სიახლეები

რევანში 14 წლის შემდეგ

გაუზიარე

გურია-ვიტ ჯორჯია 4:1

3 აპრილი. ლანჩხუთი. "ევგრაფი შევარდნაძე". 1500 მაყურებელი

1:0 წილოსანი (15), 2:0 მოსიაშვილი (18) 3:1 მოსიაშვილი (40), 3:1 კურდღელაშვილი (22), 4:1 შალამბერიძე (81)

გურია: იმერლიშვილი, ჭეიშვილი, ბ. ცინცაძე, ე. კილაძე, გ. მჭედლიშვილი (ღაღანიძე 88),  ბენაშვილი, გაბრიჩიძე, მოსიაშვილი (ზოზულია 74), კოშკაძე, შალამბერიძე (კონოვალოვი 88),  წილოსანი

სათადარიგოები: გოგუაძე, ისიანი, გოგიაშვილი, მათიაშვილი

ვიტ ჯორჯია: შეროზია, მაისურაძე, ჩიტიშვილი, გეთიაშვილი, თათხაშვილი, დავლაშელიძე (კუხალეიშვილი 72), კურდღელაშვილი (ლებანიძე 61), გახარია, დანელია (ღიბრაძე 46), საბაძე, ხვისტანი

სათადარიგოები: ისერგიშვილი, გიორგაძე, დადიანი, მურუსიძე

გაფრთხილება: ზოზულია (90)

მსაჯი: არსენ ნონიკაშვილი

ლანჩხუთელები წაუგებელ საშინაო სერიას განაგრძობენ და ამაში ხელის შეშლა ვერც ბოლო ადგილზე მყოფმა ვიტ ჯორჯიამ მოახერხა. 
არადა, ვეტერინარები გურულებისთვის მეტად უხერხული მეტოქეა _ არასასურველ ურთიერთ სტატისტიკას რომ თავი დავანებოთ (მათ შორის, შორეულ 2001-ში საშინაო 1:5), ორი წლის წინ, პლეი აუტის გადამწყვეტ შეხვედრაში ვიტელებმა გურიას უმაღლეს ლიგაში დაბრუნება ერთი წლით გადაუდეს.
ახლა კი გურულებმა ამ ყველაფრისთვის რევანში აიღეს, რითაც უკვე ვიტ ჯორჯიას გაუზარდეს ლიგიდან დაქვეითების შანსი. 
ამ სეზონში ძალიან უჭირთ დედაქალაქელებს და ლანჩხუთის მატჩმაც დაადასტურა, რომ წინა ტურში ზუგდიდთან მოგების მიუხედავად, თენგიზ კობიაშვილის შეგირდებს ძალიან გაუჭირდებათ ლიგაში ადგილის შენარჩუნება. 
სამაგიეროდ, ჩინებულად ასპარეზობენ ლანჩხუთელები, რომლებიც წლევანდელი მონაგარით მოწინავეთა შორის არიან, ხოლო ბოლო ათი ტურის შედეგებით სულაც სამეულში ხვდებიან. ეს იმ ფონზე, როცა თემურ ლორიას ზამთრის შესვენებაზეც, ფაქტობრივად, ახალი გუნდის ჩამოყალიბება მოუხდა.
შეხვედრაში პირველი "ჩხვლეტა" სტუმრებმა განახორციელეს და გურიას მცველებს რომ ორგანიზებულად არ ეთამაშათ, ხოლო ვეტერინარებს თამაშგარეს ზღვარისთვის მეტი ყურადღება მიექციათ, ანგარიშის გახსნის შესაძლებლობა უთუოდ ექნებოდათ.
სამაგიეროდ, პირველივე შანსი ვანო წილოსანმა გამოიყენა, რომელმაც მცველის შეცდომით მას შემდეგ ისარგებლა, რაც კობა შალამბერიძის ჩინებული გადაცემა მიიღო.
სხვათა შორის, მატჩის ოქმში წილოსანი თადარიგში იყო მინიშნებული, მაგრამ ბოლო მომენტში მწვრთნელებმა ცენტრფორვარდად სწორედ ის გაამწესეს _ მასაც გასატანად 15 წუთი ეყო. თან ეს გოლი 17-წლამდელთა ნაკრების ექს-ფორვარდისთვის უმაღლეს ლიგაში სადებიუტო გახლავთ.
მისმა თანაგუნდელმა თორნიკე მოსიაშვილმა, ვინაც სადებიუტო ექვსი ტურის წინ გაიტანა, ამჯერად პირველი საუმაღლესლიგო დუბლი მიითვალა: მე-18 წუთზე ჯერ შოთა გაბრიჩიძის იდეალური გადაცემა აქცია გოლად, ტაიმის ბოლოსკენ კი, უკვე ალეკო კოშკაძის მოწოდებულ კუთხურს მეორე ცდაზე (პირველად, თავური მეკარემ აუღო) მიუჩინა კარში ადგილი.
ერთი გოლის გაქვითვა მოსიაშვილის გოლებს შორის ვანო კურდღელაშვილმა მოახერხა, ვინაც ტაიმის შუაში თანაგუნდელისგან კარგი პასი მიიღო, თუმცა გასატანად მცველთან ბრძოლის მოგებაც დასჭირდა.
დანარჩენ დროში გურია დომინირებდა: ალეკო კოშკაძის ჩინებული პასი თავისიანებმა ვერ შეირგეს, ალექსი ბენაშვილმა კი ერთხელ ძელს მოახვედრა, მეორედ _ მეკარემ აუღო, ხოლო კობა შალამბერიძეს კვლავ შეეძლო საგოლედ ასისტენტობა, მაგრამ ხან მცველებმა დაუფარეს, ზოგჯერ თავად დაუგვიანდა პასის გაკეთება, ხანაც მისი გადაცემებით თანაგუნდელებმა ვერ იხეირეს.
თუმცა მატჩის მიწურულს კობამ თავად მოახერხა გატანა, როცა კოშკაძემ გიგა ჭეიშვილი კარგად გაიყვანა, ამ უკანასკნელმა კი თანაგუნდელს ცარიელ კარში გაატანინა.
მანამდე იყო მოსიაშილის თავური, ძელს მცირედით რომ ასცდა და ვეტერინართა მცირეოდენი მცდელობები, რომლისგანაც სტუმრებმა ხეირი ვერ მიიღეს.
შესავალში ვთქვით, რომ გურია შინ წაუგებელია და ამ მხრივ 26-ე ეროვნულში ერთადერთია. რაც სხვებმა ვერ მოახერხეს, ვიტ ჯორჯიამაც ვერ შესძლო...

თომა ჩალაძე ლანჩხუთიდან