სიახლეები

პროგრესი აშკარაა, დომერგი კმაყოფილი წავიდა

გაუზიარე

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აკადემიას უკვე მეოთხედ ეწვია უეფადან მოვლენილი კურატორი ჟან ფრანსუა დომერგი. წინა ჩამოსვლების მსგავსად, ფრანგი სპეციალისტი ამჯერადაც, უშუალოდ ჩაერთო სავარჯიშო პროცესში და ყველა დეტალსა თუ ნიუანსს აკვირდებოდა. სპორტული მხარის გარდა, მან ასევე დიდი დრო დაუთმო პედაგოგიურ ასპექტს და მოზარდების ცხოვრების წესის ანალიზს. ფრანგი სპეციალისტი თბილისს 30 მარტს ეწვია და 4 აპრილს ერევანში გაემგზავრა.  

ჟან ფრანსუა დომერგი ქართული მხარის საქმიანობით კმაყოფილი დარჩა, მისი თქმით, პროგრესი უდავოა. მართლაც, ახალდაარსებული აკადემია სწრაფად ვითარდება და სხვა მსგავს აკადემიებს (საქართველოს გარდა, ანალოგიური აკადემიები ფუნქციონირებს სომხეთსა და კვიპროსში) არაფრით ჩამორჩება, გარკვეული ფაქტორებით კი მისი უპირატესობა აშკარაა.

გვესაუბრება აკადემიის მენეჯერი გიორგი ხაჩიძე: "როგორც იცით, ამჟამად გვყავს 2000 და 2001 წელს დაბადებულთა ორი გუნდი. წელს, გეგმის მიხედვით, 2002 წელს დაბადებულთა გუნდსაც დავიმატებთ. სელექცია ჩატარდება მაღალ დონეზე, ჩვენი სკაუტები საერთო სინჯების გამოცხადებამდე დააკვირდებიან ბავშვებს და წინასწარ შევქმნით მონაცემთა გარკვეულ ბაზას, გვექნება საჭირო ინფორმაცია და სელექციას, შესაბამისად, უფრო საფუძვლიანად ჩავატარებთ. ასევე მჭიდროდ ვთანამშრომლობთ რეგიონულ ფედერაციებთან და მათი ინტერესის შემთხვევაში დეტალურად ვაწვდით ინფორმაციას, თუ როგორ მიმდინარეობს სავარჯიშო პროცესი ჩვენს აკადემიაში. ბუნებრივია, ყველას აინტერესებს, თუ როგორ მიმდინარეობს აკადემიის მშენებლობის პროცესი რუსთავში. იქ ხშირად ჩავდივარ და საკუთარი თვალით ვხედავ, თუ როგორ ტემპში მიმდინარეობს სამუშაოები. გეგმის მიხედვით, აგვისტოში ყველაფერი მზად უნდა იყოს და იქნება კიდეც, აკადემია სუპერთასის მატჩამდე საზეიმოდ გაიხსნება. მანამდე კი ორივე ასაკობრივი გუნდი ნაკრების საწვრთნელ ბაზაზე, "ბასაზეა" დაბინავებული და მათ ყველა პირობა აქვთ შექმნილი იმისთვის, რომ მხოლოდ ფეხბურთზე იფიქრონ."

სავარაუდოდ, უეფას ეს პროექტი უახლოეს პერიოდში უფრო გაფართოვდება და საქართველოს, სომხეთისა და კვიპროსის შემდეგ ანალოგიური აკადემია ბელორუსშიც ამოქმედდება. ჩვენი ინფორმაციით, ამ სიახლის პრეზენტაცია არა უეფას შტაბბინაში, არამედ თბილისში გაიმართება, რაც, ბუნებრივია, სასიამოვნო სიახლეა.

პაატა ძნელაძე