სიახლეები

ლევან კობიაშვილი: ზაფხულში საქართველოში დავბრუნდები

გაუზიარე

როგორც იცით, ლევან კობიაშვილი ბერლინის ჰერტას აკადემიაში მუშაობს და ასევე, სამენეჯერო კურსებს გადის. ის ჰერტას საკლუბო სტრუქტურაშია და კონტრაქტი წლევანდელ 30 ივნისამდე აქვს. ლევანმა გამოაცხადა, რომ ამ ხელშეკრულების დასრულების შემდეგ საქართველოში დაბრუნდება და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას. 

"კობიმ" ეს ჯერ კიდევ შარშან შემოდგომაზე თქვა და აზრი არც შეუცვლია. აი, რას ეუბნება ლევანი Berliner Zeitung-ს: 

"მსურს, რომ ქართულ ფეხბურთში რაღაც უკეთესობისკენ შევცვალო, Aეფექტური სტრუქტურული მექანიზმი შევქმნა. როცა არჩევნების თარიღი გამოცხადდება, ჩემს გუნდთან ერთად კამპანიას დავიწყებ. ჰერტაში უარყოფითი არაფერი მიგრძვნია და ჩემი სურვილით მივდივარ. ასე რომ, ზაფხულში საქართველოში ვიქნები. მინდა, ჩემი გამოცდილება და ცოდნა სამშობლოს მოვახმარო". 

ჰერტას მენეჯერი, გუნდის ყოფილი ბომბარდირი მიხაელ პრეეტცი კობიაშვილის გადაწყვეტილებას პატივს სცემს: 

"ჩვენ მას მხარს ვუჭერთ. კობიაშვილს ვასწავლეთ გარკვეული საკითხები, რაც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობისთვის გამოადგება. თუ ყველაფერი კარგად იქნება, "კობი" ზაფხულში წავა საქართველოში, მაგრამ თუ თავის სურვილს ვერ აისრულებს, ჰერტაში დაბრუნდება". 

პრეეტცის ნათქვამი კობიაშვილმაც დაადასტურა: 

"არასოდეს არ იცი, რა მოხდება ხვალ. შესაძლოა, შემდეგ ისევ ჰერტაში დავბრუნდე და კლუბში ვიმუშაო". 

შეგახსენებთ, კობიაშვილმა შარშან მაისში სწორედ ჰერტაში დაასრულა კარიერა.

ილია ნანობაშვილი