოქეს საერთოდ არ შეხებია. თუკი არსებულ ახალგაზრდულ შემადგენლობას შევინარჩუნებთ და გარკვეულწილად გავძლიერდებით, მომავალ სეზონში უფრო მაღალი ადგილებისთვის ვიბრძოლებთ."

კახა გოგიჩაიშვილი:' "მართალია დღეს მოვიგეთ, მაგრამ ჯერ არაფერი არ დასრულებულა. ძალიან მნიშვნელოვანი იყო რომ გოლი არ გაგვეშვა და დაცვაში ჩვენი თამაშით კმაყოფილი ვარ. მანუელმა და ლობჯანიძემ კი ტრავმის გამო ვერ ითამაშეს."

პაატა ძნელაძე