სიახლეები

იაშვილის პირველი და ოთხმოცდამეხუთე

გაუზიარე

3 აპრილი. სამტრედია. „ეროსი მანჯგალაძე“. 1500  მაყურებელი

სამტრედია - შუქურა  4:1  

1:0 გორგიაშვილი (4), 2:0 იაშვილი (52), 2:1 პაულო ვიქტორი (64), 3:1 დოლიძე (77), 4:1 კაპანაძე (87)

სამტრედია: მუჯრიშვილი, კაკუბავა, ხიზანიშვილი, ბეჭვაია, გ.თევზაძე, იაშვილი (შარიქაძე 79), დოლიძე (გაბედავა 88), დათუნაიშვილი, გეწაძე, გორგიაშვილი (ბოლქვაძე 73), კაპანაძე

სათადარიგოები: თევდორაძე, შალიკაშვილი, თორნიკე გრიგალაშვილი, ი. კერძევაძე

მწვრთნელი: ზაზა ზამთარაძე

შუქურა : ჯიოევი, ჩალაძე (ხუჭუა 83), გ. გურული, ხოჭოლავა, ტვილდიანი, კუხიანიძე, პუკანიჩი, ლუიზინიო (ჩაფიძე,46), თუხარელი,
პაულო ვიქტორი (მეტრეველი 68), ჩელებაძე 

სათადარიგოები: კაკალაძე, მალანია, ზ. ტუღუში, კოპალიანი

მწვრთნელი: გელა სანაია

მსაჯი: გიორგი ვადაჭკორია

გაფრთხილება: თევზაძე (14), კუხიანიძე (45), შარიქაძე (82)

ამ მატჩისადმი განსაკუთრებული ინტერესი რამდენიმე გარემოებით იყო გამოწვეული, უპირველესად, მეტოქეთა სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე. მართალია,  არასტაბილურად მოთამაშე სამტრედია საკმაოდ დაშორდა დაწინაურებულ ტრიოს, მაგრამ მდგომარეობის გამოსწორებისა და მედლების მოპოვების იმედი, ცხადია, არ გადაუწურავს. წინა ხუთ ტურში ოთხჯერ მომგები შუქურას მოტივაციაც გასაგები გახლდათ. ზღვისპირელებს თამაშის მადა გაეხსნათ, მათ დიდი ნახტომი გააკეთეს სატურნირო ცხრილში და მორიგი გამარჯვების შემთხვევაში იგივე სამტრედიასთან ჩამორჩენა მინიმუმადე დაჰყავდათ. და, რაღა თქმა უნდა, მწვრთნელების ფაქტორი. იმერული კლუბის ამჟამინდელი  თავკაცი თავის წინამორბედს უპირისპირდებოდა. გეხსომებათ, ზაზა ზამთარაძემ შუა  პირველ წრეში ჩაიბარა გუნდი გელა სანაიასგან, რომელიც მეორე წრიდან უკვე ზღვისპირული კლუბის დამრიგებლად მოგვევლინა.
წინასწარ ვიტყვით, ამ შეხვედრაში მაინცდამაინც დიდი ბრძოლა ვერ ვიხილეთ. სამტრედიამ  ჩემპიონატის მეორე წრეში თავისი საუკეთესო მატჩი ჩაატარა, მეტოქე აშკარად დაჯაბნა და თავისი  სათამაშო უპირატესობა ანგარიშშიც ასახა. ყველაფერ ამაზე, ალბათ, მასპინძელთა სწრაფმა გოლმაც იმოქმედა, თუმცა მანამდე...
თამაში ორი წუთის დაწყებული იყო, როდესაც სტუმრებმა სწრაფი შეტევა განახორციელეს, თორნიკე თუხარელმა მარჯვნიდან დააპირა მეტოქის საჯარიმოში შეჭრა, მაგრამ გვერდით ხაზთან ახლო იგი მცველმა წააქცია. სტანდარტულის შესრულება გიორგი ჩელებაძემ ითავა. კუთხე საკმაოდ მახვილი გახლდათ. ქობულეთელთა კაპიტნის ოსტატურად დარტყმული  მცირედით ასცდა მიზანს. ჰოდა,  მასპინძლებმა ბევრი არ დაახანეს, საპასუხო იერიში განავითარეს და დაწინაურებაც  მოახერხეს. გრიგოლ დოლიძემ მარჯვნიდან ზუსტი პასი გაუკეთა თორნიკე გორგიაშვილს, რომელმაც საჯარიმოში მიიღო ბურთი, სწრაფად დაამუშავა და მიუხედავად იმისა, რომ  მცველები ეფარებოდნენ,  აუღებელი დაურტყა აზამატ ჯიოევს. 
გატანილმა ბურთმა მეტი დამაჯერებლობა შემატა მასპინძლებს, თამაში მათი კარნახით გაგრძელდა, თუმცა დროდადრო შუქურაც აქტიური გახლდათ. მე-17 წუთზე მიშა მუჯრიშვილს გიორგი კუხიანიძის სახიფათო დარტყმის მოგერიება მოუხდა. მალევე თავისიანები გოლისგან გიორგი გურულმა იხსნა, როდესაც თავით გამოიტანა რევაზ გეწაძის მიერ მახვილი კუთხიდან ძლიერად დარტყმული.  მერე, იმავე გეწაძის გადაცემის შემდეგ ალექსანდრე იაშვილმა გაისროლა სახიფათოდ ჯიოევის კარის მიმართულებით, თუმცა მიზანს ვერ უწია.
სამტრედიელები სწრაფად, გააზრებულად მოქმედებდნენ, მათი ყოველი შეტევა ხიფათის შემცველი გახლდათ. 30-ე წუთზე თორნიკე კაპანაძემ ოდნავ გადააცილა ხარიხას, მერე კი მანვე იაშვილს დაუგდო დასარტყმელად, რომელმაც მოჭრილად გაგზავნა კარისკენ, მაგრამ ბურთმა გარედან ჩაუქროლა ძელს. ამასობაში ზღვისპირელებმაც შექმნეს საგოლე მომენტი. ადრიან პუკანიჩის პასით ჩელებაძე გავიდა ხელსაყრელ პოზიციაზე, მაგრამ არაზუსტად დაარტყა. შესვენებამდე ერთი წუთით ადრე  მასპინძელთა შეტევა დიდი დავიდარაბით დასრულდა. იაშვილმა, რომელიც საოცრად აქტიურად და ნაყოფიერად მოქმედებდა ამ შეხვედრაში, გრძელი პასით დოლიძე გაიყვანა გარღვევაზე, ეს უკანასკნელი, ფაქტობრივად, მეკარესთან პირისპირ გადიოდა, ჯიოევიც მდგომარეობის განსამუხტად საკმაოდ შორს გამოვიდა კარიდან მოიერიშესათვის ბურთის ასართმევად, თუმცა ვერ დაეუფლა, წაქცეული კიპერისგან  ბურთი ისევ დოლიძეს მიუვიდა, დაუცველ კარში გატანას რაღა უნდოდა, მაგრამ  დოლიძე მსაჯის სასტვენმა შეაჩერა, სამტრედიელს ჯიოევის მიმართ ჯარიმა დაუფიქსირდა. ვადაჭკორიამ ეს გადაწყვეტილება თავისი ასისტენტის, ვარამიშვილის  მოთხოვნით  მიიღო. გვერდითის ამ მოქმედებას მასპინძელთა ხმაურიანი პროტესტი მოჰყვა. ისინი  ამტკიცებდნენ, რომ დოლიძეს თამაშის წესი არ დაურღვევია... ვნებათაღელვამ მოედნიდან  ტრიბუნაზე გადაინაცვლა, იქამდე, რომ სამტრედიელი ქომაგები თამაშის ბოლომდე აუგად მოიხსენიებდნენ ასისტენტს.
მეორე ნახევარში მასპინძეთა უპირატესობა მეტად გამოიკვეთა. ჯიოევის კარს მუდმივად ექმნებოდა საფრთხე. სტუმრები აშკარად გადაურჩნენ გოლს, როცა გეწაძემ გაჭრა კარის გასწვრივ და კაპანაძეს წამით დააგვიანდა ბურთზე.  52-ე წუთზე კი  სამტრედიელებმა მეორედ აიღეს მეტოქის კარი. თავი იაშვილმა გამოიჩინა, მისი ახლოდან დარტყმული ჯიოევისთვის მიუწვდომელი აღმოჩნდა. ეს გოლი პირველი გახლდათ „იაშკასთვის“  ეროვნულ ჩემპიონატში დაბრუნების შემდეგ და 85-ე საერთოდ ეროვნულების ისტორიაში. წინა, 84-ე, მას 18 წლის წინ ჰქონდა გატანილი.
2:0-ზეც სამტრედია  აქტიურობდა. 54-ე წუთზე დოლიძემ შეუტია მარჯვენა ფრთიდან, კარგადაც გაჭრა საჯარიმოში, მაგრამ გიორგი დათუნაიშვილი ბურთს დასარტყმელად ვერ მისწვდა. ცოტა ხანში არც კაპანაძეს გაუმართლა, „ელვამ“ ახლოდან ხარიხას გადააცილა. ეფექტური გახლდათ დოლიძის მიერ განხორციელებული შორეული დარტყმა, თუმცა მანაც ვერ უწია ჩარჩოს.
მერე სტუმართა ჯერიც დადგა. მათ რამდენიმე შეტევა განახორციელეს და ერთ-ერთი მათგანი პაულო ვიქტორის გოლით დასრულდა. ანგარიშში სხვაობა შემცირდა და თამაშიც გამძაფრდა, ოღონდ სამტრედიელებს ინიციატივა არ დაუთმიათ. 72-ე წუთზე  ხიზანიშვილი-კაპანაძე -იაშვილის კომბინაცია ამ უკანასკნელის  კარისკენ დარტყმით დასრულდა,  თუმცა მასპინძლები კუთხურსღა გამორჩნენ. ამ ეპიზოდიდან  ხუთ წუთში კი ულამაზესი გოლი გამოცხვა, დოლიძემ  ერთობ მახვილი კუთხიდან ყუმბარისეული დარტყმით  შეარხია ქობულეთელთა კარის ბადე. ამით სტუმრებმა თამაშის გადარჩენის იმედი დაჰკარგეს.  
დარჩენილ დროში უპირატესობას ისევ სამტრედიელები ფლობდნენ. გეწაძის გამოზომილი გადაცემის შემდეგ  შუქურას კარი მაღალ ნახტომში თავურით კაპანაძემ დალაშქრა - 4:1. არბიტრის მიერ დამატებულ დროში ლევან შარიქაძის გადაცემის შემდეგ გეწაძესაც უნდა გაეტანა, თუმცა მის მიერ ახლოდან დარტყმულს ჯიოევი გადაეღობა.
სამტრედიამ  მნიშვნელოვანი გამარჯვება ჩაიწერა აქტივში, რაც ჩიხურასთან  თასის ნახევარფინალის პირველი, გასვლითი  მატჩის წინ კარგ სტიმულად  უნდა გამოდგეს გუნდისთვის.  

იუზა კაციტაძე სამტრედიიდან
ავტორის ფოტო