სიახლეები

გიორგი გადრანი: როცა მოედანზე შენი ნაკრების ფორმით გადიხარ ამაზე მაგარი არაფერია

გაუზიარე
ცოტა ხნის წინ ოდესის ჩერნომორეცში ჩარიცხულ 20 წლის გიორგი გადრანს შაბათს უკრაინის ჩემპიონატში, კიევის დინამოსთან დებიუტი ჰქონდა. ქართველმა მცველმა მატჩი სრულად ჩაატარა და საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება დატოვა. გარდა ამისა გადრანი სანაკრებო პაუზის დროს ალექსანდრე ჩივაძემ 21 წლამდე ნაკრებში მიიწვია და უკრაინასთან ორივე მატჩში ათამაშა. გიორგის საკლუბო და სანაკრებო თემებზე სასაუბროდ დინამოსთან თამაშის შემდეგ უკრაინაში დავუკავშირდით. 

კიევის დინამოსთან დებიუტი სასიხარულოა, თანაც ბოლომდე ვითამაშე. დღევანდელი დინამო მონსტრების გუნდია, ჩემპიონატშიც დამაჯერებლად ლიდერობენ და ევროპის ლიგის მეოთხედფინალამდეც მივიდნენ. 

პირველ ტაიმში გოლი არ გაგიშვიათ, მეორეში კი აშკარად გაგიჭირდათ. რის ხარჯზე მოახერხა დინამომ გამარჯვება?

ძალიან ძლიერი გუნდია, პირველ ტაიმში მაქსიმალურად ვუწევდით წინააღმდეგობას, მეორეში კი დიდი ძალებით შეგვიტიეს და ვეღარ გავძელით. ორი გოლი გავუშვით, თუმცა მომენტები ჩვენც გვქონდა, მაგრამ ვერ გამოვიყენეთ. 

რადგან ბოლომდე ითამაშე, ალბათ მწვრთნელიც კმაყოფილია. შენ როგორ შეაფასებ საკუთარ დებიუტს?

მწვრთნელზე მადლობის მეტი არაფერი მეთქმის, ასეთ მატჩში მენდო და ბოლომდე მათამაშა. საკუთარ თავზე ლაპრაკი არ მიყვას, მით უმეტეს წავაგეთ, მაგრამ ვფიქრობ ცუდად არ მითამაშია. 

ვისთან გაგიჭირდა ყველაზე მეტად თამაში? ნიგერიელი მბოკანი უკრაინის ჩემპიონატში ერთ-ერთი საუკეთესო თავდამსხმელია.

მბოკანი მართლაც მაგარია, თუმცა პერსონალურად არავისთან მითამაშია, კიეველებიც უფრო პოზიციურად გვიტევდნენ. ჩემს მხარეს ძირითადად გუსევი და მბოკანი თამაშობდნენ. იარმოლენკოს გამოვარჩევდი, ძალიან ტექნიკური და მაღალი კლასის ფებხურთელია. საერთოდაც ამ ფორმაციის დინამო ერთ-ერთი ძლიერია ბოლო წლებში. ყველა ფეხბურთელი ბურთთანაც კარგად არის და ფიზიკურადაც ძლიერები არიან. ევროპის ლიგაზე ევერტონი გაანადგურეს და ჩემპიონატშიც დნიპროს 8 ქულით უსწრებენ.

უკრაინულ კლუბებში ლეგიონერები მრავლად არიან. ჩერნომორეცში კი, შენს გარდა მხოლოდ ერთი, სერბი ლეგიონერი თამაშობს. გუნდში ფინანსური კრიზისია, თუ აქცენტი მხოლოდ ადგილობრივებზეა?

უკრაინაში ფინანსურად, სამი გუნდის გარდა, მეტ-ნაკლებად ყველას უჭირს. დინამო კიევს, შახტარს და დნიპროს კარგი შესაძლებლობები აქვთ და მათ და დანარჩენ კლუბებს შორის განსხვავებაც ნათლად ჩანს. რაც შეეხება ჩერნომორეცს, საკმაოდ ახალგაზრდული გუნდია, ფინანსურადაც არის რაღაც პრობლემები, მაგრამ, იმედია, ყველაფერი მალე მოგვარდება. 

ჩერნომორეცის მწვრთნელს როგორ დაახასიათებ. ამპლუით თავადაც მცველი იყო და თუ მოგცა კონკრეტული დარიგებები.

ბაბიჩი საკმაოდ ახალგაზრდა მწვრთნელია. თამაშის წინ მომცა კონკრეტული დავალებები. მბოკანი მეორე სართულზე განსაკუთრებით კარგად თამაშობს და მასთან ყურადღებით და დაკვირვებით ყოფნა მომთხოვა. დანარჩენ შემთხვევაში ჩემი და მწვრთნელის ურთიერთობას ვარჯიშებზე და თამაშების წინ მიღებული რჩევები და ინფორმაცია განაპირობებს. 

ახალგაზრდულ ნაკრებზეც ვთქვათ. პირველად ითამაშე 21 წლამდე გუნდში, თანაც უკრაინელების წინააღმდეგ...

როცა მოედანზე ნაკრების ფორმით გადიხარ და შენი ქვეყნის ჰიმნს ისმენ, ამაზე მაგარი არაფერია. ორმაგად მოტივირებული ვიყავი და, ვფიქრობ, თავი ცუდად არ წარმოვაჩინე. ერთი თამაში ბოლომდე ჩავატარე, მეორეში 75-ე წუთზე შემცვალეს. კარგი სპარინგები იყო და გამოცდილებაც მივიღე. რაც შეეხება ჩვენს გუნდს, საკმაოდ ნიჭიერი ბიჭები არიან, მაგრამ მეტი შეთამაშებაა საჭირო. უკრაინის ნაკრებში ერთი ჩემი გუნდელიც თამაშობდა, კაბაევი, ისიც საკმაოდ ნიჭიერია.

ოდესაში ბაზაზე ცხოვრობ? 

კი, ვარჯიშზეც ასე უფრო კონცენტრირებული ვარ. მაღალი დონის ბაზაა. ოდესა ძალიან ლამაზი ქალაქია. ქართველების მიმართ, აქ ტრადიციულად  კარგად არიან განწყობილნი, ზაფხულში ძალიან ბევრი ტურისტი ჩამოდის, ზღვისპირა ქალაქია და ტურისტული ზონაა.

ოთო მუმლაძე