სიახლეები

სანდრო კობახიძე: ნაკრებში მეტი თეორია და მეტი ანალიზია

გაუზიარე

სანდრო კობახიძე საქართველოს ეროვნული ნაკრების ერთ-ერთი აქტიური შემტევია და იყო რამდენიმე მატჩი, საუკეთესოც ყოფილა. თუნდაც საფრანგეთთან პარიზულ შეხვედრაში, როცა გოლიც გაიტანა. 28 წლის კობახიძე სულ სხვა თვალით დაინახა ნაკრების ახალმა თავკაცმა კახა ცხადაძემ და... განვლილ ორ მატჩში ხუთ სხვადასხვა პოზიციაზე დააყენა. 

უკრაინული ლუცკის ვოლინის შემტევს, რა თქმა უნდა, მეტწილად სანაკრებო ამბებზე ვესაუბრეთ, ასევე, საკლუბოსაც შევეხეთ.

მალტასთან ამხანაგურის პირველ ტაიმში მარჯვენა მცველ-ნახევარმცველი იყავი, ანუ მთელი ფლანგი გებარა. მეორე ტაიმში კი სულაც მარჯვენა მცველად ითამაშე. ადრე როდესმე თუ დაუყენებიხართ ამ პოზიციებზე? 

არასოდეს, მაგრამ მწვრთნელის არჩევანი მესმის და სიმართლე გითხრათ, გამიხარდა კიდეც, რომ ჩემში უნივერსალის თვისებები დაინახა. გასაგები იყო, რომ მალტასთან შეტევაზე უნდა გაკეთებულიყო აქცენტი და კახა ცხადაძემაც გადაწყვიტა, რომ ნომინალური მარჯვენა მცველის ნაცლად შეტევაზე ორიენტირებული ფეხბურთელი დაეყენებინა ჩემი სახით. პირადად ჩემთვის, ეს პოზიცია ნამდვილად არაა კომფორტული, მეორე ტაიმში კი სულაც მცველი ვიყავი. ყველამ დაინახა, რომ ეს ჩემი ადგილი არაა, მაგრამ, ვიმეორებ, ნაკრებს თუ დასჭირდა, ყველგან ვითამაშებ. 

გერმანიასთან უკვე შემტევი იყავი, თუმცა იქაც გამოიცვალე პოზიციები: თავიდან მარჯვენა გარემარბად იდექი, მეორე ტაიმში კი საყრდენად...

ამ დონის ნაკრებთან მართლაც არასოდეს მითამაშია. რთულია, როცა ცდილობ შეტევას, მაგრამ მეტოქე არ გაძლევს საშუალებას, მუდმივად აკონტროლებს ბურთს და ენერგიას გაცლის. ჩემი აზრით, სწორად ვითამაშეთ, ვცდილობდით, ჩვენი კარიდან რაც შეიძლება შორს დავხვედროდით მეტოქეს. ეგაა, გერმანია ძალიან ძლიერი იყო. სასწაულად შეთამაშებულები იყვნენ, დიდ ენერგიას ვხარჯავდით ბურთის წასართმევად. 

ყველაზე მეტად რომელი ეპიზოდი დაგამახსოვრდა გერმანიასთან მატჩში? ისეთ ეპიზოდზე გეკითხები, რომელშიც მონაწილეობდი. 

იყო მომენტები, როცა უფრო მეტად უნდა გამემწვავებინა შეტევა. შემეძლო უკეთ შემესრულებინა სტანდარტული. ჩემი თამაშით უკმაყოფილო დავრჩი. მონდომება არ მაკლდა, უბრალოდ, არ გამომივიდა ისე, როგორც მინდოდა. 

რას იტყვი ცხადაძის მიერ დანერგილ სიახლეებზე? ყველაზე მკაფიო სიახლე რა გენიშნა?

ადრინდელ ნაკრებთან შედარებით სხვა მიდგომაა, სხვა სათამაშო სქემაა და სხვა ფსიქოლოგია. დარწმუნებული ვარ, ვისაც ფეხბურთი ესმის, განსხვავებას დაინახავდა – უფრო მეტად ვიყავით მეტოქის ნახევარზე, შეტევებს და გამწვავებას ვცდილობდით. ცხადაძის ინტერვიუს მოვუსმინე და ამბობს, შემდეგ შეკრებაზე უფრო გამოჩნდება დალაგებული თამაშიო. მჯერა, ასეც იქნება. 

ახალი მწვრთნელის მოსვლა გუნდში ატმოსფეროს შეცვლასაც იწვევს, სხვა სტიმული იგრძნობა ხოლმე. როგორც ნაკრების ფეხბურთელი, რას იტყვი, იგრძნობოდა ეს?

ეგრეა, დადებითი ატმოსფერო იგრძნობოდა ნაკრებში. გაიზარდა კონკურენცია და ყველანი ვცდილობთ, უარყოფითი მომენტები დავივიწყოთ. მუდმივად იმის მოსმენა, რომ ნაკრებს ფეხბურთის თამაში არ შეუძლია, კარგს არაფერს მოიტანდა. ნაკრებში ამჯერად ფსიქოლოგიური მუშაობა მიმდინარეობდა, თანაც ინტენსიურად. პირადად მე, პრობლემა არ მქონია თემურ ქეცბაიასთან, მეტიც, მისი მადლობელი ვარ, სულ მათამაშებდა. თუმცა დღევანდელ ნაკრებში სხვა ატმოსფერო ჩანს, გუნდი უფრო იმედიანადაა და მეტი დრო ეთმობა როგორც თეორიულ მეცადინეობებს, ასევე ტაქტიკურ ანალიზს. ეს აშკარა განსხვავებაა. 

ზოგადად, შეტევაში ორივე ფლანგზე თამაშობ. შენთვის მარცხნივ უკეთესია თუ მარჯვნივ?

ვოლინში ორივეგან მიწევს თამაში. გააჩნია, კლუბი ან ნაკრები რა სქემით თამაშობს. 

საკლუბო ამბებზეც გკითხავ: კონტრაქტი დნიპროსთან გაქვს, ვოლინში კი გაგანათხოვრეს. კმაყოფილი ხარ ამ გუნდში ყოფნით? 

ჩემთვის მთავარია, სათამაშო პრაქტიკა მქონდეს. სწორედ ამიტომ დავთანხმდი ვოლინის ვარიანტს, მაგრამ, რა თქმა უნდა, უკეთეს გუნდში გადასვლის ამბიცია მაქვს. ჯერ არ ვიცი, რა მოხდება ზაფხულში.

ამჟამად რაიმე შემოთავაზება თუ გაქვს, ან ზამთრის შესვენებაზე არ გქონია რეალური ვარიანტი?

იყო საუბრები და კონკრეტული წინადადებაც, მაგრამ მერე არაფერი გამოდიოდა. ორი ვარიანტია: ან დნიპრო მაფასებდა ძვირად, ან დაინტერესება არ იყო იმდენად სერიოზული. 

რამდენად რეალურია, რომ ვოლინი ევროპის ლიგაზე გავიდეს? 

გასულ ტურში ზორიას ვუგებდით და 1:2 წავაგეთ. საწყენი მარცხი იყო... რომ მოგვეგო, მეოთხე ადგილზე გადავდიოდით, ახლა კი მეექვსეზე ვართ. ცხრილიდან გამომდინარე, ევროპის ლიგაზე გასვლა შეიძლება, მაგრამ ისიცაა, რომ კლუბში ფინანსური გაჭირვებაა. ხელფასს ვერ იღებენ. პირადად მე ფინანსურად ვოლინზე არ ვარ დამოკიდებული, გასამრჯელოს დნიპრო მიხდის, თუმცა საწყენია, რომ თანაგუნდელებს უჭირთ. ისე, ვოლინი არასოდეს ყოფილა ხუთეულში. 

ილია ნანობაშვილი