სიახლეები

...და რა შუაშია საქართველო - გერმანია?

გაუზიარე

3 აპრილი. თბილისი. დინამო-არენა. 2 000 მაყურებელი

დინამო- დილა 2:2

0:1 გველესიანი (11 ს.კ), 1:1, 2:1 ჭანტურიშვილი (19, 69), 2:2 ერისთავი (81)

დინამო: ჰრდლიჩკა, თოთაძე, გველესიანი, რენე, კაკაბაძე, ჯიღაური (კიტეიშვილი 56), ბუკორაცი (პარუნაშვილი 62), ცინცაძე, პაპუნაშვილი (შერგელაშვილი 87), ჩირგაძე, ჭანტურიშვილი

სათადარიგონი: დაუშვილი; ჯანელიძე, ტაბატაძე, ვოლკოვი

მწვრთნელი: კახა გოგიჩაიშვილი

დილა: სომხიშვილი, სეთურიძე (ერისთავი 77), მარიჩი, ხურცილავა, ბაგაევი, ქარქუზაშვილი, ფალავანდიშვილი, გვალია, გორელიშვილი (კვეკვესკირი 87), წიქარიძე (ახალკაცი 70), მოდებაძე

სათადარიგონი: მიგინეიშვილი; კვახაძე, ხიდეშელი, თექთურმანიძე

მწვრთნელი: უჩა სოსიაშვილი

გაფრთხილება: ხურცილავა (36), რენე (42), მოდებაძე (42), პაპუნაშვილი (78), კაკაბაძე (87)

მსაჯი: გ. კიკაჩეიშვილი

ჩემპიონატის ლიდერთა ეს ექვსქულიანი მატჩი მაინცდამაინც საქართველო-გერმანიის შესარჩევი შეხვედრის შემდეგ დაემთხვა. ქომაგი კი ჯერაც იმ თამაშის ემოციის ქვეშ იყო და ტრიბუნაზე უკეთესი მატჩის მომლოდინეთა უკმაყოფილო ბუტბუტს აქა-იქ მოკრავდი კიდეც ყურს... დინამო - დილა, შესაძლოა, დიდად სანახაობრივი მართლაც არ გამოვიდა, მაგრამ გასათვალისწინებელია, რომ ამ მატჩში დაძაბულობა პიკს აღწევდა და ასეთი მნიშვნელობის თამაშისთვის, ვფიქრობთ გატანილი ოთხი გოლიც ჩინებული მაჩვენებელია. 
ექვსქულიანი თამაშის რაობაზე აღარ შევჩერდებით _ ცხრილიდან ყველაფერი კარგად ჩანს. ჩემპიონობისთვის ბრძოლა ქულა-ქულაში მიდის, პარასკევს ერთ-ერთი მეტოქის მოგება კი კონკურენტის ჩამოშორებას ნიშნავდა. ფრე ის შედეგი იყო, რომელმაც, ალბათ, ორივე გუნდი დააკმაყოფილა _ დინამო იმიტომ, რომ თავიდან მიღებული გოლის მიუხედავად, უახლოეს მდევართან არ წააგო; დილა კი იმად, რომ ლიდერს სტუმრად არ დაეჩაგვრინა და თბილისდან ქულა წაიღო. 

მატჩი დილას მცირე უპირატესობით დაიწყო, თუმცა მალე შედეგშიც აისახა: მარჯვენა ფლანგიდან დინამოს საჯარიმოში მარიჩის ჩაწოდებულ ბურთი ერთ-ერთ ფეხბურთელს მოხვდა და ჰრდლიჩკასთვის აუღებელი აღმოჩნდა. მოგვიანებით კი დავაზუსტეთ, რომ ის "ერთ-ერთი" ფეხბურთელი დინამოს ცენტრალური მცველი გველესიანი ყოფილა. არადა, მარიჩმა გოლი აღნიშნა, ნახევარმა სტადიონმა მეგოლედ სწორედ ის ჩათვალა. გოლის შემდეგ გორელთა ლეგიონერმა ჯერ სათადარიგოთა სკამამდე ირბინა 40 მეტრი, შემდეგ კი გზა განაგრძო და საპირისპირო კარის უკან თავისი გუნდის ქომაგებთან გაიხარა. 

დილამ თითქოს საქმის ნახევარი გააკეთა, თუმცა მათი მეტოქე დინამო იყო, რომელიც სტუმრებს მაშინვე გაშმაგებით ეკვეთა და მომენტი მომენტზე შეუქმნა, თანაც ისეთები, ოდნავი გამართლების შემთხვევეში გოლად რომ გარდასახავდა. ცინცაძის ჯარიმიდან დარტყმულიც ცალკე უნდა აღინიშნოს, დილა-დინამოს გამათანაბრებელ გოლს სასწაულებრივად რომ გადაურჩა. ტრავმის შემდეგ მოედანს დაბრუნებული პაპუნაშვილის დარტყმაც სათქმელია... დინამოს გოლს დიდხანს არ დაუყოვნებია: ზესტაფონიდან ზამთრის შესვენებაზე დინამოში გადაბარგებულმა ლანჩხუთელმა ჭანტურიშვილმა ჯიღაურის პასითა და გორელი მცველების უფხოობით ისარგებლა და სომხიშვილს მოხდენილად გაუტანა. 

გოლების გაცვლის შემდეგ მეტოქეები თითქოს დაცხრნენ, თუმცა აქით-იქეთ რამდენიმე მწვავე მომენტი კი გაცვალეს. ერთხელ ჩირგაძეს შეექმნა თავისი გუნდის დაწინაურების შანსი, თუმცა კარს ააცილა, შემდეგ კი გორელი ბაგაევი იყო მიზანთან ახლოს, მას საბოლოოდ დარტყმა არ გამოუვიდა. სათქმელია, რომ გორელებმა დინამოს კართან ექვსი კუთხური ჩააწოდა, დინამომ _ ოთხი. ბურთის ფლობის პროცენტული მაჩვენებელი კი მასპინძელთა სასარგებლო იყო _ 62:38. ტაიმის ბოლოს აასეთი მნიშვნელობის მატჩებისთვის დამახასიათებელი კინკლაობაც ვნახეთ _ რენე და მოდებაძე წაეკიდნენ ერთმანეთს და ბოლოს ორივე მსაჯის ნაჩვენები ყვითლების შემდეგ დაშოშმინდნენ. 

შესვენებაზე დინამომ ფეხბურთიდან გივი კვარაცხელია გააცილა. ამ ფეხბურთელს თავის დროზე თბილისელთა რიგებში 130 მატჩი აქვს ჩატარებული და დინამოს დირექტორმა ნიკა ჯღარკავამაც მას სიმბოლურად სწორედ 130 ნომრიანი საკლუბო მაისურა უსახსოვრა. 
შესვენების შემდეგ დინამო უფრო აქტიური ჩანდა. კერ კაკაბაძემ და თოთაძემ დაურტყეს გორელებს. მერე კახა გოგიჩაიშვილმა ჯიღაური კიტეიშვილით შეცვალა. ბუკორაცს კი პარუნაშვილი ამჯობინა. თითქოს შეტევაც უფრო მოქნილი გახდა. ცინცაძემ სომხიშვილს საჯარიმოდან ერთხელაც დაურტყა, დილა ძელმა გადაარჩინა. თითქოს გოლი მომწიფდაო და ჭანტურიშვილმა ერთხელაც იყუჩაღა _ მეკარესთან პირისპირ დარჩენილს გატანა აღარ გასჭირვებია. სათქმელია, რომ საგოლე ეპიზოდში სომხიშვილმაც უდროოდ დატოვა კარი, რითაც ტექნიკურმა ჭანტურიშვილმა ის და დილა, დაცვაში უზუსტობისთვის, ზუსტი დარტყმით დასაჯა. 

მატჩის ბედიც თითქოს გადაწყდაო. დინამო ისე თამაშობდა, უპირატესობის დამთმობი აღარ ჩანდა. გორელებს მძლავრი შეტევისთვის ძალა აღარ ჰქოფნიდათ. ამასობაში კი 80 წუთიც მიილია და... დინამოს კარში ჯერ გვალიამ დაარტყა, შემდეგ ბაგაევმა იაქტიურა და მცველებს ბურთი არ დაანება, ბოლოს კი შეცვლაზე შესულმა ერისთავმა ივარგა და განმეორებითი დარტყმით ანგარიშიც გაათანაბრა.
გორელებმა დიდად გაიხარეს. მათ თითქოს მეორე სუნთქვა გაეხსნათ. დინამოს მწვავედ შეუტიეს კიდეც და უკვე ისინი იყვნენ ახლოს მესამე გოლთან და ოქროს ქულების მოპოვებასთან, მაგრამ არც მათ გაუმართლათ და საბოლოოდ მივიღეთ კიდეც ეს ლოგიკური 2:2. მთავარი ბრძოლები წინაა.

ლუკა თალაკვაძე