სიახლეები

სერია შეწყდა, ლიდერობაც დასრულდა

გაუზიარე

3 აპრილი. ქობულეთი. „ჩელე არენა“. 4000 მაყურებელი

დინამო ბთ-ტორპედო 2:3

1:0 ტატანაშვილი (8), 1:1 ადამაძე (68), 1:2 კირკიტაძე (75), 1:3 კვერნაძე (82), 2:3 შონია (89) 

დინამო ბთ: ალავიძე, ტეტუნაშვილი, მახარაძე, ქორიძე, სუხიაშვილი, შონია, ვარშანიძე (მუჯირი 77), დიასამიძე (აბუსელიძე 83), ქავთარაძე (მაკარიანი 50), ბერიაშვილი, ტატანაშვილი

სათადარიგოები: მამინაშვილი, თევდორაძე, გოგიტიძე, მგელაძე

მწვრთნელი: ლევან ხომერიკი

ტორპედო: შეყრილაძე, ადამაძე, მირცხულავა, ქიმაძე, იოსელიანი, ზ. ჭელიძე, მამასახლისი (ბაბუნაშვილი 68) კლიმიაშვილი, კირკიტაძე, ტუღუში (გოგუაძე 46)  კვერნაძე (ქებაძე 83) 

სათადარიგოები: შევჩენკო, ჩიკვილაძე, მახვილაძე, ზივზივაძე

მწვრთნელი: გიორგი დარასელია

გაფრთხილება: ქორიძე (57) კლიმიაშვილი (71) მახარაძე (90) მუჯირი (90) 

არბიტრი: გ. ყრუაშვილი

შეხვედრამ  „ჩელე არენაზე“ 5000 გულშემატკივარს მოუყარა თავი. ამ მატჩისადმი გამოწვეული დიდი ინტერესი, პირველ რიგში, ბათუმელთა ბოლოდროინდელი წაუგებელი სერიით უნდა აიხსნას. ამ წარმატებული სერიის შეწყვეტა  გიორგი დარასელიას გუნდმა შეძლო და ის დადებითი ბალანსი შეინარჩუნა, რაც ქუთათურებს ბათუმის დინამოს მიმართ აქვთ. 
პირველი ხიფათი შეყრილაძის კართან მასპინძლებმა პირველივე წუთზე შექმნეს - გიორგი ბერიაშვილის დარტყმული კარს დიდი მანძლით ასცდა. ორ წუთში უკვე ნიკა დიასამიძე ურტყამდა საჯარიმოს ხაზიდან, მიზანში ვერც მისი დარტყმული მოხვდა, თუმცა სწრაფი გოლის გატანა ლევან ხომერიკის შეგირდებმა მაინც შეძლეს. მე-8 წუთზე სუხიაშვილმა მარცხენა ფლანგიდან ჩააწოდა, ტორპედოს მცველებს ტატანაშვილის მეურვეობა დაავიწყდათ და დინამოს ფორვარდმა თავური დარტყმით ანგარიში გახსნა. ტორპედოს შეტევების მთავარი ორგანიზატორი ამ მატჩში გამოცდილი ირაკლი კლიმიაშვილი გახლდათ, სწორედ ამიტომ ძირითადი დატვირთვა შეტევის მარცხენა ფლანგზე მოდიოდა. მე-12 წუთზე კლიმიაშვილის მიერ  სახიფათოდ შესრულებული სტანდარტი ალავიძემ მოიგერია. ტაიმის შუაწელში მოედნის ცენტრში დიდი ბრძოლა გაჩაღდა და ბევრი სტანდარტული გათამაშდა. დიასამიძის ჩაწოდების შემდეგ ტატანაშვილი ქუთაისელთა საჯარიმოში ისევ მარტო აღმოჩნდა, მაგრამ ამ შეთხვევაში ბურთს თავი უხეიროდ დაუხვედრა. 
თამაში სიხისტით გამოირჩა და პირველ რიგში ამით ბათუმელები დაზარალდნენ. 30-ე წუთზე გიორგი ქავთარაძემ მიიღო მიიღო ტრავმა და მწვრთნელებს მისი შეცვლა მეორე ტაიმის განახლებისთანავე მოუხდათ. როგორც შემდეგ გაირკვა, ქავთარაძეს კუნთი გაეჭიმა და მოედანს მომდევნო ტურში დაუბრუნდება. პირველ ტაიმში ბათუმელთა მე-5 ნომერს თავის გამოჩენაც შეეძლო, მაგრამ ბერიაშვილის გადაცემის შემდეგ მისი დარტყმული შეყრილაძის კარს დიდი მანძილით აცდა. 33-ე წუთზე იგივე ბედი ეწია თემურ შონიას დარტყმულსაც. 36-წუთზე შეტევა ქუთაისელთა სახიფათო შეტევა ისევ მარცხენა ფლანგიდან წარიმართა, ქიმაძემ კარის მიმართულებით დაარტყა და ეპიზოდს კვერნაძე ასრულებდა, რომ არა ალავიძის კარგი თამაში გამოსვლაზე ტორპედო ანგარიშის გაქვითავდა. ტაიმის ბოლოს დიასამიძის კიდევ ერთ სტანდარტულს ტატანაშვილი ვარდნაში  აგვირგვინებდა, მისი თავური მიზანს ასცდა. 
მეორე ტაიმი იმავე ტემპში გაგრძელდა - ბრძოლა და სტანდარტულები. 54-ე წუთზე დიასამიძის მიერ ახლო მანძლიდან შესრულებელი საჯარიმო შეყრილაძემ იოლად აიღო. იმავე დიასამიძის აქტიურობას მარცხენა ფლანგზე კიდევ ერთი სახიფათო ეპიზოდი მოჰყვა. მისი გადაცემის ადრესატი გიორგი ბერიაშვილი საჯარიმოში კარგადაც დატრიალდა, მაგრამ დარტყმას პასი არჩია, თემურ შონიას ტექნიკური დარტყმა მირცხულავს მოხვდა და კუთხურზე გადავიდა. კუთხურიდან მოწოდებული ტორპედოს მცველებმა გამოიტანეს და სწრაფი კონტრშეტევა წამოიწყეს, რამდენიმე გადაცემის შემდეგ ალავიძესთან პირისპირ კირკიტაძე აღმოჩნდა. ბათუმელთა კიპერმა კიდევ ერთხელ გვიჩვენა, თუ რატომ იხმეს რამდენიმე დღის წინ ეროვნულ ნაკრებში -  კირკიტაძის შორეულ კუთხეში დარტყმული მან ნახტომში მოიგერია.  ეს შეტევა ტორპედომ მაინც გოლით დაასრულა. კლიმიაშვილმა კუთხური შორეულ ძელთან მოაწოდა, ჭელიძემ ბურთი საჯარიმოში დააბრუნა და ეულად დარჩენილმა ადამაძემ თავური დარტყმით ანგარიში გაათანაბრა - 1:1. გოლის მომენტში ალავიძეს გამოსვლაზე მეტი დამაჯერებლობა მართებდა. 
რიონისპირელთა შეტევები მეორე ტაიმში დავით კირკიტაძისა და ირაკლი კლიმიაშვილის დუეტზე აეწყო, შეტევების მიმართულებამ ამჯერად უკვე მარჯვენა ფლანგზე გადმოინაცვლა. ქუთაისელთა მეორე გოლი ბექა ვარშანიძის მიერ ცენტრში ბურთის დაკარგვას მოჰყვა, მერე ჭელიძის გადაცემის შემდეგ სუხიაშვილი შეცდა, ბათუმელთა მარცხენა მცველმა ბურთი მეტოქეს ჩააბარა, რის შედეგადაც ალავიძესთან პირისპირ კირკიტაძე აღმოჩნდა, ამჯერად ტორპედოს ნახევარცველს მეტი დრო და სივრცე ჰქონდა რითაც ჩინებულად ისარგებლა და ტორპედო წინ გაიყვანა. 
დინამოს სამწვრთნელო შტაბმა თამაშის მოსატრიალბლად  მოედანზე გამოცდილი ამირან მუჯირი გამოიყვანა და მესამე ფორვარდის აბუსელიძის დამატებაც იგეგმებოდა, თუმცა ამის საჭიროებამ 82 წუთზე აზრი დაკარგა. კირკიტაძემ მარჯვენა ფლანგზე ისევ იაქტიურა, საბოლოო ჯამში საჯარიმოს მისადგომებიდან გოგუაძემ დაარტყა, მისი გასროლის მოგერიება ალავიძემ რის ვაივაგლახით მოახერხა, მაგრამ დამატებაზე ყველაზე სწრფი კვერნაძე აღმოჩნდა, რომელმაც ბურთი ცარიელ კარში შეაგორა და ბომბარდირთა სიაში მესამე ადგილზე დამკვიდრდა. შეხვედრის ყველაზე ლამაზი გოლი 89-ე ბათუმელთა ნახევრმცველმა თემურ შონიამ გაიტანა, დაახლოებით 30 მეტრიდან უძლიერესად დაარტყა და მატჩში ინტრიგა დააბრუნა. ყრუაშვილის მიერ კომპენსირებული სამი წუთი  ქუთაისელებმა კუთხურის ალამთან გაატარეს და დრო გაიყვანეს, ამ ეპიზოდში მუჯირმა და მახარაძემ მსაჯს ყვითელი ბარათები გამოსტყუეს და შედეგად, დინამოს კაპიტანი მახარაძე გუნდს მომავალ ტურში, სამტრედიასთან მატჩში დააკლდება. 
საბოლოოდ, ჯამში ჩელე არენას ტაბლოზე ანგარიში 2:3 დაფიქსირდა, რაც დინამოს 11 მატჩიანი წაუგებელი სერიის შეწყვეტასა და ჩემპიონატის ლიდერის ცვლილებას ნიშნავს. 

ბესი ჩიბურდანიძე ქობულეთიდან